საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ დახურა „ბლაუენშტაინ საქართველომ“ რაჭაში პარტნიორი ფერმები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:55 - 19 იანვარი 2019 hits 33639

რაჭაში, სადაც მოსახლეობის მიგრაცია ყველაზე მაღალია, სიკვდილიანობა კი შობადობას 202 %-ით აღემატება, ის პროექტიც ჩავარდა, რომლის მიზანიც მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იყო. ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში 12 პარტნიორი ფერმიდან 9 დახურა.

რა კომპანიაა „ბლაუენშტაინ საქართველო“ და რატომ რაჭა

კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ 2008 წელს შვეიცარიელი ბიზნესმენის მაქს ბლაუენშტაინისა და მისი ქართველი პარტნიორის, ირაკლი კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა. კომპანიის წილის 35 %-ს ირაკლი კერვალიშვილი ფლობს, 50 %-ს შპს „ინთერნეშენალ ეთიკ ფარმ ქონსეფთ ინკ, პანამა“ და 15 %-ს ნორბერტ მაქს ბლაუენშტაინი. კომპანიის ძირითადი მიზანია ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება.

ირაკლი კერვალიშვილი წარმოშობით რაჭიდანაა. „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მესაქონლეობის თანამედროვე ფერმა, სოფელ სორში კი ხორცის პირველადი დამუშავების საწარმო ააშენა. კომპანია ფლობს ხორცისა და ხორცპროდუქტების საფირმო მაღაზიას თბილისში. დასაქმებული ჰყავს 50-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის მონაცემებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 27 მლნ ლარს შეადგენს.

2012 წელს კომპანიამ რაჭაში პარტნიორი ფერმერების პროექტი დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონში ძლიერი, დამოუკიდებელი ფერმერების ჩამოყალიბებას და ჯიშების გაუმჯობესების გზით, მაღალპროდუქტიული პირუტყვის რაოდენობის გაზრდას.

კომპანიის დამფუძნებლის, ირაკლი კერვალიშვილის განცხადებით, „რაჭა მოსახლეობისგან იცლება, მიგრაციის შესაჩერებლად კი სამუშაო ადგილების გაჩენაა აუცილებელი. რაჭის მაღალმთიანეთში მეცხოველეობის განვითარება უალტერნატივოა. ტურიზმის განვითარებაც, მაგრამ ტურიზმის განვითარებამდე რაღაცეები უნდა შეიქმნას და ეს მეცხოველეობაა“.

პარტნიორი ფერმერების პროექტი

სოფელ გლოლაში მცხოვრები გაიოზ ბიჭაშვილი ერთ-ერთია იმ 9 ფერმერიდან, რომელმაც „პარტნიორი ფერმერების“ პროექტში მიიღო მონაწილეობა. იმისათვის, რომ დაინტერესებული პირი აღნიშნულ პროექტში ჩართულიყო, მას უნდა ჰქონოდა 60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით. „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დახმარებით მან ეკონომიკის სამინისტროსგან, მამისონის უღელტეხილთან ახლოს, პირდაპირი გადაცემის გზით, იჯარით აიღო 60 ჰექტარი საძოვარი და სათიბი ხელმისაწვდომ ფასად; შვეიცარიული სტანდარტის ფერმის ასაშენებლად, კომპანიის თავდებობით, ბანკიდან 95 ათასი ლარიც ისესხა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტი იყო. ფერმერი მხოლოდ სესხის 3%-ს იხდიდა, წლიური გადასახდელი თანხა 13 999 ლარს შეადგენდა. ამ თანხის დასაფარად „ბლაუენშტაინ საქართველო“ ფერმერს ყოველწლიურად უხდიდა 14 000 ლარს ექსკლუზიური გადასახადის სახით, დანარჩენ 11%-ს სახელმწიფო ფარავდა. მშენებლობის დასრულებისთანავე ფერმა გაიოზ ბიჭაშვილის საკუთრებად დარეგისტრირდა.

კომპანიამ გაიოზ ბიჭაშვილს შვიცის და სიმენტალის ჯიშის 60 სული საქონელიც გადასცა. „ბლაუენშტაინ საქართველო“ უზრუნველყოფდა ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკურ გაუმჯობესებას მაღალპროდუქტიული ჯიშებით, რომელთა წონა 800-1100 კილოგრამამდე აღწევს.

შეთანხმების მიხედვით, ფერმერს საქონლის გასაზრდელად კომპანია აძლევდა მარცვლეულს, ზრდასრული საქონლისთვის სულზე დღეში 1 კილოგრამს, მოზარდებისთვის 0.5 კილოგრამს. პროექტის ფარგლებში ფერმერი უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური ვეტერინარული მომსახურებით და ხარისხიანი ვეტპრეპარატებით. „ბლაუენშტაინ საქართველო“, პერიოდულად, ფერმერებსა და ფერმების თანამშრომლებს შვეიცარიიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით ამზადებდა კიდეც.  

ფერმერს მხოლოდ საქონლისთვის უნდა მოევლო, გაეზარდა, ზაფხულობით მთაში საძოვარზე წაეყვანა, ზამთარში კი ბაგურ კვებაზე ჰყოლოდა. ფერმერის მოვალეობა იყო ზამთრისთვის თივის მომარაგებაც. საერთო ჯამში, ამ მომსახურებაში კომპანია ფერმერს ანაზღაურებას აძლევდა: 0-დან 6 თვემდე ხბოს შემთხვევაში ყოველ მომატებულ კილოგრამზე ფერმერი 5 ლარს იღებდა; 6-დან 24 თვემდე ყოველ მომატებულ კილოგრამზე 7 ლარს; ზრდასრულ საქონელზე კი, რომელიც შედარებით ნაკლებს იმატებს, წლიურად სულზე 650 ლარს.

„ჩვენ, ხორცისა და ხორცპროდუქტების გაყიდვების გაზრდასთან ერთად, გვინდოდა, რომ რეგიონში ყოფილიყვნენ სრულფასოვანი ფერმერები. გეგმაში გვქონდა, რომ 7 წლის თავზე, როცა ფერმერი სესხს გადაიხდიდა, ეს საქონელი, თითო ფერმაში 60 სული, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი იყო, საკუთრებაში იმ ხალხისთვის გადაგვეცა, ვინც გაამართლებდა. დასაკლავ კონდიციამდე მიყვანილ საქონელს ისევ ჩვენი კომპანია შეიძენდა. ასევე, ფერმერს მუშაობა რომ არ შეეწყვიტა, მივცემდით უკვე 30 ნაჯვარ მოზარდს, 60-ის ნაცვლად. სამწუხაროდ, ვერ მივედით 7 წლამდე“, - ამბობს თათია არაბიძე, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი.

2018 წლის შემოდგომაზე, კომპანიამ რაჭაში, 12 პარტნიორი ფერმიდან 9 დახურა. საქონელი გლოლაში გაიოზ ბიჭაშვილსაც ჩამოართვეს იმ მიზეზით, რომ მის ფერმაში ხშირი იყო საქონლის დაცემის შემთხვევები და წონაშიც ვერ იმატებდნენ. ფერმერის თქმით, კომპანიის მიერ გადახდილი თანხა საქონლის მოსავლელად, დაქირავებული მუშების ანაზღაურებისთვის და სხვა ხარჯების დასაფარად საკმარისი არ იყო.

„მე 2015 წელს ჩავერთე ამ პროექტში. მაშინ ერთი ტუკი თივა 4-5 ლარი მიჯდებოდა, მერე გაძვირდა. ბოლო წლებში 8 ლარზე ნაკლებად ვეღარ ვშოულობდი. ეგენი წლიურად დაახლოებით 38 ათას ლარს მიხდიდნენ, საქონელს კი თითქმის 45 ათასი ლარის თივა სჭირდებოდა. მინდოდა, რომ ფერმის შენობა დამრჩენოდა. 3 წლის განმავლობაში ბანკიდან ვალიც ავიღე, სათიბი ტრაქტორიც ვიყიდე, მაგრამ გლოლიდან მამისონამდე დაახლოებით 30 კილომეტრია და ტრაქტორი ვერ ამყავდა იმიტომ, რომ ხშირად გზა არ იყო გაწმენდილი.

იმ თანხიდან, რასაც მაძლევდნენ, 15 000 ლარი მიდიოდა მწყემსებში, 15 000 ლარი კრედიტის გადასახადში, რომელიც ხელშეკრულებით ამათი გადასახდელი იყო. იჯარის გადასახადი გვქონდა, ქონების გადასახადი, მუშასაც ხომ ფული უნდა, ამდენ თივას შემოტანა ხომ უნდა. გაუთვალისწინებელი ხარჯები ჩათვალე და რომ ვიანგარიშოთ, აქედან საერთოდ არაფერი რჩებოდა. ეს იყო ზუსტად პრობლემა. მე უნდა შემეძინა თივა და შემომეტანა. ამდენი ფული რომ მქონოდა, რად მინდოდა მე „ბლაუენშტაინთან“ თანამშრომლობა. კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა რამდენჯერმე მართლა გაგვიწია დახმარება, მაგრამ რამდენჯერ გაგვიწევდა?

ახლა კომპანია 85 ათას ლარს მედავება. 67 000 ლარი ფერმის მშენებლობის კრედიტია გადასახდელი, 5000 ლარი პირგასამტეხლო დამაკისრეს და 13 000 ლარი იმისთვის, რომ თითქოს კომპანია არ გავაფრთხილე ფერმის დახურვის შესახებ. არადა, ფერმა ჩემი ნებით არ დამიხურავს. საქონელი ჯერ მთაში გვყავდა ისევ, იქიდან ჩამომარეკინეს და წაიყვანეს შარდომეთში, თავის მეურნეობაში“, - ამბობს გაიოზ ბიჭაშვილი.

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ გლოლაში გელა გუტაშვილის ორივე ფერმაც დახურა.

„ჩემთვის აქ მოგება იმდენად არ იყო სახარბიელო, მცირე შემოსავლის გამო, მაგრამ სახარბიელო იყო რომ შენობა-ნაგებობები დაგვრჩებოდა და დამოუკიდებლად შევძლებდით საქმიანობის გაგრძელებას. მე პირადად მინდოდა ჯიშიანი, ხარისხიანი მეწველი საქონლის ყოლა, რაც რაჭაში და განსაკუთრებით ჩვენთან, კურორტ შოვში პრობლემაა. არ არის საკმარისი რაოდენობით არც რძის პროდუქტები და არც ხორცი. არადა, ბოლო რამდენიმე წელია ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და მოთხოვნაც გაზრდილია ადგილობრივ პროდუქციაზე“, - აღნიშნავს გელა გუტაშვილი.

მისი თქმითაც, ერთადერთი მიზეზი, რამაც რაჭაში ამ პროექტის განხორციელება შეაფერხა, თივის მოპოვება - დამზადებასთან დაკავშირებული პრობლემები და გაზრდილი ხარჯებია.

„ჩვენ რომ ეს პრობლემა არ გვქონოდა, პროექტი გაამართლებდა და უნიკალური იქნებოდა. „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ნახევარი მილიონის პროდუქტი აქვს შეძენილი თივის სახით და აგერ რომ დამზადდეს, მამისონის უღელტეხილთან, მთელი სამი სოფელი დასასაქმებელია. დასაქმდებოდა ხალხი და შემოსავალიც გაჩნდებოდა.

- თქვენც უგზოობამ შეგიშალათ ხელი, როგორც გაიოზ ბიჭაშვილმა გვითხრა?

- ეს პრობლემა მუდმივად არის. დღევანდელი ხელისუფლებისგან ხელშეწყობა გვაქვს. შარშან გზები კარგად გაწმინდეს, მაგრამ ჩვენთვის დაგვიანებული იყო, რადგან მეპატრონემ საქონელი უკვე წაიყვანა.

ჩვენთან ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, გავესაუბრეთ კიდეც. მთელი მსოფლიო დაეძებს ბაზარს პროდუქტის რეალიზაციისთვის. ჩვენ რაჭაში ბაზარი გვაქვს და პროდუქცია არაა - რძე, რძის პროდუქტები, ხორცი. თვითონაც გაუკვირდა, ეს რომ ვუთხარი. იყო დაპირებები, რომ სათიბებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგდებოდა, მაგრამ რატომ არ შესრულდა, ჩემთვის უცნობია. ეს პროექტი დიდად შეუწყობდა ხელს ტურიზმის განვითარებას. ახლა რომ გავიდეთ და ერთად მოვიაროთ მთელი სოფელი, საკლავს ვერ იშოვი. ჯერ სოფელია დაცლილი. მოსახლეობას უკვე იმ რაოდენობის პირუტყვი აღარ ჰყავს, რომ მოიმეტოს და გაყიდოს. თითო, ორი სული საქონელი ჰყავთ, მეწველი ძროხები. მეხორცული ძალიან გაჭირდა.

შოვს ზემოთ ტერიტორია საზღვრისპირა ადგილებია. იქ ხალხის ყოფნას და ტრიალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზემოდან, მამისონის უღელტეხილიდან, 2008 წლის შემდეგ რუსები დაგვყურებენ. როცა ხედავდნენ, რომ სათიბ-საძოვრებს ხალხი იყენებდა, ზაფხულში გაშლილები ვიყავით, ვმუშაობდით, მიტოვებული არ იყო იქაურობა“.

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორის თათია არაბიძის თქმით, ფერმერები საქმეს საკმარისი პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ.

„თავიდანვე დაეზარათ თივის წარმოებაში ჩართვა და ყიდვა გადაწყვიტეს. პირველივე წელს ისესხეს ჩვენგან ფული, რა თქმა უნდა უპროცენტოდ. როცა გწერს, რომ მშენებლობა გაუძვირდა, მწყემსებს დაიქირავებს, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მივეცით. ზოგს 20 000 ლარი, ზოგს 35 ათასი, ავანსად. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, ეს იყო შეცდომა. ადამიანს, რომელსაც ყველაფრით უზრუნველყოფ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობის დონემ დაიწია.

როცა თქვეს, რომ ტექნიკას ვერ ქირაობდნენ, „მექანიზატორს“ მოველაპარაკეთ და შეღავათიანი ტარიფები და გამარტივებული პირობები ჰქონდათ. მერე თქვეს, რომ ამბროლაურიდან ტექნიკა არ მიდიოდა, ზესტაფონის ბრიგადა მოემსახურათ.

ბიჭაშვილს 8 ლარი რატომ დაუჯდა იცით ერთი ტუკი თივა, ფერმერს თივა თვითონ უნდა ეწარმოებინა, ის კი სართიჭალიდან ყიდულობდა, თანაც არასეზონზე და 8 კი არა, 10 რომ არ უჯდებოდა, ისიც მიკვირს.

იქნებ ამ ხალხის მონდომება რამენაირად გაგვეზარდა, შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტექნიკა მოთიბავდა, თივას 2 ლარად მივცემდით. ან თუ ძალიან შორს იყო სათიბი, 3 ლარად. ზოგიერთი ამაზეც არ წამოვიდა. ზოგიერთს რომ ვუთხარით, აბა, გვაჩვენე შენი ნაკვეთი, გავგზავნით ჩვენს ბრიგადას, მოგითიბავთ და მინიმალურ ფასად გავაკეთებთ, თანაც განვადებით, ახლა საერთოდ არ გვინდა ფული, როცა გექნება, ნელ-ნელა გაგიქვითავთ, ზოგიერთმა თავის ნაკვეთს ვერ მიაგნო.

ისიც შევთავაზეთ, რომ ჩვენს ნაკვეთზე მოვთიბავდით და იქიდან წაეღოთ, ტრანსპორტირების ორგანიზებაც არ გააკეთეს და ეს თივა ლპებოდა იქ.

რა უნდოდათ, არ ვიცი, ეს კითხვა ჩვენც გვაწუხებს. პროექტი გათვლილი იყო საოჯახო ტიპის ფერმერული ბიზნესის წარმოებაზე, მაგრამ უმეტესად, თვითონ საქმეში არ ყოფილან ჩართულები. მწყემსებიც იქირავეს, ფიზიკურადაც სხვებს ამუშავებდნენ, ბალახსაც არ თიბავდნენ და თივას ყიდულობდნენ“.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ჩავარდნის შედეგად 1.8 მილიონი ლარი იზარალეს. ყოფილი პარტნიორებიდან რამდენიმესთან სასამართლო დავა მიმდინარეობს, ვალის აღიარების და თანხის დაკისრების მოთხოვნით. „ჩვენ მათ მიერ აღებული ყველა საბანკო ვალდებულება გავისტუმრეთ. არავის ვახრჩობთ, ვალის აღიარება ვთხოვეთ, გადახდის ყველაზე მარტივი გრაფიკი შევთავაზეთ და ზოგმა მაინც უარი თქვა“, - ამბობს თათია არაბიძე.

ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის თქმით, 2018 წელს მისთვის არავის მიუმართავს, მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების მოთხოვნით: „იქ სასაზღვრო პოლიცია დგას. ისინი მანქანებით მოძრაობენ და გზა ზაფხულში ყოველთვის არის. უშუალოდ სათიბებამდე რომ ყოფილიყო მისასვლელი გზა, ჩვენთვის არავის უთხოვია არც გასულ წელს და არც წინა წლებში“.

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახლა რაჭაში მხოლოდ სამი პარტნიორი ფერმერი ჰყავს, ერთი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში (მესაკუთრე ქეთი საბანაძე, ონის მერის ემზარ საბანაძის შვილი) და ორიც ამბროლაურში.

„სამომავლოდ მათთან მაინც თუ მოხერხდება პროექტის ფინალამდე მიყვანა, ჩვენ მივიღებთ სამ ძლიერ ფერმერს, რაც მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის“, - ამბობს თათია არაბიძე.

პროექტის ჩავარდნის მიუხედავად, კომპანია რაჭაში მეცხოველეობის განვითარებისთვის, წელს, მარტიდან მაინც აპირებს ახალი პროექტის დაწყებას: „აქაც არ გვაქვს ფინანსური ინტერესი. ვაპირებთ საქონლის ჯიშების გაუმჯობესება შევთავაზოთ კერძო მესაკუთრეებს. მაღალპროდუქტიული, მთის პირობებზე მორგებული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით განაყოფიერებას ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ, ფინანსური თანამონაწილეობა იქნება სავალდებულო პირობა. თავის ძროხას ყველა უფრთხილდება. იმ ხბოს რომ გაზრდის, ჩვენ ვიყიდით კარგ ფასად. იქნებ ამით მაინც შევუწყოთ ხელი რეგიონის განვითარებას“.

რაჭა საქართველოში ყველაზე მეტადაა დაცლილი. ონის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში 10-ზე ნაკლები ადამიანიღა ცხოვრობს, 4 სოფელი უკვე ნასოფლარია, 46 სოფელში კი 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში