საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთი ბიტკოინის მსოფლიო რუკაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:43 - 21 იანვარი 2022 hits 49414

იანვრის იმ საღამოს, როდესაც ერთი ბიტკოინის ფასმა 42 000 დოლარს მიაღწია, „მთის ამბების“ რედაქციაში ამერიკული ინტერნეტგამოცემა BuzzFeed-ის რეპორტიორმა დარეკა და ზემო სვანეთის რამდენიმე მცხოვრების, მათ შორის, მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის ტელეფონის ნომერი ითხოვა. ჟურნალისტს სურდა, მისთვის დაუჯერებელი და უცნაური ამბის დეტალებში გარკვეულიყო.

ახალი წლის წინა დღეს, ორკვირიანი უშუქობის შემდეგ, მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა ხატზე დაიფიცეს, რომ კრიპტოვალუტის მომპოვებელ მაინერებს გამორთავდნენ. „დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს“ - ფიცის გამტეხი დაიწყევლა.

ამ ამბიდან სამი კვირის შემდეგაც არაფერი შეცვლილა - ზემო სვანეთი კვლავაც იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს და ისევე დგას ელექტროენერგიის კრიზისის საფრთხის წინაშე, როგორც მანამდე, როდესაც ლაჯანურის ხაზი დაზიანდა და ტურიზმზე დამოკიდებული რეგიონი, ზამთრის საკურორტო სეზონზე, ერთი კვირით, უშუქოდ დარჩა.

ზემო-სვანეთში, სადაც მოსახლეობისთვის დენი ენგურჰესისა და სხვა ჰესების მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ უფასოა, ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის რაოდენობისა და წინასწარ ნავარაუდევი საჭიროებების საპირისპიროდ, ბოლო წლებში, რადიკალურად იზრდება. გაუთვალისწინებელი დატვირთვა ისედაც მოძველებული ქსელის დაზიანებას და ელექტროენერგიის გათიშვებს იწვევს. ადგილობრივი ხელისუფლებაც და დენის გამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ ზედმეტი მოხმარების მიზეზად კრიპტოვალუტის მწარმოებელ ფერმებს და ელექტროენერგიის დატაცებას ასახელებენ.

მაინერების არსებობას მოსახლეობაც ადასტურებს, თუმცა ირწმუნებიან, რომ იმ პირობებში, როდესაც „ერთი მაინერი დაახლოებით 3 000 დოლარი ჯდება, გლეხს, ვისი ერთადერთი შემოსავალიც კარტოფილი და 2 ძროხაა“, ფერმის აწყობა არ შეუძლია.

„იცით, რატომ დავიფიცეთ? მთავრობა და „ენერგო-პრო“ ხალხს მოგვმართავენ და ჩვენ გვაბრალებენ, გამორთეთ მაინერებიო. აქ ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი ვიცით. მოსახლეობაში ეს მაინერები ცოტაა, არაფერია ელექტროენერგიის იმ ხარჯთან, რაც სვანეთს აქვს. ვისაც ჰქონდა, იმათაც გამორთეს. დიდი კლება არ არისო. იმიტომ არ არის, რომ მათი საკუთარი და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი მაინერები არ გამორთულა“, -  მალხაზ  ფალიანი ხატზე დაფიცების ერთ-ერთი მოთავე იყო, ფიცის დადებას კი ის მიზანიც ჰქონდა, რომ ადგილობრივებს ყველასთვის ეჩვენებინათ - მათი მაინერები ენერგოკრიზისს ვერ შექმნიდა და თუკი ფიცის შემდეგაც არ შემცირდებოდა ენერგომოხმარება, ამით ცხადად გამოჩნდებოდა, რომ პრობლემის სათავე არა მოსახლეობაში, არამედ სხვაგანაა.

პრობლემის სათავე „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნდა იპოვოს, თუმცა კომპანია ჩივის, რომ ფერმების გამოვლენას და ელექტროენერგიის დატაცების საფუძვლიან აღრიცხვას ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს - არ აძლევენ მათსავე საკუთრებაში არსებულ ტრანსფორმატორებზე მრიცხველების დაყენების საშუალებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მინუციპალიტეტის სრულ გამრიცხველიანებაზე, და მათ თანამშრომლებს ფიზიკურადაც ემუქრებიან, თუმცა ამაზე არც ადგილობრივი პოლიცია და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას არ ახდენენ.

პოლიცია მაინერების ამოღების საქმეში რამდენჯერმე ჩაერთო. 2020 წლის დეკემბერში, მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში კრიპტოვალუტის იმხელა ფერმა აღმოაჩინა, რომელიც 4-5 სოფლის სამყოფ ელექტროენერგიას მოიხმარდა. 2020 წლის დეკემბერში, 600 მაინერი ამოიღეს სოფელ იდლიანიდან, სოფელ ხაიშიდან კი - 2 000-მდე. გამოძიება ენერგორესურსების სარგებლობის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

რა შედეგით დასრულდა გამოძიება ამ საქმეებზე და „ენერგო-პროს“ რამდენ მიმართვაზე დაიწყო ძიება - ამ კითხვებით „მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებამ, ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კომენტარზე უარი გვითხრა და საჯარო ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა გვირჩია.

 

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა

ამაზე ეკონომიკის მინისტრსა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნათია თურნავა სამართალდამცველების ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს, დავით ნარმანია კი ფიქრობს, რომ პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა.   

„მწვანე ალტერნატივის“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორისთვის, დავით ჭიპაშვილისთვის, პრობლემის მოგვარება არა ხელისუფლების ან კერძო კომპანიის შესაძლებლობების, არამედ ნების საკითხია, - „უნდა დაიწყოს, უშგულიდან იდლიანამდე, ყველა სოფლისა თუ სახლის სრული რევიზია. უნდა გავყვეთ სადენებს, რომლებიც კრიპტოვალუტის ფერმებამდე მიგვიყვანს და უნდა გამოვლინდეს კრიპტოვალუტის შედეგად ენერგიის უკანონო მიტაცების ფაქტები.“

კიდევ ერთ გამოსავალს სემეკიცა და სპეციალისტებიც გამრიცხველიანებასა და ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე ლიმიტის დაწესებაში ხედავენ.  

ალექს სუდაძე კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტია. იხსენებს, რომ სხვადასხვა დროს, არაერთხელ მიუწვევიათ ზემო-სვანეთში და რჩევა უთხოვიათ, -  „არ შეიძლება შენი კეთილდღეობა მოიწყო სხვის ხარჯზე. პრობლემა რომ მოგვარდეს, უნდა დაიწყო პრობლემის აღიარება - და პრობლემა უნდა დავინახოთ მრავალმხრივ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ყველას ავუხსნი, რომ ეს პოსტკომუნისტური, 1987 წელს გაკეთებული ქსელი, ტრანფორმატორი და ფიდერი ისედაც ვერ გაუძლებს დატვირთვას, მით უმეტეს ამხელა მოხმარებას. კაპიტალურად უნდა გადაკეთდეს.

ერთი მაინერი 1 კვტ.საათს მოიხმარს, ზოგს მეტიც აქვს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ იქ დაბალრენტაბელური მაინერებია, 2016-ში გამოსული, რომლებსაც 3 წელიწადში უკვე შეცვლა სჭირდება. ასეთი დამოკიდებულებაა - რასაც დაწერს, დაწერს.“

 

ბიტკოინის დაბადება

ზუსტად 13 წლის წინ, იანვარში, როდესაც სატოში ნაკამოტომ, ბლოკჩეინ ტექნოლოგია შექმნა და პირველი ბიტკოინი „დაწერა“, მსოფლიო სხვა დიდი ამბებით იყო დაკავებული - ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზას უტევდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუთმენლად ელოდნენ ბარაკ ობამას ინაუგურაციას, ავსტრალია სერენა უილიამსის ტრიუმფისთვის ემზადებოდა, საქართველო კი ძლივს გამოდიოდა აგვისტოს 5-დღიანი ომის შოკიდან. მაშინ მესტია ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის მთავარი ტურისტული მიმართულება, ჯერ არც აეროპორტი ჰქონდა და არც ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასები. ზემო სვანეთი ის ის იყო იწყებდა თავისი მდიდარი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას და მსოფლიოსთვის გაცნობას. არათუ სვანეთში, მსოფლიოშიც არავინ იცოდა, რომ ნაკამოტოს შექმნილი პირველი ბლოკი გლობალურ ბიზნეს ჯაჭვად იქცეოდა, ბიტკოინი კი ყველაზე ძვირადღირებულ ციფრულ ვალუტად.

თქვენ გამყიდველს აწვდით ქაღალდის ბანკნოტს, ან პლასტიკურ ბარათს, ის კი სამაგიეროდ გაძლევთ ყავას ან კვერცხს - ეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეულებრივი სურათია. ციფრული ვალუტაც ასეთივე ფულია და ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ რეალურ სამყაროში ეკვივალენტი არ გააჩნია. მას ვერც სახელმწიფო და ფინანსური სტრუქტურები აკონტროლებენ, შესაბამისად, ამ მეთოდით თანხის გადარიცხვა ტრადიციულთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია.

ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბიტკოინია, რომლის შესახებაც მსოფლიომ პირველად 2008 წლის მიწურულს შეიტყო. მაშინ 1 ბიტკოინის ფასი 0 ცენტი იყო, 2010 წლის ზაფხულში ის 09.2 დოლარი გახდა.

„10 ათას ბიტკოინს გადავიხდი... თუნდაც ორ დიდ პიცაში, ისე რომ ცოტა მეორე დღისთვისაც დამრჩეს...“, - დაწერა 2010 წელს, ინტერნეტფორუმში, ახალგაზრდა ჯეკსონვილელმა პროგრამისტმა, ლაზლო ჰანიეცმა, რომელსაც ძალიან უნდოდა, ჯერ კიდევ ახალგამოჩენილი კრიპტოვალუტით რაიმე ეყიდა. ლაზლომ 10 ათას ბიტკოინად ორი პიცა შეუკვეთა და მაშინდელი გაცვლითი კურსით, დაახლოებით 41 დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 20 იანვრის კურსით, ლაზლოს ორი პიცის ღირებულება 420 მილიონი დოლარი იქნებოდა.

ბიტკოინის ფასი მუდმივად იცვლება, ისევე, როგორც იმ სხვადასხვა კრიპტოვალუტის, რომლებიც ბიტკოინის შემდეგ შეიქმნა და რომლებსაც ალტკოინებს უწოდებენ. მეორე, ყველაზე ღირებულ ვალუტად, ბიტკოინის შემდეგ, ეთერიუმი მიიჩნევა და მისი ფასი, მაგალითად, 20 იანვარს 3 000 დოლარი იყო.

კრიპტოვალუტის ფლობის ორი გზა არსებობს: ყიდვა და გამომუშავება. ყიდვა ონლაინ შეიძლება, მის გამოსამუშავებლად კი სპეციალური აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო. კრიპტოვალუტის გამომუშავებას ეწოდება „მაინინგი“, რაც ინგლისურად მოპოვებას ნიშნავს. კრიპტომაინინგი მართლაც ძალიან ჰგავს ძვირფასი მეტალის მოპოვების პროცესს. თუკი ტრადიციული მეშახტეები ოქროს, ვერცხლს თუ ძვირფას ქვებს ბუნებაში, ფიზიკურ სამყაროში მოიპოვებენ, კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად მეშახტეების კომპიუტერებმა ძალიან რთული მათემატიკური ამოცანები უნდა გადაჭრან, რომ „ჯილდოდ“ ბიტკოინი მიიღონ. ამ ალგორითმების ამოხსნა მუდმივად რთულდება, „ჯილდო“ კი მცირდება.

რაც უფრო იმატებს ბიტკოინის ფასი და რაც უფრო მეტი აპარატურა ერთვება მის გამომუშავებაში, მით უფრო რთულდება ბიტკოინის მოპოვება. თუკი თავდაპირველად ჩვეულებრივი სახლის კომპიუტერებიც კი საკმარისი იყო კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად, დღეს გჭირდებათ სპეციალურად აშენებული ერთეული, რომელიც აღჭურვილია რამდენიმე გრაფიკული ბარათით, ან სპეციალური ინტეგრირებული სქემებით.

 

საქართველო ბიტკოინის რუკაზე

სად და რომელ ქვეყანაში უფრო მომგებიანია ამ ბიზნესის კეთება, ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: საკუთრების უფლება და რეგულაციები, ელექტროენერგიის სიიაფე, ინტერნეტის სიჩქარე  და გრილი კლიმატი, რადგან კრიპტომაინინგის აპარატურას გაგრილება სჭირდება.

საქართველო კრიპტობიზნესის რუკაზე მოხვდა სწორედ ლიბერალური რეგულაციებით, ელექტროენერგიის სიიაფით და ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის შემოსვლით.

The Bitfury Group-ი ბიტკოინ მაინინგის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია მსოფლიოში. 2011 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელსაც მთავარი ოფისი ნიდერლანდებში აქვს, 20-მდე ქვეყანას აწვდის სხვადასხვა სახის სერვისს. „ბიტფური“ შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას ბლოკჩეინის მეშვეობით აქტივების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. მისმა შემოსვლამ საქართველო მსოფლიოში ბიტკოინის მაინინგის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად აქცია.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე  და დამფუძნებელი წარმოშობით ლატვიელი ვალერი ვავილოვია. „ბიტფურის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია გიორგი კიკვაძე, რომელიც 2013-2016 წლებში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა.

ჯგუფმა 2015 წელს პირველი ცენტრი გორში გახსნა, რისთვისაც თანაინვესტირების ფონდისგან 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. დაახლოებით ერთ წელიწადში, კომპანიამ ეს სესხი „საქართველოს ბანკის“ სესხით ჩაანაცვლა, თუმცა არაერთხელ მოუწია განმარტების გაკეთება და მტკიცება, რომ ყოფილ პრემიერთან და ქვეყნის რეალურ მმართველთან არაფერი აკავშირებდა. იმავე წელს, „ბიტფურიმ“ ეკონომიკის სამინისტროსგან გლდანში, 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა.  ამ ტერიტორიას მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა, „ბიტფურიმ“ კი იქ მეორე ცენტრი განათავსა.

საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში დანერგა. 2017 წლიდან, ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა და მასში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, ან უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, ბლოკჩეინი დაცულია ფიზიკური განადგურებისგან და კიბერშეტევისგან - მასში არსებული ჩანაწერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება.

იმავე წელს საქართველოში შეიქმნა პირველი ელექტრონული ბირჟა Coinmania.ge  და ქართული კრიპტოვალუტა „ოქროს საწმისი“.

ზუსტად რამდენი ელექტროენერგია იხარჯება საქართველოში კრიპტოვალუტის საწარმოებლად, კონკრეტული მონაცემი არ არსებობს, რადგან კრიპტომეშახტეები ოფიციალურად აღრიცხული და რეგისტრირებულნი არ არიან. შესაძლებელია მხოლოდ ელექტროენერგიის იმ ხარჯის დათვლა, რომელსაც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები მოიხმარენ. 

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მონაცემებით, 2021 წელს პირდაპირმა მომხმარებლებმა 3 554.5 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია შეისყიდეს. მათ შორის არიან კრიპტობიზნესით დაკავებული კომპანიებიც.

„ბი ეფ დი სის“ (Bitfury Georgia) მიერ მოხმარებული დენის მოცულობამ 433.6 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 70.6 მილიონია „ჯეო მეინთენანსის“ მოხმარება. პირდაპირი მომხმარებლების ცხრილში 2021 წლის ივლისიდან ჩნდება კომპანია „აითილები“, რომელმაც ჯამში 58.6 მლნ. კვტ. სთ ელექტროენერგია მოიხმარა. 25.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეისყიდა „დატა ჰაბმა“. 2021 წელს პირდაპირი ბაზრიდან ელენერგია საერთოდ არ შეუძენია უკრაინელ მილიარდერთან, იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებულ კომპანია „ბლოქფაუერს“.

 

კრიპტობიზნესის რეგულირება

საქართველოს კანონით „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“, კომპანიები, რომლებიც ამ ზონაში საქმიანობენ, გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ამიტომაც კრიპტოვალუტის მსხვილი მწარმოებლები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ოპერირებენ. კრიპტობიზნესი მომგებიანია ქვეყნის იმ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მოსახლეობა ან გათავისუფლებულია დენის გადასახადისგან, ან შეღავათებით სარგებლობს. საქართველოში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი სამოთხე მაინც ოკუპირებული აფხაზეთია, სადაც ელექტროენერგია უფასოა და ბოლო რამდენიმე წელია, ეტაპობრივად, მაგრამ თითქმის უშედეგოდ ებრძვიან კრიპტობიზნესს.

ინტერნეტში ბევრი წვალება არ დაგჭირდებათ იმის სანახავად, რომ კრიპტოვალუტის თემაზე მომუშავე ბევრი საიტი, ამ ბიზნესისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად საქართველოსაც ასახელებს ესტონეთის, შვედეთისა და ნორვეგიის გვერდით. მართალია ჩვენთან ინტერნეტი ძალიან სწრაფი არაა, სამაგიეროდ კლიმატი, ელექტროენერგიის ფასი და კანონმდებლობა მოსახერხებელია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის გადაწყვეტილებით:

  • „კრიპტოაქტივის მიწოდება [კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე] გათავისუფლებულია დღგ-სგან;
  • ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;
  • კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის [სიმძლავრის] მიწოდება:

– არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.

– ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები არის საქართველოში რეგისტრირებული პირი ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება“.

მსოფლიოში კრიპტოვალუტის რეგულირებაზე რაიმე ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. მაგალითად, ისრაელში ბიტკოინი ლეგალიზებულია 2017 წლიდან, კრიპტომაინინინგს კი სახელმწიფო როგორც ბიზნესს, ისე ეპყრობა და შესაბამისად ბეგრავს.

არაერთ ქვეყანას სხვადასხვა ფორმით შეზღუდული აქვს კრიპტოვალუტის წარმოება. ჩინეთმა, რომელიც კრიპტოვალუტის ბიზნესის ლიდერი იყო და მსოფლიო წილის 50-60 პროცენტს იკავებდა, ეს საქმიანობა 2022 წლის იანვრიდან უკვე სრულად აკრძალა. მსგავსი აკრძალვა ახლახან ძალაში შევიდა კოსოვოშიც. კრიპტოვალუტა, ჩინეთის გარდა, აკრძალულია კიდევ 8 ქვეყანაში. მისი გამოყენება და მოპოვება, მსოფლიოს კიდევ 42 სახელმწიფოში, სხვადასხვა ფორმით იზღუდება. კრიპტოვალუტის მიმოქცევისა და მაინინგის აკრძალვას ითხოვს რუსეთის ცენტრალური ბანკიც. შეზღუდვებზე საუბრობს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანო, რომლის მთავარი არგუმენტიც კლიმატის ცვლილებებზე კრიპტოვალუტის წარმოების გავლენაა.

კრიპტოვალუტას ხშირად უწოდებენ ვირტუალურ ფულს, რომელიც ფიზიკურ კვალს ტოვებს.

დაზუსტებით იმის გამოთვლა, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ბიტკოინი შეუძლებელია, სხვადასხვა კომპიუტერი სხვადასხვა გაგრილების სისტემას საჭიროებს. მსოფლიოს მასშტაბითაც, ისევე როგორც საქართველოში, ყველა მაინერი რეგისტრირებული არაა. კემბრიჯის უნივერსიტეტის გათვლებით ბიტკოინი წელიწადში სავარაუდოდ, 137.65 ტრვტ. საათს მოიხმარს, რაც მთელი არგენტინის, ან ერთიანად გუგლის, ეფლის, ფეისბუკისა და მაიკროსოფტის მოხმარებაა.

ერთ-ერთი კვლევით, ბიტკოინს შეუძლია, მომდევნო სამ ათწლეულში გლობალური დათბობა დააჩქაროს და 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესრულება შეუძლებელი გახადოს. ვებგვერდის digiconomist.net-ის მიხედვით, ერთი ბიტკოინის ტრანზაქციისთვის იმდენივე ელექტროენერგიაა საჭირო, რასაც ერთი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახი 74 დღის განმავლობაში მოიხმარს.

ენერგიის მოხმარება დაასახელა აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთის ხელისუფლებამაც. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კრიპტობიზნესის ლიდერის ადგილი დაკარგა (ქვეყანამ ეტაპობრივად განახორციელა შეზღუდვები), მკვეთრად გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატების წილი. მაინერების დიდმა ნაწილმა ყაზახეთსა და რუსეთში გადაინაცვლა.

„იმდენი ქნეს ჩინელმა ბიზნესმენებმა, სამთავრობო მექრთამეებმა და ლმობიერმა პოლიტიკამ, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდნენ. ჯერ დაერივნენ კრიპტომწარმოებლებს, ამათაც ერთი პროვინციიდან მეორეში გადაჰქონდათ ბიზნესი, მერე მთლიანად რომ აიკრძალა, გადაივსო რუსეთი და ყაზახეთი. დღეს იქაც ენერგეტიკული კოლაფსია, რადგან იქაც ქრთამი ყვავის, თან არასწორად მართავენ სიტუაციას. აგერ, ისრაელი, როგორ ჭკვიანურად იქცევა. ახლა თუ სახელმწიფო სწორად დაალაგებს ყველაფერს, დღეს ძალიან დიდი შანსი ჩნდება საქართველოსთვის“, - ალექს სუდაძე დარწმუნებულია, რომ ბაზრიდან ჩინეთის ჩამოშორება ახალ პერსპექტივებს გვიჩენს, ჩინეთის მაგალითი კი ჩვენთვისაც კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს, - „ჩინეთს ურემი გადაუბრუნდა. სახელმწიფო არ უნდა მივიდეს ურმის გადაბრუნებამდე, პრობლემა უნდა აღიაროს და მოაგვაროს დროულად, თორემ როდესაც სოფელი სოფელზე გაიწევს, ადამიანი ადამიანზე, მერე გვიანი იქნება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში