დღეს ყველა სოფელში საუკეთესო ხარისხის, მათ შორის, ბეტონის ან ოთხზოლიანი გზა მიდის. ზამთარში მიმოსვლა მთის არცერთ სოფელში არ წყდება. გაიხსნა ახალი სასტუმროები. აი, არტაანთან ახლოს, რომელიც ბოლოს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, უდიდესი საუნივერსიტეტო კერა დაფუძნდა.
ტაო-კლარჯეთში ქართველი ტურისტების მზარდმა ნაკადმა ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრი სხვა პროექტის განვითარებისკენ უბიძგა.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნებაა. პირველი ძეგლი, რომელზეც სამუშაოები დაიწყეს, იშხნის ტაძარია.
უკვე მე-4 წელია, იშხანში თურქი სპეციალისტები მუშაობენ. იატაკის გარდა, პრაქტიკულად, ყველა სამუშაო დასრულებულია. აღდგა ჭერი და გაკეთდა სახურავი, ჩატარებულია არქეოლოგიური კვლევა, ამოყვანილია კედლები. შეკეთდა სამხრეთით მდებარე გურგენისეული ტაძარიც. აშენებულია გალავანიც.
სიტყვებით, ეს ძალიან კარგად ჟღერს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის იშხნისთვის და ზოგადად, ქართული ძეგლებისთვის შესაფერისი რესტავრაცია ან თურქული სარესტავრაციო სკოლის კარგი ნიმუში.
ძეგლს ქართული ხასიათი არ შესძენია. ასეთი გალავანი საიდან მოიტანეს, წარმოდგენა არ მაქვს.
ის, რომ თურქმა სპეციალისტებმა ზედაპირულად იმუშავეს, საცნობარო წარწერებიდანაც ჩანს. მაგალითად, იშხანში მისასვლელ გზაზე გამოკრულია დიდი წარწერა თურქულად, ინგლისურად და ქართულა. სიტყვა „ველქომ“ კი, როგორც ჩანს, „გუგლის“ სათარგმნი პროგრამით თარგმნეს არა როგორც „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, არამედ როგორც „მისასალმებელი“. ასეთივე შეცდომებით არის დაწერილი რესტავრაციის მაუწყებელი აბრა.
ხანგრძლივი მსჯელობის მიუხედავად, იშხნის რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტები არ ჩართეს. თუ რამე გაკეთდა, მხოლოდ მას შემდეგ, როცა რამე ფუჭდებოდა და ქართველები ხმაურს ატეხდნენ. იშვიათად, რომ საკითხი დიალოგით მოგვარებულიყო ან თურქებს ქართველი სპეციალისტების რჩევები გაეთვალისწინებინათ.
რომ არა ქართული მხარის ჩარევა, შეიძლება იატაკის აღმოჩენილი მოზაიკა მთლიანად აფხეკილიყო.
ტაო-კლარჯეთი, სადაც 809 წელს ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს დამაარსებელმა აშოტ I-მა სამეფო შექმნა, კულტურული მემკვიდრეობით მდიდარია. აქ სამასამდე ქართული ძეგლია - უმრავლესობა ტაძარი და ციხე-სიმაგრეა.
ბევრგან გზისგამკვლევი აბრა დგას, რაც ძალიან კარგია. იმისათვის, რომ გზის გაგნება ადვილი იყოს, აუცილებელია ქართული ძეგლების თურქული დასახელებების ცოდნაც, რადგან დიდ ნაწილს სახელი სრულად შეეცვალა ან ზოგიერთმა ასოთა ცვლილება განიცადა.
ტაო-კლარჯეთის ყველა ქართულ ძეგლს სჭირდება აღდგენა. ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ის ტაძრები, რომლებშიც მეჩეთი იყო (ხახული, პარხალი), რადგან მლოცველები მათ შეკეთებას ახერხებდნენ. ზოგიერთი ტაძარი კი პირწმინდად ან დიდწილად არის დანგრეული. მიზეზი იყო როგორც ადამიანური ფაქტორი, მაგალითად, ოპიზა, ტბეთი, ბანა აფეთქებით დაზიანდა, ისე კლიმატური პირობები და უყურადღებობა.
პრაქტიკულად, მე-16 საუკუნიდან, 1551 წლიდან, როცა ოსმალეთმა ტაო-კლარჯეთი მიიერთა, აქ არათუ ახალი ტაძრები და ციხე-სიმაგრეები შენდებოდა, არსებულის აღდგენაც ვეღარ ხერხდებოდა.
ყველა თანხმდება, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლებს შორის იშხნისა და ზემოთხსენებული ტაძრების გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკი, ხანძ(ც)თა, ოთხთა, არტანუჯისა და თორთომის ციხეები, პარხალი, ჩანგლი, დოლისყანა და ასე შემდეგ. ყველა მათგანის აღდგენა გადაუდებელია.
თურქეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი ძეგლები თუ აღადგინა, ეს საგრძნობლად გაზრდის ტურისტთა ნაკადს, მათ შორის ევროპიდან, საიდანაც აქ ჯერჯერობით მხოლოდ კანტიკუნტად დადიან.
ამასათანავე, იშხნის არადამაკმაყოფილებელი რესტავრაცია კარგი მიზეზი უნდა გახდეს ქართველი სპეციალისტებისთვისაც, რომ სხვა ძეგლების აღდგენისას თანამონაწილეობა დაასაბუთონ და მოითხოვონ.