საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მტაცებელთა თავდასხმის პრობლემა არის და ის არ იცდის“ - სამინისტრო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:32 - 19 იანვარი 2017 hits 7670

გარემოს დაცვის სამინისტრო ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც უნდა გამარტივდეს იმ მტაცებელ ცხოველთა ამოღება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს ანდა მის ქონებას. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აზრთა სხვადასხვაობის და მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა. www.mtisambebi.ge საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კარლო ამირგულაშვილს ესაუბრა.

- მტაცებელთა თავდასხმის პრობლემა ნამდვილად არსებობს და ბევრ მუნიციპალიტეტში ეს საკითხი მწვავედ დგას. მტაცებლები თავს ესხმიან შინაურ საქონელს. არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია და ჩვენ დღესაც ვაძლევთ მუნიციპალიტეტებს მტაცებელთა ამოღების უფლებას. ახალი საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაში მე ვგულისხმობდი იმას, რომ ეს არის დროში გაწელილი პროცედურა. ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ისე, რომ სანამ სამინისტრო ნებართვას გასცემს, ამ ხნის განმავლობაში მტაცებელი კიდევ რამდენჯერმე დაესხას თავს შინაურ საქონელს. ახლა ხდება ასე: მზადდება ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც სამინისტრო უგზავნის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტიდან ეს პროექტი უკან, სამინისტროში უნდა დაბრუნდეს და გააჩნია, იქ მტაცებელთა რა რაოდენობის ამოღებაზე იქნება საუბარი, მას სამინისტრო დაეთანხმება ან არ დაეთანხმება. ეს არის დროში ძალიან გაწელილი პროცესი. ჩვენ ვამბობთ, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ კვოტა, რომელიც გარკვეულ კვლევებზე იქნება დაფუძნებული და პრობლემაზე მყისიერი ქმედება შეძლონ. ეს არის მისაღები ფორმა და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. ოღონდ ხაზს ვუსვამ: ეს უნდა იყოს კვლევებზე დაფუძნებული, დასაბუთებული და სამინისტროსთან შეთანხმებული კვოტა, რომ მტაცებელი ცხოველის პოპულაციას პრობლემა არ შეექმნას.

- პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მტაცებელთა რაოდენობა გაიზარდა. ხომ არ იცით, რა კვლევას ეყრდნობიან ისინი? არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა მტაცებელთა რაოდენობა? როცა საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, საჭიროა თუ არა, რომ ასეთი კვლევა არსებობდეს?

- ვერ გეტყვით, კომიტეტი რა ინფორმაციას ეყრდნობა. რა თქმა უნდა, კვლევა უნდა არსებობდეს. ბოლო წლების განმავლობაში გარეულ ცხოველთა შეფასება საქართველოში არ ჩატარებულა. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვეყრდნობით იმ სტატისტიკას, რაც მოდის მუნიციპალიტეტებიდან. ამ ინფორმაციაზე და ნადირობის ბიოლოგების მიერ მოწოდებული მონაცემებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მტაცებელთა რიცხოვნობა არ არის მომატებული. თუმცა, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ ეს საკანონმდებლო ცვლილება არ მივიღოთ. აუცილებელია, რომ მტაცებელთა ამოღების ხელშეკრულების გაფორმებაში დიდი დრო არ იკარგებოდეს. მგელთან მიმართებაში ბოლო კვლევა ჩატარდა 2012 წელს. ამ კვლევის მიხედვით საქართველოში არის დაახლოებით 1400 მგელი. თუმცა, ეს კვლევაც არაა ზუსტი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გარეული ცხოველების შეფასებაზე სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა. შინაურ საქონელზე თავდასხმების შესახებ მონაცემებს რაც შეეხება, ვეყრდნობით იმ ინფორმაციას, რომელსაც მუნიციპალიტეტებიდან ვიღებთ.

- რამდენად ზუსტი და სანდოა მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაცია? ვინ და რა ვითარებაში, როგორ ადგენს, რომ თავდამსხმელი მტაცებელი ნამდვილად მგელი ან ტურა იყო?

- ამის დადგენა შესაძლებელია სხვადასხვა მახასიათებლებით, თუმცა რთულია. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამის დადგენაში სამინისტრომ ეჭვი შეიტანოს და რეალობის გასარკვევად მუნიციპალიტეტში ნადირობის ბიოლოგი გავგზავნოთ. მას შეუძლია, რომ გარემოებების გამოვლენით, ტერიტორიების დათვალიერებით შეაფასოს და თქვას, რომელი მტაცებელი დაესხა თავს საქონელს. როცა ასეთ სპეციალისტს ვაგზავნით რაიონში, ვუკვეთავთ, რომ დაადგინოს მტაცებელთა ის რაოდენობაც, რომლის ამოღებაზეც შეიძლება გავცეთ ნებართვა, რადგან ამა თუ იმ მტაცებლის გადაჭარბებულმა ამოღებამ, შესაძლოა, სხვა პრობლემები შექმნას.

- ნადირობის ბიოლოგები მუნიციპალიტეტიდან შემოსულ ყოველ შეტყობინებაზე გადიან?

- ყოველ შეტყობინებაზე არ გადიან, გადიან მხოლოდ იმ შეტყობინებაზე, სადაც სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფორმაცია გაზვიადებულია.

- ნადირობის რამდენი ბიოლოგი ჰყავს სამინისტროს?

- ერთი. ასეთი სპეციალისტი არის ძალიან ცოტა და რეგიონში მათი გაგზავნა დიდი ფუფუნებაა, რადგან ეს დიდ ხარჯს უკავშირდება. მაგრამ ამ ხარჯებს არ უნდა მოვერიდოთ, თუ კი პრობლემა არის რეალური.

- სამინისტროს პოზიცია როგორია: უნდა იყოს გამოყოფილი გარკვეული კვოტა კონკრეტული მტაცებლის განადგურებაზე, თუ უნდა მოხდეს უშუალოდ იმ ინდივიდის ლიკვიდირება, რომელიც თავს ესხმის შინაურ საქონელს?

- ასე ხელაღებით ამის თქმა სრულყოფილი კვლევის ჩატარებამდე არ შეიძლება. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს თავდასხმები, იქ სადაც ასეთი თავდასხმები ხდება, აუცილებელია, რომ მოხდეს რეგულირება. ზოგჯერ ბრაკონიერები კლავენ მგლებს და მათი ნაშიერები ვეღარ სწავლობენ ნადირობას. შესაბამისად, ისინი ხდებიან შინაურ საქონელზე პოტენციური თავდამსხმელები. ისინი მომავალშიც აუცილებელად შეუქმნიან პრობლემას მოსახლეობას. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მტაცებლის ამოღების ნებართვა უნდა გაიცეს.

საუბარი იმაზე, რომ მტაცებელთა რაოდენობა გაიზარდა, არის სტერეოტიპი. შეიძლება ერთი ხროვა ერთ ადგილზე დაესხას თავს საქონელს, შემდეგ გაიაროს რამდენიმე კილომეტრი და სხვა მუნიციპალიტეტშიც დაესხას თავს შინაურ პირუტყვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტაცებელთა რაოდენობა გაიზარდა. უბრალოდ, მგელი სხვა ტერიტორიაზე გადადის. ეს პრობლემა ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ სოფლებთან ახლოს არის ნაგავსაყრელები, სადაც მოსახლეობა შინაური პირუტყვის ნარჩენებს ყრის, რაც გარეულ ცხოველებს ძალიან იზიდავს. თუ შინაურ ცხოველთა სადგომები კარგად არ იქნება დაცული (არ იქნება კარგად შემოღობილი ან არ ეყოლებათ ძაღლი), მაშინ გარეულმა ცხოველმა მართლაც შეიძლება შექმნას პრობლემა.

- 2013-2016 წლებში მტაცებელთა ამოღებაზე გაცემულია 363 ნებართვა და ამოღებულია მხოლოდ 63 ცხოველი. ეს მონაცემები რაზე მიუთითებს?

- აქ იმასთან გვაქვს საქმე, რომ ეს არის ძალიან რთული პროცედურა და მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ მათთვის მიცემული კვოტის ამოღებას. აუცილებელია, რომ პრობლემის დროს მუნიციპალიტეტი გარკვეული კვოტის ამოღებამდე სამინისტროსთან ხელშეკრულების დადებას არ დაელოდოს.

როდესაც მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სოფლებიდან აქვს ბევრი შეტყობინება და დადასტურდება, რომ მტაცებელი ცხოველი პრობლემას უქმნის შინაურ საქონელს, მაშინ ამ რეგულაციით, რომელსაც ჩვენ ახლა ვამზადებთ, მყისიერად შეუთანხმდება მონადირეთა ჯგუფს და სთხოვს მათ ამ მტაცებელთა გარკვეული რაოდენობის ამოღებას. ოღონდ ეს რაოდენობა სამინისტროსთან უნდა იყოს შეთანხმებული და ისიც უნდა გვითხრან, რამდენი გარეული ცხოველი იქნება მოკლული. ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა, რომ პოპულაციას საერთო ჯამში საფრთხე არ შეექმნას.

- თუ ზუსტი კვლევა არ არსებობს მტაცებელთა რაოდენობის შესახებ, მაშინ როგორ უნდა დადგინდეს ის კვოტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ? უნდა ჩატარდეს ახალი კვლევა, თუ კვოტის გამოყოფა კვლევის ჩატარების გარეშეც მოხდება?

- არიან ნადირობის სპეციალისტები, უფრო სწორად ნადირობის ბიოლოგები, რომლებიც იძახიან, რომ  შინაურ საქონელზე მომხდარი თავდასხმების სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება გარკვეული კვოტების დაწესება. ოღონდ, ეს არ უნდა იყოს საფრთხისშემცველი რაოდენობა. ამაზე ახლა ვმუშაობთ. ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. ძალიან ძვირი სიამოვნებაა ასეთი შეფასებების გაკეთება. გრძელვადიან პერსპექტივაში, მტაცებელთა რიცხოვნობის დათვლა აუცილებელია.

- დაგეგმილია თუ არა, რომ ასეთი კვლევა ჩატარდეს და როდის?

- დაგეგმილია. ამჟამად ვმუშაობთ თანხების მოძიებაზე. მტაცებელთა თავდასხმის პრობლემა არის და ის არ იცდის. მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ მტაცებელთა სათანადო ამოღებას. იმიტომ, რომ ვერ პოულობენ სათანადო სპეციალისტებს, ხშირად კი სპეციალისტები ვერ აღწევენ სათანადო შედეგს, ანუ ვერ ახერხებენ ყველა პრობლემური მგლის მოკვლას. უხეშად რომ ვთქვა, მგელი ძნელი მოსაკლავია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში