ბავშვობაში გლოლელების ცეკვა-სიმღერის შემყურე, სახლში მიმავალი ნანახს გზად იმეორებდა. რაჭულ ფოლკლორსაც ასე ეზიარა.
„სანახშოს ვუძახით ადგილს, იქ იყრიდნენ ხოლმე თავსა. შუაღამემდე იყვნენ უმფროსი ხალხი, ძაან კარგადა მღეროდნენ. იქ იყო ყველა თავმოყრილი. ბავშვებიც დავდიოდით, იმათგანა მაქვს გადმოღებული ეს „ბერქალური“ მე, რავარც ისინი, ვითა მე. რომ წამოვიდოდი სახლში, იმათ ვცინებდი და შემომრჩა ასე ბოლომდე“, - იხსენებს მარიამ ბებო. 60 წელზე მეტია „ბუბაში“ მღერის და ცეკვავს. „ბერქალური“ ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ნომერია.
„ბუბას“ 10 წევრიღა შემორჩა. უმეტესობა გლოლიდანაა. გუნდის ხელმძღვანელი ლალი მარგიანი გლოლის სკოლაში მასწავლებელია. ხშირად სწორედ „ლალის კლასში“ იკრიბებიან. სოფლის კლუბის ოთახი ზამთარში სარეპეტიციოდ ცივია.
გლოლას საქართველოს ფოლკლორულ რუკაზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. რაჭული ცეკვა-სიმღერით გამორჩეულ ამ პატარა სოფელში ბევრი ხალხური მარგალიტია შემონახული. „სწორედ ეს გვაინტერესებს, რომ გლოლის სახელი არ წაიშალოს“.
ანსამბლის წევრების ყოველთვიური ხელფასი 50 ლარია. „ეგეც არ გვქონდა, მესამე წელია რაც დაგვინიშნეს“.