საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

წელს ზამთარი ექსტრემალურად ცივი არ იქნება - რამაზ ჭითანავა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:13 - 10 დეკემბერი 2016 hits 6683

ბოლო დღეები დაბალი ტემპერატურით გამოირჩეოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრის ღამით თითქმის მთელ საქართველოში (მხოლოდ ფოთში და ზღვისპირეთში იყო 0) უარყოფითი ტემპერატურა იყო, მინიმალური მაჩვენებელი აღინიშნა ახალქალაქში (-21 გრადუსი), ჯვრის უღელტეხილზე -20, ბაკურიანში - 19, კობში -16, მესტიაში - 15, შოვში - 14, წალკაში -13.

რით არის ცივი ამინდები განპირობებული?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ჭითანავას განმარტებით, ბოლო ათი დღის ცივი ამინდი ატლანტიკის ოკეანიდან შემოჭრილი ციკლონით არის განპირობებული. ბევრგან, განსაკუთრებით მაღალ მთაში აღინიშნება დაბალი ტემპერატურა, ნალექები. ზოგან უკვე თოვლის მდგრადი საფარიც არის.

მაღალმთიან რეგიონებში და სამთო კურორტებზე უმეტესად თოვლია: ხულოსა და მთა საბუეთზე 122 სმ.-ია, შოვში 74 სმ., გუდაურში 73 სმ., ბაკურიანში - 53 სმ.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 10-11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და ალაგ-ალაგ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ზოგან იქროლებს ძლიერი დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზღვაზე შესაძლებელია 2-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

რამაზ ჭითანავას განმარტებით, დეკემბრის ბოლომდე სხვადასხვა ინტენსივობით მსგავსი ამინდები გაგრძელდება. წლის ბოლომდე ასევე მოსალოდნელია ქარბუქი სხვადასხვა რეგიონში და ზვავსაშიშროებაც. ამიტომ მათი სამსახური მუდმივად აფრთხილებს გზების დეპარტამენტს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

რაც შეეხება ზოგადად ზამთარს, ჭითანავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი პროგნოზები ემყარება მსოფლიო მასშტაბის სინოპტიკური ცენტრების პროგნოზებს, დიდი წინსწრებით პროგნოზის გაკეთება რთულია და ამ ტიპის პროგნოზების გამართლების ალბათობა ძალიან მაღალი არ არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, იაპონიაში, აშშ-ში თუ სხვა ქვეყნებშიც.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ რთული და მეტად ექსტერმალური ზამთარი გველის. კი, ზამთრის პერიოდში მოსალოდნელია არქტიკული მასების გააქტიურება, თუმცა სამხრეთიდანაც ასევე წამოვა თბილი ჰაერის მასები. ამიტომ, ჩვენს რეგიონში ძალიან ექსტრემალურ ზამთარს არც უნდა ველოდეთ, საშუალო წლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მეტიც იქნება“, - ამბობს ჭითანავა.

გრაფიკზე, რომელიც სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსმა ლიკა მეგრელიძემ მოგვაწოდა, მოცემულია ზამთრის საშუალო ტემპერატურის ანომალიები, ანუ გადახრები საშუალო ტემპერატურიდან ბოლო 50 წლის განმავლობაში.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ცივი იყო 1972, 1976, 1992-1993 წლების, ასევე 2008 წლის ზამთრები.

რაც შეეხება ტემპერატურის მაჩვენებელს, ბოლო 50 წელიწადში ტემპერატურის მინიმუმები აღრიცხულია: - 32,5 (ფარავანი, 2000 წ.); - 32.9 ( წალკა, 1973 წ); - 33,5 (კარწახი, 1980 წ.); - 34.9 (ყაზბეგი, 1964 წ.).

ზოგადად კი (ბოლო 100 წლის მონაცემებით) ყველაზე დაბალი ტემპერატურები საქართველოში დაფიქსირებულია: - 41 (ახალქალაქში) და - 42 (ყაზბეგის მეტეოსადგურზე).

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში