საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არ ენდოთ ხორვატიულ კომპანიას, რომელიც მთის გზებს „აპროექტებს“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:49 - 01 მაისი 2018 hits 12527
პროექტის გაცნობა ბარისახოში საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ
გარემოს დაცვა
პროექტის გაცნობა ბარისახოში საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ

ჯუთა-როშკას საავტომობილო გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში შესრულებულია ძალიან დაბალ დონეზე, არ ეფუძნება არანაირ კვლევას და გადაწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შესრულებული გზშ-ს ანგარიშებიდან. დაახლოებით 5 მილიონიანი ტენდერის პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებული არ არის, - გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების შესაძლო არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის დაპროექტებაზე განმეორებითი ტენდერი 2016 წლის 13 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა. დეპარტამენტმა ჰოლანდიური კომპანიის „Antea Nederland B.V.“-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუნკურსო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და დისკვალიფიკაცია მისცა, 16 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე კი საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ხორვატიული კომპანიის ქართული ფილიალი გამოაცხადა „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის შეთავაზებულმა თანხამ 4 986 600 ლარი შეადგინა. კომპანიის ქართული ფილიალი საქართველოში 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული.

ტენდერის მოთხოვნების თანახმად, გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა მოემზადებინა სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია; შეერჩია სხვადასხვა ალტერნატივიდან უპირატესი მიმართულება და მოემზადებინა დეტალური პროექტი; ასევე, სრულყოფილი ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნებოდა უპირატესი მიმართულების საინჟინრო-ტექნიკური ვარიანტები, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები/შეზღუდვები, მოძრაობის ანალიზი, ხარჯთაღრიცხვები, მიგნებები და რეკომენდაციები.

2017 წლის ბოლოს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების პროექტი დაანაწევრეს და საჯარო განხილვებისთვის გზის ოთხი მონაკვეთის (კარკუჩა-ჯუთას, ჯუთა-როშკას, როშკა-ღელისვაკის და ძიბახევი-ხადორის) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები წარმოადგინეს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ მხოლოდ როშკა-ღელისვაკის მონაკვეთზე გარემოს დაცვის სამინისტრომაც კი 26 შენიშვნა მოამზადა და გზების დეპარტამენტს დოკუმენტი უკან დაუბრუნა. სამინისტრო მიუთითებს გზშ-ს ანგარიშში ყალბი მონაცემების გამოყენებაზე, ასევე იმის შესახებ, რომ საინჟინრო - გეოლოგიური კვლევები ვერცერთ საფეხურს ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, სამინისტროს განცხადებით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, ვერ იძლევა მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობას.

 

„მწვანე ალტერნატივას“ კრიტიკული შენიშვნები

კიდევ უფრო მწვავეა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნები ჯუთა-როშკას მონაკვეთის გზშ-თან დაკავშირებით:

ანგარიშის მე-2 თავში აღნიშნულია, რომ გზშ-ს ანგარიში მომზადებულია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ხოლო ცხრილის სახით მოცემულია 22 კანონის ჩამონათვალი. არცერთი კანონი არ არის განხილული იმ კუთხით, თუ რომელ მათგანს შეესაბამება ან არღვევს წარმოდგენილი პროექტი. ამასთან, ჩამონათვალში მოცემულია კანონები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამ პროექტთან, მაგალითად, „საზღვაო კოდექსს“, „კანონს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და სხვა. ხევში, ხევსურეთში, თუშეთსა და ხადორის ხეობაში არც ზღვაა და არც კოლხეთის დაცული ტერიტორია. ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საქართველოს კანონები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შესახებ“, მაშინ, როცა მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელმა გზებმა სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

გზშ-ს ანგარიშის მე-3 თავში აღნიშნულია, რომ „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის ჯუთა-როშკას მონაკვეთი გადის კარკუჩას დასახლებულ პუნქტზე და მიყვება არსებულ გზას ჯუთამდე“. სინამდვილეში, სოფელი კარკუჩა მდებარეობს ჯუთამდე და აქ ჯუთადან როშკამდე მიმავალი გზა ვერანაირად ვერ გაივლის.

ამავე თავში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე, იწყება სოფელ კარკუჩასთან, გრძელდება სოფელ ჯუთამდე და მთავრდება დაუსახლებელ ტერიტორიაზე“. 30-ე გვერდზე მოცემულია ხიდი მდინარე კორაზე (უნდა იყოს მდინარე ყორისწყალი), რომელიც სინამდვილეში მდებარეობს კარკუჩასა და ჯუთას შორის და არა ჯუთა-როშკას მონაკვეთზე.

გზშ-ს ანგარიშში არ არის მოცემული სამშენებლო ბაზებისა და მანქანა-დანადგარების მოედნების განთავსების ადგილმდებარეობა. შეუძლებელია განისაზღვროს მშენებლობის პროცესში საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებით გარემოს დაბინძურების და სამშენებლო ბაზებთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების საკითხი.

თავში „ელექტრომომარაგება“ აღნიშნულია, რომ „სამშენებლო ბაზის ელექტრომომარაგება განხორციელდება არსებული ქსელიდან“. სინამდვილეში, არანაირი არსებული ქსელი საპროექტო ტერიტორიებზე არ არსებობს. „ეს ნათლად მიანიშნებს, რომ არანაირი გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ ჩატარებულა და სანებართვოდ განსაზღვრული დოკუმენტაცია სხვა ანგარიშებიდან არის მექანიკურად გადმოწერილი“, - აღნიშნავს „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი, რომელმაც შენიშვნები მოამზადა.

 ირაკლი მაჭარაშვილი / ფოტო: „ბათუმელები“

გზშ-ს ანგარიშის თანახმად, გზის მშენებლობაზე დასაქმდება 40-50 ადამიანი 7-9 თვის განმავლობაში, ოღონდ მათთვის არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლების მოწყობა, ვინაიდან „მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის საცხოვრებლად გამოყენებული იქნება ახლომდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლები“. საგულისხმოა, რომ საპროექტო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუსახლებელია. ხოლო უახლოესი სოფლებია ჯუთა (ყაზბეგის რაიონში) და როშკა (დუშეთის რაიონში, პირაქეთა ხევსურეთში). არცერთ ამ სოფელში 7-9 თვით 40-50 ადამიანის დასახლების საშუალება და პირობები არ არსებობს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „მშენებლობისთვის საჭირო ბეტონის ნარევი შეტანილი იქნება ბეტონმზიდი მანქანებით, რეგიონში არსებული სხვადასხვა საამქროებიდან“, თუმცა არ არის აღნიშნული, რომელი საამქროებიდან. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, შეუძლებელია განისაზღვროს გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ხასიათი.

ანგარიშში ასევე არ არის განხილული საგზაო სამუშაოებისთვის აუცილებელი ინერტული მასალის კარიერების საკითხები. არადა, კარიერებიდან მასალის მოპოვებას და მის ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ზეგავლენა გააჩნია. ამასთან, კარიერებისა და ქვის სამტეხლოების საკითხის შესწავლა ერთ-ერთი სატენდერო დავალება იყო.

ანგარიშის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში განზრახულია გამომუშავებული უმეტესი ნაწილის ქანების ნაყარის სახით გზის გასწვრივ დატოვება. ამგვარ გადაწყვეტილებას პროექტის ავტორი მაღალი ხარჯებით ხსნის. მოსალოდნელია, რომ განადგურდება საძოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიც, ხოლო ნაწილი შექმნილი ფიზიკური ბარიერების გამო, მიუწვდომელი გახდება ადგილობრივების მსხვილფეხა პირუტყვისთვის. გაუარესებული ლანდშაფტის გამო, ზიანი მიადგება ეკოტურიზმის სექტორს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მცხოვრებლები.

სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად გამოვლინდა სს „იგჰ“ ინსტიტუტი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ალტერნატივების შესწავლას. ანგარიშში არ არის განხილული ადგილმდებარეობისა და ტექნოლოგიური ალტერნატივები.

ანგარიშში პროექტის დადებით მხარეებად აღნიშნულია, რომ „გზის ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ხევსურეთის მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებისთვის სატრანსპორტო გადაადგილების შესაძლებლობას“. სინამდვილეში, ჯუთა-როშკის დაგეგმილი გზა აერთებს ხევის სოფელ ჯუთას ხევსურეთის სოფელ როშკასთან, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს რაიონულ ცენტრთან კავშირის უზრუნველყოფასთან.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე არის კარგად განვითარებული, პოპულარული ეკოტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკები, რომელთა მეშვეობითაც მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტული კომპანიები. საავტომობილო გზის მშენებლობა კი გამოიწვევს ტურისტული პოტენციალის შემცირებას, მთის საძოვრების დეგრადაციას და მძიმე დარტყმას მიაყენებს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებს.

„ადგილობრივი მოსახლეობა და რეგიონში მოქმედი ტურისტული კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ არაერთი შეხვედრა და ინტერვიუ გვქონდა, ადასტურებენ ამას. როგორც ჩანს, გზშ-ს მომზადებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებს საერთოდ არ გაუმართავთ შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. სატენდერო განცხადებაში კი, რომლის საფუძველზეც შეირჩა კონსულტანტი, ნათლად იყო აღნიშნული, რომ შესწავლილი უნდა ყოფილიყო ადგილობრივ თემებთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ტურიზმის საკითხები“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი. მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იზრდება პოლიტიკური რისკები, ვინაიდან რუსეთის სამხედრო ძალებისთვის ლარსის გავლით ადვილად ხელმისაწვდომი ხდება აქამდე მიუვალი ადგილები - პანკისის ხეობის, პირიქითა ხევსურეთისა და თუშეთის ჩათვლით.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ კოდორის ხეობა რუსეთმა მხოლოდ იმის ხარჯზე დაიპყრო, რადგან მანამდე მიუწვდომელ ხეობაში ხაიში ჭუბერის გავლით საავტომობილო გზა შეიყვანეს“.

მართალია გზშ-ს ანგარიში ჯუთა-როშკის გზას ეხება, თუმცა ქვეთავები „სოციალურ-ეკონომიკური გარემო“, „კლიმატი და მეტეოროლოგიური პირობები“, „გეომორფოლოგია და სეისმურობა“, „ჰოდროლოგიური კვლევა“, „ბიოლოგიური გარემო“, „ფლორა და ფაუნა“, „ზურმუხტის ქსელი“, გადაწერილია კარკუჩა-ჯუთას მონაკვეთის გზშ-დან.

„ანგარიშის ეს ნაწილი შესრულებულია უაღრესად არაპროფესიონალურად. საერთოდ არ არის ნახსენები ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი. ტექსტი „კარკუჩა-ჯუთას“ შემაერთებელი გზის გზშ-დან არის უცვლელად გადაწერილი. გზშ-ს ანგარიშში საერთოდ არ არის განხილული ბიომრავალფეროვნების ძალზე მნიშვნელოვანი საფრთხე -სამანქანო მიმოსვლის შედეგად ბრაკონიერობის გახშირება“, - ამბობს მაჭარაშვილი.

აღწერილობით ნაწილში პროექტით განსაზღვრული რეგიონის არც ფიზიკური, არც ბიოლოგიური და არც კულტურული გარემო არ არის აღწერილი.

ძალზე არასრულყოფილი სახით მხოლოდ ხევის ნაწილია აღწერილი. ამასთანავე, გზშ ავტორებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს „გაეპარათ“ ტექსტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ „კარკუჩა-ჯუთა+4 კმ მშენებარე გზის მოცემული მონაკვეთი მდებარეობს ყაზბეგის ეროვნული პარკის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე №45 კვარტლებში, ფართობით 4961 მ2“. საუბარია ჩატარებულ საველე სამუშაოებზე და სატაქსაციო აღრიცხვებზე, რაც ასევე ტოვებს სიყალბის შთაბეჭდილებას.

„გზშ-ს ამ ნაწილის (თავები 6, 7, 8, 9, 10, ასევე 11 – „დასკვნები და რეკომენდაციები“) ხარისხის შეფასება აზრს მოკლებულია. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ

ყველა ეს თავი არანაირ კავშირში არ არის ჯუთა-როშკას საავტომობილო გზის მშენებლობასთან, ვინაიდან, თითქმის უცვლელად არის გადაწერილი როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გზშ-ს ანგარიშიდან.

ეს უკანასკნელი მომზადებულია კომპანია „გამას“ მიერ, მუნიციპალური განვითარების ფონდის შეკვეთით“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ქვეთავი - „კატასტროფული მოვლენების განვითარების რისკების შეფასება“ ასევე აღებულია როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გზშ-ს ანალოგიური სახელწოდების ქვეთავიდან; თუმცა, უფრო „ჭკვიანურად“: წაშლილია სამი აბზაცი, რომელშიც ნახსენებია არხოტი და მდინარე ასა. დანარჩენი ქვეთავები ნუმერაციის შეუცვლელად აქვთ აღებული როშკა-ახიელის გზშ ანგარიშიდან.

ქვეთავში „ზემოქმედება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე“ აღნიშნულია, რომ „ხილული ისტორიულ–კულტურული ძეგლების არსებობა არ ფიქსირდება“. ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, „ეს პატარა ქვეთავიც ასევე სიტყვა-სიტყვით გადმოწერილია როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ს ანგარიშის ქვეთავიდან“.

„საერთოდ არ არის განხილული ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წმინდა ადგილების (ხატების) არსებობა. მსგავსი უპასუხისმგებლობით შესრულებული გზშ-ს შედეგად, როშკა-ახიელის გზამ დააზიანა ხატის ადგილი სოფელ ახიელში. ავტორებს არ აქვთ შესწავლილი კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილები. სულ მცირე, ანგარიშში მოხსენიებული უნდა ყოფილიყო შემდეგი ძეგლები და მათზე შესაძლო ზემოქმედება შეფასებული ყოფილიყო: სოფ. როშკა, ციხე-სახლი (ქვიტკირი), გვიანი შუა საუკუნეები; სოფ. როშკა, დიდგორის წმინდა გიორგის ჯვარი, გვიანი შუა საუკუნეები. კომპლექსი (ხატის დარბაზი,საქვაბე, საზარე და სასანთლე კოშკი); სოფ. როშკა, მთავარანგელოზის ჯვარი, გვიანი შუა საუკუნეები. კომპლექსი (დარბაზი, ბეღელი, ორი სასანთლე კოშკი, საზარე და საბრძოლო კოშკი); სოფ. როშკა, ეკლესია, XIX საუკუნე.

ანგარიშის თანახმად („ზემოქმედება მიწის საკუთრებასა და გამოყენებაზე“), „დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორიები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, თემის ან მოსახლეობის კერძო საკუთრების მიწებზე ან ქონებაზე ნეგატიური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“. არ არის გათვალისწინებული, რომ ხევშიც და ხევსურეთშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციულ საკუთრებას და საპროექტო ტერიტორიის დიდი ნაწილი თემების ტრადიციულ საკუთრებას წარმოადგენს, რომელსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. ასევე აქ არის ადგილობრივი თემებისთვის საკრალური ადგილები, სადაც შესვლა და რაიმე საქმიანობა ადათ-წესებით მკაცრად იკრძალება. აქედან გამომდინარე, ამ ტერიტორიებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე თემების ტრადიციების შენარჩუნების თვალსაზრისით“.

„მწვანე ალტერნატივამ“ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება გაუკეთდეს „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტს“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად; გზის თითოეულ მონაკვეთზე მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები და მათზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად.

ხორვატიული კომპანიის კომენტარი

„მთის ამბები“, გზშ-ს ანგარიშებში ყალბი ინფორმაციის გამოყენებასთან და გარემოსდამცველების კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებით, კომენტარისთვის სს „ინტიტუტი იგჰ“-ს დაუკავშირდა. კომპანიამ კომენტარი წერილობით მოგვაწოდა.

„პროექტი ითვალიწინებს ჯუთა-როშკას სიგრძით კმ 3+900 გზის არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას ღორღოვანი საფარით. აღნიშნული მონაკვეთის გზშ-ს ანგარიში სამინისტროში წარგდენილი იყო წინასწარი განხილვის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2017 წლის დეკემბერში. შესაბამისად, ანგარიში მომზადებულია იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონების „გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ მიხედვით. აღნიშნულ პროექტზე გზშ-ს ანგარიშის კანონით გათვალისწინებული საჯარო განხილვა ჩატარდა 2018 წლის 28 იანვარს.

აღნიშნულ გზშ-ს წინასწარ ანგარიშზე მიღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნები, შესაბამისად, აღნიშნულ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება გზშ-ს საბოლოო ანგარიშში, სადაც აგრეთვე, განხილული იქნება პროექტის ზემოქმედება ეროვნულ (ყაზბეგის ეროვნულ პარკზე) და საერთაშორისო დაცულ ტერიტორიებზე იქიდან გამომდინარე, რომ საპროექტო ტერიტორია ემთხვევა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას, რომელიც ასევე, ემთხვევა „ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი „ჰაბიტატების დაცვის შესახებ" (ბერნის კონვენციის შესაბამისად შექმნილ „ზურმუხტის ქსელის" კანდიდატ საიტს (ყაზბეგი - GE0000009).

ჩატარებული დამეტებითი კვლევების საფუძველზე, ამჟამად მიმდინარეობს გზშ-ს საბოლოო ანგარიშის მომზადება, სადაც ასახული იქნება შენიშვნები და საქმიანობის სახეების მიხედვით მოსალოდნელი ზეგავლენა, სათანადო დასაბუთებებით.

რაც შეეხება გზის გაგრძელებას სიგრძთ დაახლოებით 16 კმ (არსებული საცალფეხო მარშრუტის ალტერნატივა) პროექტზე მუშაობა ჯერ მხოლოდ მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარემოს კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად“.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზაც ამავე კომპანიამ „ინსტიტუტი იგჰ“ დააპროექტა. საპროექტო სამუშაოებისთვის ხორვატიული კომპანიის ქართულმა ფილიალმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ 743 ათასილარი მიიღო.

 

ამ თემაზე:

რატომ ითხოვენ მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას

რით ასაბუთებს მთავრობა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობას - ინტერვიუ

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში