საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზაზე უფასო Wi-Fi უღელტეხილის შემდეგ უკვე სამხევშიც არის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:48 - 30 ივნისი 2018 hits 10513

თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილის შემდეგ უფასო Wi-Fi ვიზიტორებისთვის უკვე სამხევშიც არის ხელმისაწვდომი, ე.წ. თუშეთის კარიბჭესთან, იქ, სადაც რეინჯერების სახლი დგას. ინტერნეტის სიჩქარე შესაძლებლობას გაძლევთ სამხევიდან ვაიბერით, სკაიპით ან სხვა საშუალებებით არა მხოლოდ დარეკოთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან და უთხრათ, რომ თუშეთის ექსტრემალურ გზაზე მშვიდობით იმგზავრეთ, არამედ პირდაპირი ეთერიც ჩართოთ და თუშეთის წარმტაც ბუნებას მეგობრების ფართო წრეც აზიაროთ.

უახლოეს დღეებში ვიზიტორებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით, სამხევში საინფორმაციო ჯიხურიც დაიწყებს მუშაობას, სადაც ტურისტებს კონსულტაციას გაუწევენ და რჩევებს მისცემენ თუშეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი 2017 წელს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ და თუშეთის განვითარების ფონდმა, ამერიკული ორგანიზაციის, ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.

თუშეთი ფიქსირებული რადიოქსელით თელავის რაიონს დაუკავშირდა. აბანოს უღელტეხილზე, დიკლოს მთაზე, ჩიგლაურთას კეხზე, მაკრატელას ქედსა და კოკლათაში, ზღვის დონიდან 3150 მეტრზე და ადგილებში, სადაც სამანქანე გზა არ მიდის, პროექტის განმახორციელებლებმა, ანძები და აპარატურა დასამონტაჟებლად ცხენებით და ხელით აიტანეს.

ინტერნეტი თუშეთის 30-მდე სოფელშია ხელმისაწვდომი, მათ შორის რამდენიმე ისეთ სოფელშიც, სადაც სატელეფონო კავშირი ამ დრომდე არ არის და იქ, მუდმივად თუ სეზონურად მცხოვრებ თუშებს პირველად მიეცათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

„თუშეთში განხორციელებული პროექტი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის საფუძველზე უახლესი ტექნოლოგიები დაინერგოს იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არასდროს ყოფილა, სადაც ინტერნეტზე წვდომა არასდროს ჰქონიათ. ამ მოდელის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - ასე შეაფასა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი ამერიკული ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ეჩებერიამ, 2018 წლის ივნისის დასაწყისში, თბილისში ინტერნეტმმართველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში