საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უშგულელი მხატვარი და ფერმწერი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:01 - 15 ნოემბერი 2020 hits 23481

76 წლის ასაკში უშგულელი მხატვარი და ფერმწერი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა. მხატვარმა მთელი თავისი ცხოვრება სვანეთს მიუძღვნა და მისი უნიკალურობა არაერთ ტილოზე ასახა. ხელოვანის ნიჭი და გენიალურობა ასევე გამოიხატა მის ლექსებსა თუ ხეზე ნამუშევრებში.

ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. დღემდე მხატვის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი და ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარულებში დიდ აღაფრთოვანებას იწვევს.

„მთის ამბები“ მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას.

ფრიდონ ნიჟარაძის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში“ ბრიტანული გამოცემა «The Independent» წერს:

„უშგულის სოფლებში სხვადასხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ: აქ არის, მაგალითად, სიურეალისტური მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, იგი განდეგილს ჰგავს და როგორც ამბობენ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა ალექსი მისი ნათესავია და მპირდება, გაჩვენებო.

მივდივართ სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში. მოჩანს რუსული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ძველი და გაძარცვულია. იქვე ახლოს ძროხები წვანან და იცოხნებიან. ვუახლოვდებით ნახევრად ქვით და ხით აგებულ შენობას. კიბესთან კაცი დგას და საეჭვოდ გვიმზერს, რომელიც ფრიდონი აღმოჩნდა. „მითხარი, როგორი იყო იოსებ სტალინისა და ფრანკლინ რუზველტის პოზიცია თეირანის კონფერენციის დროს?“ – ეკითხება იგი ალექსს და პასუხით კმაყოფილი, სახლში გვიწვევს, რათა საკუთარ ბიოგრაფიაზე გვესაუბროს.

„1970-იან წლებში თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა“, – გვიყვება ფრიდონი.

მხატვარმა დიდი კარი გააღო და თავის სტუდია-სახელოსნოში მიგვიპატიჟა. „აი, ეს – მიგვითითებს ნახატზე, რომელზეც დიდი სვანური კოშკია გამოსახული, – ბაბილონის გოდოლია... ეს კი, - გვაჩვენებს ქალის გადაჯვარედინებულ ფეხებს – მაკრატელი“. ფრიდონის ნახატები მართლაც პროვოკაციულია, სიურეალისტური. ვეკითხები, საიდან გაქვს ასეთი შთაგონება-მეთქი. „კოსმოსიდან“, – მპასუხობს ფრიდონი უყოყმანოდ.

უკან დაბრუნებისას ფრიდონი უშგულის აღორძინებაზე მესაუბრება. მაჩვენებს ერთ-ერთ ნახატს და მეუბნება: „ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 1999 წელს დავხატე და თუ გაიყიდება, მთელ ფულს უშგულს მოვახმარ, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ზამთარში რჩებიან“.

დარწმუნებული ვარ, რომ ფრიდონი სურათს კარგ ფასში გაყიდის“.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში