საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

#გადავარჩინოთამღა - გოგი წიკლაური

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:44 - 14 აგვისტო 2019 hits 24674

„1990 წელს ვცადეთ არხოტის მოძლიერება. ამღა, ჭიმღა და ახიელი - სამ სოფელში 10 კომლი ჩავასახლეთ, ვერტმფრენით გადავიყვანეთ. ეს იყო აუცილებელი, სულ რომ არ დაცარიელებულიყო არხოტი. ტერღაში, საზღვართან, სადაც ახლა ჩვენი საგუშაგოა, იქ უკვე ინგუშეთიდან გადმოსულები იყვნენ, ცხვარი ედგათ. უპატრონო მიწას ეპატრონებოდნენ“, - კამპანიას #გადავარჩინოთამღა ამღიონი გოგი წიკლაური შემოუერთდა.

ამღა მისი მშობლიური სოფელია. იქ დაიბადა და 7 წლამდე ამღაში იზრდებოდა. მერე, 1944 წელს, როცა ჩეჩნეთ-ინგუშეთის 20-ზე მეტი რაიონიდან საბჭოთა რეჟიმმა ადგილობრივი მოსახლეობა გაასახლა, არხოტიონები ინგუშეთის დაცლილ სოფლებში ჩაასახლეს. 1959 წლამდე იქ იცხოვრა, ვიდრე ინგუშები გადასახლებიდან დაბრუნდებოდნენ. არხოტიონებმა ინგუშებს სახლებიც დაუთმეს და საკუთარი პირუტყვის ნაწილიც დაუტოვეს, რომ ფეხზე დამდგარიყვნენ.

„ამღა საოცარი ადგილია, საოცარი ხალხის სამშობლოა. აკაკი შანიძის ხევსურულ პოეზიაში შესანიშნავი ლექსები ამღიონების დაწერილია. იქ ხალხს წერა-კითხვა ქვებზე ჰქონდა ნასწავლი, სკოლაში არ უვლია ბევრს, მაგრამ შესანიშნავ პოეზიას ქმნიდნენ. არხოტშია დაწერილი ბალადა ვეფხისა და მოყმისა.

ამღა საზღვართან პირველი სოფელია, მტერი პირველად იქ ესხმოდა თავს და ანადგურებდნენ თავიდან ბოლომდე. მაგრამ, არ კვდებოდა. ჩემს ბავშვობაში მთლად გადავსილი იყო, არცერთი სახლი არ იდგა ცარიელი. კედლები კი დგას ახლაც, მამაჩემის სახლის დანგრეული კედლები. ამის ყურება საშინელებაა.

იქ თუ არ გაიზარდა კაცი, ან რაიმე მატერიალური დაინტერესება არ იყო, ვერ იცხოვრებს, იქაური ჩვევები თუ არ შეიძინა. 7 წლის, მე უკვე ყანას ვმკიდი, საქონელს ვმწყემსავდი, მშობლებს ვეხმარებოდი. მახსოვს, დედაჩემს ზურგზემოკიდებული დავყავდი ციცაბო მთებზე, ცხვარში რომ მიდიდოდა.

ახლა ამღისა და მთლიანად არხოტის აღდგენის მშვენიერი პერსპექტივაა. გნებავთ სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის. შესანიშნავი ტრასებია მთიდან ხეობაში. შატილისკენ გადასასვლელებია, პირაქეთა ხევსურეთისკენ გადმოსასვლელებია. გადასარევი საკურორტო ადგილია. მთელი ხეობა სულ წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებითა და მდინარეებითაა სავსე, ჟანგბადით არის გავსილი.

მთელ საქართველოს ვთხოვ, რომ მოგვეხმაროს ამღის გადარჩენაში. საქართველო იამაყებს ამღით“.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 

კამპანია #გადავარჩინოთამღა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში