საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

 „აწარმოე საქართველოში“ მცირე გრანტების პროგრამას 21 მარტიდან იწყებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:28 - 17 მარტი 2022 hits 30344

სააგენტოაწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნესიდეების მიღებას 11 აპრილამდე გააგრძელებსსაგრანტო კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. პროგრამა არ იღებს განაცხადებს იურიდიული პირებისგან და იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც 2020 წლის კონკურსში გაიმარჯვეს, თუმცა მონაწილეობა არ ეზღუდებათ 2015-2018 წლებში მხოლოდ ერთხელ დაფინანსებულ მეწარმეებს. პროგრამა მთელ საქართველოს მოიცავს და მის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

გრანტის მოცულობა 30 000 ლარია, თუმცა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, გურიასა და კახეთში ეს თანხა 40 000 ლარამდე გაიზრდება, რადგან ამ რეგიონებს მოიცავს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით დაწყებული ინტეგრირებული განვითარების პროგრამა.

გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობამ გრანტის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი  - 10%. იმ შემთხვევაში, თუკი კონკურში ისეთი მეწარმე გაიმარჯვებს, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა დაფინანსება, მაშინ მას პროგრამა 50 %-ით თანამონაწილეობას ავალდებულებს, მაღალმთიან დასახლებებში - 25%-ით.

ეკონომიკური საქმიანობები, რომლებსაც პროგრამა აფინანსებს: ავეჯის წარმოება; სარეკლამო, დიზაინერული, მთარგნმნელობითი საქმიანობა; ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება; საკვები პროდუქტციის წარმოება; ვეტერინარული საქმიანობა; მცირე სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების მოწყობა; ლითონის ჩამოსხმა და დამუშავება; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება; ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება და სხვა.

პროგრამა არ აფინანსებს: რელიგიურ, პოლიტიკურ, საომარი და სხვა მსგავს აქტივობებს; ბიოლოგიური აქტივების შეძენას; არალეგალური პროდუქტების, იარაღისა და საბრძოლო მასალების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს წარმოებასა და ვაჭრობას; ასევე, აზარტული თამაშების კომპანიებსა და კაზინოებს.

ბიზნესიდეების მიღება 21 მარტს დაიწყება და 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამაში მონაწილეობა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

  • ბიზნესიდეების კონკური - იდეების კონკურსის ფარგლებში ბიზნეს იდეები/ განაცხადები რეგისტრირდება ონლაინ რეჟიმში;
  • განაცხადების (ბიზნესიდეების) განხილვა/შეფასება;
  • პირველადი კანდიდატების დატრენინგება პროექტის, ბიზნესგეგმის შედგენაში;
  • ბიზნესგეგმების კონკურსი;
  • წარმოდგენილი პროექტის (ბიზნესგეგმები) შეფასება;
  • თანამონაწილეობის თანხის დახარჯვა - სააგენტოსგან გრანტის მიღებამდე ბენეფიციარმა უნდა გახარჯოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა;
  • გრანტის თანხის ჩარიცხვა - სააგენტოს მიერ, გრანტის თანხა ბენეფიციარის ანგარიშზე ჩაირიცხება მას შემდეგ, რაც განხორციელდება ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის თანხით პროგრამული აქტივობების შესრულება და შესყიდვის სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა;
  • შუალედური და საბოლოო მონიტორინგი - პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბენეფიციარის მიერ სამუშაოებისა და შესყიდული აქტივების, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ადგილზე ინსპექტირება/ შემოწმება;
  • დამატებითი ტრენინგები․

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე;
  • არ არის საჯარო მოხელე;
  • არ არის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის 2020 წლის ბენეფიციარი / 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის დადგენილება);
  • აცხადებს მზაობას, ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;
  • პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა, გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 10% ოდენობით;
  • პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა, გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 50%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 25%;
  • ფინანსდება ბიზნესსაქმიანობები, რომლებიც განსაზღვრულია ამავე პროგრამის დადგენილებაში, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა, რომელიც არ არის აკრძალული გადასახადის გადამხდელი პირებისთვის.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • აპლიკანტს განაცხადის წარდგენის ეტაპზე არ მოეთხოვება რაიმე სახის დოკუმენტაცია. განაცხადი ივსება და რეგისტრირდება ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
  • მონაწილის მიერ პროგრამით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლისა და გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს და აპლიკანტს შორის.

ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის აპლიკანტმა უნდა წარადგინოს:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • საქართველოში რეგისტრირებული კომერციული საბანკო დაწესებულებიდან მეწარმის ანგარიშსწორების ანგარიშის რეკვიზიტები;
  • ცნობა კომერციული ბანკიდან მინიმალური თანამონაწილეობის თანხის მობილიზების შესახებ;
  • ცნობა მიმდინარე ვადაგადაცილების არქონის შესახებ კომერციული ბანკიდან, სადაც ირიცხება გრანტის თანხა;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თანამონაწილეობის და თანდაფინანსების გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სავალდებულოა, ყველა შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გონივრულ ფასად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისგან, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

პრიორიტეტული საქმიანობები:

  • ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები;
  • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტები;
  • მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები;
  • ახალი ბიზნესის წამოწყება;
  • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებულის გაფართოება;
  • ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებული ბიზნესის გაფართოება.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის პირობებსა და კრიტერიუმებზე შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე www.enterprise.gov.ge.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის გაცხადებულიც მიზანიც მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, 2014 წლიდან ხორციელდება. პროგრამის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2014-2020 წლებში: გაფორმდა 539 ხელშეკრულება; პროგრამას ჰყავდა 405 გამარჯვებული; დამტკიცებული სესხის მოცულობამ 676.8 მლნ. ლარი შეადგინა, ჯამურმა ინვესტიციამ კი 1 მილიარდზე მეტი; შეიქმნა 17 307 სამუშაო ადგილი.

2020 წელს, კოვიდპანდემიის გამოწვევების საპასუხოდ,  პროგრამები გაფართოვდა, ბიუჯეტი კი 57.5 მლნ ლარიდან 477 მლნ ლარამდე გაიზარდა. შარშან, 2021 წელს, სააგენტოს საგრანტო კონკურსი არ გამოუცხადებია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში