საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნამახვანჰესი აღარ აშენდება - „ენკა“ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:44 - 22 სექტემბერი 2021 hits 35547

თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც შპს „ენკა რინიუებლზის“ 90 %-იან წილს ფლობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ კომპანია „ენკასგან“ ნამდვილად მიიღეს წინასწარი შეტყობინება ერთი თვის შემდეგ ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

„ენკა რინიუებლზი“ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებს.

„მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ. მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი  პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე, ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტების მიერ ხეობის შესასვლელების ბლოკირების გამო, რამდენიმე თვეა შეწყვეტილია. ნამახვანჰესის სამშენებლო ნებართვები და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოშია გასაჩივრებული. სამუშაოების დიდი ნაწილის უკანონოდ ჩატარების გამო კომპანია დაჯარიმდა კიდეც.

„ენკა“ არ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესში, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეწყობით მიმდინარეობდა. „მთის ამბები“ ერთი თვის წინ წერდა, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის მშენებლობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

 

 

ამ თემაზე:

რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ევროპულ კანონმდებლობას

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში