საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ფიჭვნარს განადგურება ემუქრება – მდგომარეობა კატასტროფულია!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:31 - 14 ოქტომბერი 2013 hits 7168

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარს განადგურება ემუქრება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მდგომარეობა კატასტროფულია. თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ კი წითელთა, ქუე და სოფლების: შენაქოს, დიკლოს, ცოკალთასა და ხისოს მიმდებარე ფიჭვნარი ხეების 70% დაზიანებულია ლაფნიჭამიას მიერ. ექსპერტების დასკვნით, მსგავსი დაზიანებები იწვევს წიწვების ხმობას და საბოლოოდ, ფიჭვების მთლიან განადგურებას.

თუშეთის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სახის მავნებლისა და სოკოსაგან დაზიანებული სოსნოვსკის ფიჭვის ეკოსისტემების გამოკვლევა, 2013 წლის ივლისში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. კვლევა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის სპეციალისტებმა ჩაატარეს და მასში ავსტრიელი ექსპერტ-ფიტოპათოლოგი, დოქტორი ქრისტიან ტომიჩეკიც მონაწილეობდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ფიჭვნარი ხეების 70% დაზიანებულია ქერქიჭამიების ოჯახის წარმომადგენლების - ფიჭვის პატარა და დიდი მებაღის (ლაფნიჭამია) მიერ.

მეტყევე ენტომოლოგი არჩილ სუპატაშვილი, რომელიც მკვლევარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ფიჭვნარებში საკმაოდ მაღალ დონეზეა ანტისანიტარია, პირველ რიგში ჩახერგილობის სახით; მისივე თქმით, ამას ემატება ზეხმელი ხეების არსებობა, რამაც ხელი შეუწყო პირველადი თუ მეორადი მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

„ფიჭვნარების გარკვეული რაოდენობა - 4350 ჰა - სტრესულ მდგომარეობაშია, რაც  გამოწვეულია ძირითადად ფიჭვის პატარა მებაღის მასობრივი გავრცელებით.

ამჟამად აღინიშნება ფიჭვების ერთეული  ხეებისა და პატარა ჯგუფების ხმობა; აგრეთვე მნიშვნელოვან ფართობებზე ყლორტების შეკრეჭა (ხმობა) და ფიჭვის კორომების მასობრივად ფერის შეცვლა“, – აღნიშნავს არჩილ სუპატაშვილი, სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი.

სპეციალისტების თქმით, ფიჭვის პატარა მებაღის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ფიჭვის მთავარი ღეროდან გამოფრენის შემდეგ, დამატებითი კვების მიზნით, ის შეიჭრება ახალ ყლორტებში, რის შედეგადაც ყლორტები ხმება (ამითაა გამოწვეული წიწვების მასობრივად ფერის  შეცვლა) და ძლიერი ქარის შემდეგ ტყდება ანუ იკრიჭება; ასეთი მოვლენები – ფერის შეცვლა განსაკუთრებით შეიმჩნევა ცოკალთა-ქუმელაურთას მიმდებარედ,  კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე (ფიჭვნარ-არყნარი) და დიკლო შენაქოს (სონეხი) ტერიტორიებზე.

კვლევის შედეგების მიხედვით, ჯერჯერობით, დაზიანებულ კორომებში ხმობის ინტენსივობა სუსტია – 10%-მდე, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მდგომარეობა შეიცვლება უარესობისაკენ ანუ ხმობა ძლიერ მოიმატებს თუ სერიოზული ბრძოლის ღონისძიებები არ გატარდა.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ნანი გოგინაშვილის განცხადებით, ფიჭვის პატარა მებაღის წინააღმდეგ ღონისძიებები უნდა ჩატარდეს 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც შედეგები გვაჩვენებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ სერიოზული მდგომარეობის განმუხტვა.

ტყის დამცველთა შეფასებით, თუშეთის ფიჭვნარების გაჯანსაღების ღონისძიებები უნდა წარიმართოს ორი მიმართულებით: კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ფიჭვის პატარა მებაღის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა გატარება.

დასკვნის მიხედვით, მისადგომ ადგილებში აუცილებელია ჩატარდეს ამორჩევითი სანიტარიული ჭრები; მოიჭრას ყველა გამხმარი ხე და გამოტანილი იქნეს ტყიდან ჭრის არსებული წესების დაცვით; ასევე, უნდა გაიწმინდოს ტყეები ჩახერგილობებისაგან, რაც მავნებელდაავადებათა გაჩენისა და რეზერვაციის კერებს წარმოადგენს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, მიუდგომელ ადგილებში, სადაც შეუძლებელია საჭერი ხეების მოწყობა და შემდეგ მოჭრა, გაქერქვა და გამოტანა, საჭიროა ფიჭვის პატარა მებაღის წინააღმდეგ 2-3 წელს გამოყენებული იქნეს მისი ფერომონები (პრეპარატები, რომლებიც სპეციფიკური სუნით იზიდავს მწერებს).

„წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ აუწერელ ზარალს ანუ განადგურდება თუშეთის ულამაზესი ფიჭვნარები, რომლებიც ასრულებენ წყალშენახვით, ნიადაგდაცვით, ზვავსაწინააღმდეგო, ეროზიისაგან დაცვისა და სხვა სასიკეთო თვისებებს“,

– აღნიშნავს სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნანი გოგინაშვილი.

სპეციალისტები ვერ აკონკრეტებენ, რა მოცულობის ხე-ტყე უნდა იქნას მოჭრილი სანიტარიული ჭრის მიზნით, დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიიდან. „კვლევა არ ითვალისწინებდა დაწვრილებითი ტყეთმოწყობის სამუშაოებს, რის საფუძველზეც კონკრეტულად განისაზღვრებოდა ხმელი ხეების რაოდენობა და მოცულობა. მიზანშეწონილია, სახელმწიფო ნაკრძალის იმ ფართობებს, რომელზედაც რეკომენდირებულია ჩატარდეს ჭრა, დროებით შეეცვალოს სტატუსი მანიპულაციური ჩარევისა და სანიტარიული ჭრების ჩასატარებლად“, –ამბობს არჩილ სუპატაშვილი.

სატყეო ინსტიტუტის ინფორმაციით, მავნებელი – პატარა მებაღე, თუშეთის ფიჭვნარებში 1999 წლიდან გამოჩნდა. 14 წლის განმავლობაში ამ მავნებლის წინააღმდეგ არანაირი, არც პროფილაქტიკური, არც მიზნობრივი ღინისძიებები არ გატარებულა.

„ამან მიგვიყვანა დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობამდე. მავნებელი თავიდან რომ სახლდებოდა (მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე) დასუსტებულ, ახლად მოთხრილ თუ მოტეხილ ფიჭვის ხეებზე, დღეისათვის მან შეიცვალა თუშეთის პოპულაციაში ბიოლოგიის ზოგიერთი მომენტები თავისუფალი გამრავლებით და სახლდება ზეზემდგომ საღ ხეებზე და მიჰყავს გახმობამდე, რასაც ხელს უწყობენ მეორადი მავნებლები“, – აცხადებს ბიძინა თავაძე, სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების მეცნიერ – თანამშრომელი.

სპეციალისტების თქმით, აღნიშნული მავნებლების პოპულაციის მკვეთრი მატება დაკავშირებულია კლიმატურ ცვლილებებთან და მწერებისათვის დამახასიათებელ პერიოდულ რიცხოვნობის ზრდასთან, რომელიც დაახლოებით 20-22, ზოგჯერ 24  წელიწადში ერთხელ ხდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში