საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კოლხური ოდა სახლები ქვემო რაჭაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:03 - 25 ივნისი 2017 hits 56130
ფოტო: სალომე ცისკარაული
კულტურა
ფოტო: სალომე ცისკარაული

ქვემო რაჭის სოფლებში ბევრგან შეხვდებით ასწლოვან ხის მოჩუქურთმებულ ოდა-სახლებს. მათი ნაწილი დღესაც პირველადი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი რესტავრაციას საჭიროებს. კოლხური ოდები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან რაჭაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში და ნაწილობრივ აჭარაშიც გავრცელებულა. ამ ხის სახლებს, ღია აივნებით, ჩუქურთმებითა და გამწვანებული ეზოებით, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი განსხვავებული ხასიათი და საერთო კულტურა შემოუნახავთ.

ამბროლაურიდან 25 კილომეტრით დაშორებული გოგოლათი ულამაზესი ხის სახლებით განთქმული სოფელია. აქ იშვიათი ჯიშის ხისგან, უთხოვარისგან, დათვისთხილასგან, ცაცხვისგან, თელასგან აშენებულ ოდებს შეხვდებით. მთელ სოფელში აგურით ნაშენი მხოლოდ 4 სახლია.

„ახლა ვხვდები, სისულელე დამემართა ეს შპალერი რომ გავაკარი. 120 წლის სახლია ბებო. ჩემი ქმრის ბაბუის, ფილიპეს და მისი ძმების: ვალოდია და ილია სოხაძეების გაკეთებული და აშენებულია ამ სოფელში თითქმის ყველა ხის სახლი. რაჭული ოდებია ეგენი“ - გვეუბნება ნათელა ჭოხონელიძე და ოთახებში გაკრულ ყვავილებიან შპალერს გვაჩვენებს.  

100 წელს მიტანებული ქე იქნებაო, გვეუბნებიან მეზობლები დავით და ვახო სოხაძეების ოდაზე სოფელ გოგოლათში, რომელიც ახლა ცარიელია. სახლის პატრონები, როგორც წესი, სოფელს ზაფხულობით სტუმრობენ. ზამთარში ამგვარი ოდა სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია.

ერთსართულიანი ოდები ქვის ბოკონებზე დგას. ორსართულიანი, ანუ პალატიანი ოდებისთვის კი დამახასიათებელია ქვემოთ ქვის, ზემოთ ხით ფიცრებით შეკრული სართულები. იშვიათად, თუმცა რაჭის ზოგიერთ სოფელში ამგვარი ოდებიც შემორჩენილია.

„ამ სახლის მეპატრონე, ბაბუაჩემი პახო ჭოხონელიძე, მდიდარი და განთქმული კაცი იყო. ეს სახლი ააშენებია აქაურ გლეხს, ხის საუკეთესო ოსტატს, გიორგი სოხაძეს. ხელოსანი არამარტო ცახში, მიმდებარე სოფლებშიც აშენებდა სახლებს. გამორჩეული ხელობის გამო დადიანების სასახლეში მიიწვიეს. იქ კარები, ფანჯრები და ბევრი რამე გიორგის გაკეთებულია. მას შთამომავლობა არ დარჩა. სულ იმას ამბობდა ჩემი გაკეთებული ხის სახლები და ჩუქურთმები მომიგონებენო. აგერ, ახდა მისი სიტყვები. ჩამოხვედით და გადოუღეთ იმის გაკეთებულ სახლს, გეიგებს ხალხი და ქვეყანა მის ხელობაზე“ - გვიყვება სოფლის მუდმივი მცხოვრები, ჟორა ჭოხონელიძე.

კობახიძეების ოდა სოფელ თხმორში 95 წლისაა. „ამ სახლში გაზრდილი ვარ. ჩემი პატარაობა აქანა გავატარე, ვთამაშობდით და ვიყავით ერთად. ბიძაჩემი ზოსიმე კობახიძე განთქმული დურგალი და მჭედელი იყო. რასაც აქანა ხედავთ მისი ხელითაა გაკეთებული სუყოლიფერი. ზოსიმეს ბიჭი კაკო, ქობულეთში გადავიდა საცხოვრებლად, იქ კაკო რაჭველის სახელით იცნობენ. თუ რამე ძვირფასი სახლებია ქობულეთში ყველას ხის კარ-ფანჯარა მისი გაკეთებულია. ბიძაჩემის კვალს გაჰყვა“– გვიყვება ლამარა კობახიძე. ლამარა ბებოს უხარია, რომ სახლს ყურადღების მიმქცევი გამოუჩნდა. ზოსიმე კობახიძის შვილთაშვილმა ისტორიულ სახლს სახურავი უკვე შეუცვალა და ოდას ძველ სიცოცხლეს უბრუნებს.

ოდა სახლების ოთახები ერთმანეთისგან ხის დარაბებითაა გამოყოფილი. ჭირის ან ლხინის, სტუმრიანობის დროს რაჭველები დარაბების გახსნით წუთებში ახერხებდნენ ინტერიერის შეცვლას, სამი-ოთხი ოთახი სუფრების გასაშლელად ერთიანდებოდა.

ეზოებში დღესაც უამრავი ძველი ნივთია, ზოგი უბრალოდ ნივთია, ზოგი კი - ტრადიციაც. მაგალითად, შობის შემოლოცვაზე, პური სწორედ საცახველში იცეხვებოდა ხოლმე. „ჩავყრიდით პურის კაკალს, ვცეხვავდითა და შემოშორდებოდა კანი. შემდეგ იხარშებოდა და საშობაო დღესასწაულზე ხმარობდენ იმ პურის კაკალს“ - გვიყვება ჟორა ბაბუა. სოფელ ცახის ყველაზე ერთგული მცხოვრები ჟორა ჭოხონელიძე 65 წლისაა. მას სოფლის მეწისქვილის, მეპატრონის სახელითაც იცნობენ. უფქვავს სოფლელებს სიმინდს, ხორბალს, რგავს ხეებს, უვლის სოფლის ორღობეებს. ბევრი ამბის მომსმენი და მნახველია. ამიტომაც ცახში თუ მოხვდებით, მის უნახავად არ წამოხვიდეთ.

ძველი რაჭული ეზოს განუყოფელი ნაწილია ნალიაც. ეს მე 19 საუკუნის ნალია, დღესაც მოქმედია და დავით ჭოხონელიძის ოჯახს ეკუთვნის.

რაჭველები მოსავალს რომ დააბინავებდნენ, სახელოსნო მოგზაურობას იწყებდნენ. თითქმის ყოველი მეათე რაჭველი ხის კარგი ოსტატი იყო, ამიტომაც სამუშაოს შოვნა არ უჭირდათ. აფხაზეთში, სამეგრელოში, თელავში, თბილისშიც მათი გაკეთებულია ხის ბევრი სახლი. ამასთან, კარგი გამომგონებლებიც იყვნენ.

ხის სახლის დაშლა-აწყობის საუცხოო ტექნიკა გამოიმუშავეს. ერთი სოფლიდან მეორეში ურმებით უკვე გაკეთებული სახლები გადაჰქონდათ. სოფელში იხსენებენ, რომ ქედის უბანში რამდენიმე ხის სახლი ასე ჩამოუტანიათ გოგოლათიდან. ეს სახლები დღესაც მყარად დგას.

ფოტო: სალომე ცისკარაული, Mtisambebi.ge  / სოფელი თხმორი, გია კობახიძის ოდას აივნის დეტალი

კოლხური ოდები რაჭაში დიდი აივნებითაა გამორჩეული. აივნების სვეტები მორთული იყო ლამაზი ჩუქურთმებით. დროთა განმავლობაში ხელნაკეთი ჩუქურთმები ხის ხერხით დამზადებულმა ორნამენტებმა შეცვალა. რაჭველები აივანზე დიდ დრო ატარებდნენ და ის თითოეული ოჯახისთვის თავშეყრის განსაკუთრებული ადგილი იყო. ცდილობდნენ დიდი დაკვირვებით დაეგეგმათ და საუკეთესო ხელოსნისთვის მიენდოთ ორნამენტების კვეთა. მზე, ბორჯღალი, სხვადასხვა ფრინველი თუ ცხოველი, ჯვრები, სიმეტრიადაცული ორნამენტები - ასეთი ფიგურებით გაწყობილ აივნიან ოდა სახლებს ბევრს ნახავთ ქვემო რაჭის სოფლებში. ზოგიერთ მათგანს, მაშინდელი დროის განწყობებიც კარგად ეტყობა. მაგალითად, სოფელ თხმორში მდგარ ამ ოდა სახლს, რომლის აივანზეც ტრადიციული ორნამენტების ნაცვლად ეს კომუნისტური სიმბოლოები გამოუჭრიათ, ნამგალი და ურო, რომლებიც დღევანდელ რაჭას მხოლოდ ოდა სახლის აივანზე შემორჩა.  

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში