საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ძებნა“ - ფრანგულ–ქართული ფილმი ჩეჩნეთის მეორე ომზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:24 - 24 იანვარი 2017 hits 13352

2011 წლის უდიდესი კინომოვლენა ფრანგულ-ამერიკული შავ-თეთრი მიუზიკლი „არტისტი“ იყო. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემიერისა და წარმატების შემდეგ, საუკუნის წინანდელ სტილში გაკეთებულმა მუნჯმა ფილმმა მრავალი კინოჯილდოს მოპოვება შეძლო, სულ ბოლოს კი ფილმი ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმადაც აღიარა და რამდენიმე სხვა ნომინაციაშიც მიანიჭა ოსკარები: დაჯილდოვდნენ ფილმის ახალგაზრდა ფრანგი პროდიუსერი ტომა ლანგმანი, ლიტვურ-ებრაული ფესვების მქონე ფრანგი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი, მსახიობი ჟან დუჟარდენი, კომპოზიტორი, კოსტიუმერი და ა.შ.

მანამდე ნაკლებად ცნობილმა გადამღებმა ჯგუფმა საყოველთაო აღიარების შემდეგ, „არტისტისგან“ სრულიად განსხვავებული ჟანრის ნამუშევარზე დაიწყო მუშაობა. პირველივე გავრცელებული ინფორმაცია საინტერესოდ ჟღერდა - ოსკაროსანი ჰაზანავიჩუსი აპირებდა ჩეჩნეთის ომზე ფილმის გადაღებას, საამისო ლოკაციად კი მას საქართველო ჰქონდა არჩეული. შემდეგ იყო ქართული ტელესიუჟეტები, სტატიები და ინფორმაციები მედიასაშუალებებში, როგორ ესტუმრა ფრანგი რეჟისორი ჩვენ ქვეყანას, რა იცოდა მან ჩვენ შესახებ, ჩეჩნეთის კონფლიქტზე, რა სურდა, როგორ ეწყობოდა ფილმის გადასაღები მოედანი და დეკორაციები, როგორ გახდა ფილმი ფრანგულ-ქართული ერთობლივი პროდუქცია და სხვა მსგავსი ამბავი.

„ძებნა“ (The Search) ასე დაერქვა თითქმის მთლიანად საქართველოში გადაღებულ საომარ დრამას, რომელშიც მოქმედება 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის ფონზე ვითარდება. სიუჟეტი ამავე სახელწოდების მქონე ჰოლივუდის კლასიკური კინოსურათის მიხედვით შეიქმნა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ „ძებნა“ 1948 წელს გამოსული ფილმის რიმეიქია, ფრედ ცინემანის ნამუშევრისგან საკმაოდ განსხვავდება.

ფილმს პანკისში, თბილისში, კასპში, ხაშურში და საქართველოს სხვა ადგილებში იღებდნენ, რითაც ფილმში გროზნოს შემოგარენი სოფლები, ქალაქი ნაზრანი, ქალაქი პერმი და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო პუნქტები შეიქმნა. სამსახიობო გუნდი შთამბეჭდავი იმ მხრივაა, რომ მთავარ როლებს დიდ კინოვარსკვლავებთან ერთად (რეჟისორის მსახიობი მეუღლე ბერენის ბეჟო და ჰოლივუდის ვარსკვლავი ანეტ ბენინგი) რამდენიმე ცნობილი ქართველი მსახიობი, სრულიად უცნობი სახეები და დამწყები მსახიობები ასრულებენ. ოთხ ენაზე აწყობილი სიუჟეტი, რომელიც ოთხი სხვადასხვა მსახიობის პერსპექტივითაა ნაჩვენები, რეჟისორმა და მთავარმა ოპერატორმა გახამებული, გაცრეცილი და უფერული, თუმცა მკაფიო კადრებით გადმოგვცა და ომის მკაცრი გარემო ნაცრისფერით კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.

9 წლის ჰაჯი ფანჯრიდან ხედავს, როგორ უკლავენ რუსი ჯარისკაცები მშობლებს ქუჩაში, როგორ ემხობა ატირებული მისი უფროსი და რაისა მოკლულთა გვამებზე და ბიჭიც უმალ ხვდება, ადრე თუ გვიან სასაკლაოზე უდედმამო ბავშვები, მათ შორის მისი უმცროსი ძმაც შეიძლება აღმოჩნდეს, სახლს ტოვებს და ხელში აყვანილი მცირეწლოვანით უმისამართოდ მიდის. ამ წუთიდან ფსიქოლოგიურ ტრავმამიღებული, თითქოს სრულიად უემოციო და უტყვი ბიჭუნას სახე ყველაზე მრავლისთქმელია ფილმში. ომის ეპიცენტრში მყოფი მაყურებელიც პირველივე წუთებიდან ეგუება მკაცრ რეალობას და ბოლომდე სულმოუთქმელად ელოდება, როგორ დასრულდება კინოგმირების გზა.

რეჟისორი შიგადაშიგ ბორის ელცინის პორტრეტს გვაჩვენებს და მკაფიოდ გვახსენებს, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. პოლიტიკური ქვეტექსტი ფილმში უფრო მძაფრად მაშინ ჩანს, როდესაც ბერენის ბეჟოს პერსონაჟი, ჩეჩნეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი კაროლი ევროკავშირში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ კონფლიქტზე, მასზე პასუხისმგებლობაზე, მის სიმძიმესა და მასშტაბებზე საუბრობს და პასუხად „შეშფოთებული ევროპის“ ჩინოსნების გულგრილობას იღებს.

საინტერესოა ერთი ჩვეულებრივი 20 წლის რუსი ბიჭის, შემდეგში რიგითი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ფილმის სხვა გმირების პარალელურად ვითარდება და მაყურებელიც სულ ბოლოს, ფილმის დასასრულს იგებს, თუ რა კავშირშია იგი სხვა მთავარ პერსონაჟებთან. იგებს და მთლიანად გრძნობს, თუ რატომ გვანახა რეჟისორმა მისი ისტორია, როგორ იქცა მოკლე დროში არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი მხეცად ჯერ რუსულ არმიაში, შემდეგ კი - უკვე ომში და როგორაა გადაკვეთილი მისი გზა იმ სხვა გმირებთან, რომელთა ამბავიც თითქოს „ჰეპი ენდით“ დამთავრდა მთელ ამ საშინელებაში და აქ ერთგვარი წრეც იკვრება - ფილმის დასაწყისსა და დასასრულს შორის, ეპილოგი სასიამოვნო კმაყოფილების განცდასთან ერთად შემაძრწუნებლად ტრაგიკულიცაა.

„ძებნა“, ისევე როგორც „არტისტი“, პირველად კანის 2014 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც ფილმი ოფიციალურ პროგრამაში იყო ჩართული. გადამღები ჯგუფი და სამსახიობო გუნდი ერთად იმყოფებოდა პრესტიჟულ კინოფესტივალზე, სადაც ევროპულმა კინოელიტამ თვალნათლივ დაინახა ფილმში ნაჩვენები თემები და ყველა საკვანძო ასპექტი, თუმცა ეს იყო და ეს, მეტად ფილმი აღარ გახმაურდა, აღარც სადმე უხსენებიათ, რაიმე აღიარებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

კინოწრეებში მიშელ ჰაზანავიჩუსი ანტირუსული ორიენტაციითაა ცნობილი. რეჟისორი ამ მხრივ პოლიტიკურ განცხადებებს თითქმის არასოდეს აკეთებს, არ გამოირჩევა ეპატაჟურობით, ანდა სხვა არაკინემატოგრაფიული გამოსვლებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარ ფილმებში ყოველთვის ახერხებს რუსეთისთვის, შეიძლება ითქვას და კბილის გაკვრას. აგვისტოს ომზეც კარგად მოეხსენება ფრანგ რეჟისორს და ეს თვალნათლივ გამოჩნდა მის ჯერ-ჯერობით ყველაზე წარმატებულ ფილმშიც - „არტისტის“ ერთ ეპიზოდში რუსეთზე პატარა გამარჯვება და მკაფიო ტექსტური გზავნილი „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ ჩანს.

რუსეთი რამდენჯერმე ვახსენე და ისიც უნდა ვთქვა, რომ „ძებნა“ გასაგები მიზეზების გამო ჩრდილოელ მეზობლებში ფართო მასებს მგონი არც უნახავთ, არ არსებობს ოფიციალური ნათარგმნი დუბლირებული ვერსია, უფრო მეტიც - აურაცხელ რუსულ საიტებსა და ტორენტებზე, სადაც ნებისმიერი ფილმის მოძიება და პოვნა ხერხდება, „ძებნას“ ან ვერ წააწყდებით, ანდა არაოფიციალურ ვერსიას აღმოაჩენთ, რომელსაც 90-იანი წლებიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთი ხმა ახმოვანებს.

აბდულ ხალიმ მამუციევი, ზუხრა დუიშვილი, ლელა ბაღაკაშვილი, რუსუდან ფარეულიძე, ლეილა აჭიშვილი, მედიკო მარგოშვილი, ეს არასრული ჩამონათვალია ფილმში ნანახი დაუვიწყარი სახეებისა, რომლებიც კინოსამყაროსთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა შექმნეს.

P.S. ფილმში ერთი დასამახსოვრებელი სცენაა: ომისაგან დაზაფრული, სასოწარკვეთილი ცხრა წლის ბიჭი სახლში მარტო დარჩენის შემდეგ, Bee Gees-ის სიმღერაზე „ლეზგინკის“ ცეკვას დაიწყებს. ცეკვავს დაღლამდე და მთელი არსებით, აკეთებს მუხლურასა და ჭდომილებს „You Should Be Dancing“-ის მუსიკაზე და მასში ხარჯავს მთელ ბრაზს, დაგროვილ ენერგიასა და ამღვრეულ ემოციას. აქ კინომოყვარულებს შეუძლებელია არ გაახსენდეთ აფხაზი სეპარატისტების წრეში მყოფი პატარა თედოს ენერგიული ცეკვა ქართული ფილმიდან „გაღმა ნაპირი“ და ჩეჩენი ბიჭუნას საბრძოლოს დანის თანხლებით ნაცეკვ „ლეზგინკაზე“ აყოლილი მეამბოხეები ნიკიტა მიხალკოვის ოსკარის ნომინანტი რუსული ფილმიდან - 12. მამაც კავკასიელს ხომ მაშინაც კი ამაყად ეცეკვება, როდესაც ომის მანქანას ირგვლივ ყველაფრის განადგურება შეუძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს სპორტის, კულტურისა და შემეცნებით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში