საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

#გადავარჩინოთამღა - ამირან არაბული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:32 - 05 აგვისტო 2019 hits 12402
ფოტო © Mtisambebi.ge
კულტურა
ფოტო © Mtisambebi.ge

„არხოტი ხევსურეთის უნიკალური კუთხეა, თავისი სოფლებითა და ნასოფლარებით. რამდენიმე სოფელი უკვე წაშლილია - კვირიწმინდა, კალოთანა, თათხელი. ამღა, ჭიმღა და ახიელაღა დაგვრჩა. ამ სოფლებიდან ამღა გამორჩეულია საქართველოს მთიანეთში, სულიერი საუნჯის საბადოა“, - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ამირან არაბული შემოუერთდა კამპანიას #გადავარჩინოთამღა.

„თუ ჩვენ გადავფურცლავთ აკაკი შანიძის ხევსურულ პოეზიას, რომელიც 1931 წელს გამოიცა, ვნახავთ, რომ ხალხური პოეზიის შედევრების უმეტესობა ამღიონ მელექსეებს ეკუთვნის. ამღა მენაპირე სოფელია და იქ საგმირო პოეზიის სწორუპოვარი ნიმუშები იქმნებოდა. არხოტივნები ისეთი ხალხია, ვინც მიუხედავად მატერიალური სივიწროვისა, გაჭირვებისა, უგზოობისა, რაც აქამდე ყველაზე მეტად აწუხებდათ და ღვთის წყალობით, ამას ეღირსნენ, სულ იქით არის მაგათი სული მიდრეკილი, პოეზიისკენ, ხელოვნებისკენ.

ამღიდან იყვნენ ბერდიშვილები. გაგა ბერდიშვილი იყო ასეთი, სახალხო გმირი, რომლის შესახებაც არის დაუჯერებელი ამბები დაგროვილი, ვთქვათ ის, რომ მტრის ტყვია გაგა ბერდიშვილს არ ეკარებოდა. მას თითქოს რაღაც უხილავი დამცველი ჰყავდა საკუთარი ღვთაების სახით. ბევრი საბედისწერო სიტუაციიდან უვნებელი გამოსულა. ამიტომაც არის, გაგას დავლათს ლოცულობენ ბერდიშვილების შთამომავლები. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რეალური პიროვნება საკულტო ობიექტად არის ქცეული.

ამღის გადარჩენა საქართველოს გადარჩენას ნიშნავს. იქ ბევრი რამეა, რაც დღეს უკვე დაკარგულია. ის იდუმალება, ის მისტიკა, რითიც მთა არსებობდა, ამღაშია შემორჩენილი“.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 

კამპანია #გადავარჩინოთამღა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში