საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნამოხვანის ჰესებზე ხმა წინა ხელისუფლების დროს უნდა ამოეღოთ - ქუთაისის ეპისკოპოსი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:10 - 23 ნოემბერი 2020 hits 5681
„ქუთაისი პოსტის“ ფოტო
გარემოს დაცვა
„ქუთაისი პოსტის“ ფოტო

„ნამოხვანის ჰესების საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ასეა. მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც წინა ხელისუფლების დროს ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, მაგრამ მაშინ ეს ბიჭები ციხეში აღმოჩნდებოდნენ, დღეს რომ თავისუფლად დადიან“, - განაცხადა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა იოანემ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 30-ე დღეა რიონის ხეობაში აქციას მართავენ. სოფლების ტვიშის, მექვენას და ნამოხვანის მცხოვრებლებს სადღეღამისო მორიგეობა ჯერ ნამოხვანში ჰქონდათ დაწესებული, იქ, სადაც ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს ათობით პოლიციელის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად. სასულიერო პირებმა ჯვარი იმავე დღეს აკურთხეს.

აქციის მონაწილეების უწყვეტი პროტესტის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სოფელ ჟონეთში, კომპანიის მეორე ბაზასთან გადაინაცვლეს და ახლაც იქ არიან.

14 ნოემბერს გამართული აქცია იმერეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, კომპანია "ენკა რინიუებლზმა", რომელსაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა აქვს მიღებული, რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ, 7 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

19 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და პროექტი უსაფრთხოების კუთხით კარგად არის გათვლილი. მინისტრის თქმით, წუხილი გადაჭარბებულია და პროტესტი განიმუხტება.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2020 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ბევრად ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა, კაშხალს კი წყალი გასდის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში