საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფილმმა „ჯარა“ მწვანე ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ოქროს ჯილდო მოიპოვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:03 - 22 ივნისი 2018 hits 7141

მაღალმთიან აჭარაში გადაღებულმა ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ჯარა“ დოვილის საერთაშორისო ფესტივალის, Deauville Green Awards-ის 2018 წლის ოქროს ჯილდო მოიპოვა. გამარჯვებულების დასახელების ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ დოვილში გაიმართა. ღონისძიებას ფილმის რეჟისორი, კომპანია „ეკოფილმსის“ დირექტორი ნიკა წიკლაური ესწრებოდა.

ფესტივალი 19 და 20 ივნისს ჩატარდა. ყოველწლიურად ფესტივალში ხუთასამდე ფილმი მონაწილეობს მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. ფინალისტებს ირჩევენ თოთხმეტ კატეგორიაში. ერთ-ერთი არის „მდგრადი სოფლის მეურნეობა“, სადაც ჯილდო ენიჭება ინტეგრირებულ ფერმერულ მენეჯმენტზე, მდგრად განვითარებად სოფლის მეურნეობაზე და მესაქონლეობაზე გადაღებულ ფილმებს. სწორედ ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა „ჯარა“ თავისი ზღაპრული ისტორიით - ტრადიციულ ჯარას მეფუტკრეობაზე, ველური ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრებაზე აჭარის რეგიონში.

ფილმში ნაჩვენებია ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობა. ოდესღაც, სანამ მოაშინაურებდნენ, ფუტკარი თაფლს ხის ფუღუროში აგროვებდა. ადამიანმაც უკვე მოშინაურებული ფუტკარი ხის დიდი მორებისგან გაკეთებულ ფუღუროში დააბინავა. ამ ფუღუროს კი ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა. მეფუტკრეობის ასეთი უძველესი ტრადიცია დღეს საქართველოში მხოლოდ მთიან აჭარაშია შემორჩენილი.

ფილმში ასევე ნაჩვენებია კავკასიური მურა დათვისა და მგლების შებრძოლება, როჭოების საქორწინო რიტუალები, მამალი როჭოები როგორც ცდილობენ დედალ როჭოებს თავი მოაწონონ, ბათუმის ძაბრი და გადამფრენი ფრინველები, წარმოჩენილია ეკოტურიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები.

დოვილის მწვანე ფილმების ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში, რომელიც 2012 წლიდან ტარდება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფესტივალის მისია მდგრადი, ეკო-ინოვაციური და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ გადაღებული ფილმების პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა. წელს საერთაშორისო ჟიურიმ ფინალისტები 415 კინოპროდუქციას შორის შეარჩია.

„ჯარა“-ს მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, როგორიცაა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში