საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

იქმნება ერუშეთისა და რაჭის ეროვნული პარკები, ასევე 5 ახალი აღკვეთილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:04 - 12 თებერვალი 2019 hits 18629

საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთსა და რაჭაში ახალ დაცულ ტერიტორიებს ქმნის. ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, 11 680 ჰექტარ ტერიტორიაზე ერუშეთის ეროვნული პარკი იქმნება, ონის მუნიციპალიტეტში 64 164 ჰექტარზე კი რაჭის ეროვნული პარკი.

კანონპროექტის მიხედვით, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა. ასევე, დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან.

ერუშეთის ეროვნული პარკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან 524 ათასი ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება რაჭის ეროვნულ პარკს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვასა და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაჭის ეროვნული პარკისთვის (თანამშრომლების ხელფასები, სხვა საქონელი და მომსახურება, კაპიტალური ხარჯი) დაახლოებით 1 107 800 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებსაც აფართოებს - იქმნება 4 ახალი აღკვეთილი: ფარავნის ტბის აღკვეთილი - 4106 ჰა; საღამოს ტბის აღკვეთილი - 677 ჰა; ავჭალის ტბის აღკვეთილი - 280 ჰა; აბულის ტბის აღკვეთილი - 211 ჰა.

2015 წელს, სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი მტკნარი წყლის არეალების (KBA) შეფასებისას, დადგენილ იქნა 35 წერტილი. აქედან ერთ-ერთია ჯავახეთი-არფის ტერიტორია, რომელიც მოიცავს ფარავნის და საღამოს ტბებს, როგორც მნიშვნელოვან ჰაბიტატს ამიერკავკასიური ენდემებისა და კალმახის კონსერვაციის თვალსაზრისით.

აბულის, ავჭალის, საღამოსა და ფარავნის ტბები თავისი აკვატორიით და მიმდებარე ტერიტორიით უმნიშვნელოვანესი ლიმნოლოგიური ობიექტებია, სადაც ერთდროულად თავს იყრის რამდენიმე საინტერესო ფენომენი: ტბების გენეზისი, ჰიფსომეტრიული მდებარეობა, მიმდებარე ჭარბტენიანი ტერიტორიები, თერმული რეჟიმი, ევტროპიკაციული პროცესები, სარკის ფართობები (საქართველოში ყველაზე დიდი ტბა), წყალცვლის რეჟიმები და ანტროპოგენური ზემოქმედება.

კიდევ ერთი ახალი, რიონის აღკვეთილი იქმნება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, 624 ჰა ტერიტორიაზე.

მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც შემორჩენილია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და ჯერ კიდევ ხდება მათი ბუნებრივ გარემოში გამრავლება. რიონში ზუთხისებრთა სატოფო ადგილები ვრცელდებოდა თითქმის 57 კილომეტრის მანძილზე. დღეისათვის ზუთხისებრთა ისტორიული ტოფობის ადგილებიდან მდინარე რიონში შემორჩენილია მხოლოდ 9 კილომეტრიანი (16%) მონაკვეთი, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარეობს.

საქართველოში ზუთხისებრთა ექვსი სახეობაა გავრცელებული: სვია (Huso huso); რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedtii); ტარაღანა (Acipenser stellatus); ჯარღალა (Acipenser nudiventris); ევროპული (ატლანტური) ზუთხი ანუ ფორონჯი (Acipenser sturio) და კოლხური ზუთხი (Acipenser persicus colchicus). ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ყველა სახეობა გლობალურად გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება, რისი ძირითადი მიზეზებიცაა წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო მდინარეთა რეგულირება, ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში