საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა მხარდაჭერა სჭირდება 25 წლის ბიჭს, რომელიც შქმერში გადასახლდა და მესაქონლეობა დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:13 - 01 თებერვალი 2020 hits 95422

თბილისში 148-ე სკოლის დამთავრებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ რაჭაში, ბებია-ბაბუის სოფელში უნდა გადასახლებულიყო და მესაქონლეობა დაეწყო. იცოდა, სადაც მიდიოდა. ისიც იცოდა, რა პრობლემების გადალახვა მოუწევდა. მეგობარიც შეაგულიანა. ნათესავის დახმარებით, ბანკიდან 8 ათასი ლარი სესხი აიღო, საქონელი იყიდეს და წავიდნენ. მისმა მეგობარმა მთაში მძიმე ყოფას დიდხანს ვერ გაუძლო.

25 წლის მიშო დაუშვილი წელიწადნახევარზე მეტია უშოლთაში მარტო ცხოვრობს. უშოლთა შქმერის თემშია, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. უკვე 15 სული ძროხა ჰყავს. რაც მეტია საქონელი, შრომაც მეტი უწევს. საქონლის გამოსაზამთრებლად ბალახს ხელით თიბავს, ხელით აგროვებს, ხელით ეზიდება, ძროხას ხელით წველის, ხელით აყველებს.

„ზამთარში იმდენი საქმე არაა, როგორც ზაფხულში. ზამთარში მხოლოდ ბოსელის დასუფთავება და თივის დაყრა მიწევს, ზაფხულში კი დილიდან საღამომდე ვშრომობ. ტექნიკა რომ არ მაქვს, ყველაფრის კეთება ხელით მიწევს“, - მიშომ ბალახის მოტობლოკი-სათიბელას შესაძენად საჭირო 3 ათასი ლარი ჯერ ვერ შეაგროვა. ყველს რასაც ყიდის, სესხს და პროცენტს იხდის. მექანიზაცია არც სოფელში აქვთ: „ბანკის ვალს რომ მოვრჩები, მერე ამოვისუნთქებ. თავიდან გიჭირს, ერთი ორი წელი და მერე აღარ. დაპირებები კი იყო და არის, რომ ყურადღებას მომაქცევდნენ. არვიცი, სხვებს რამდენად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მერ ჯერ არაფერი მიგრძვნია“.

სახელმწიფო პროგრამების შესახებ იცის. სათიბელა რომ ჰქონოდა, მონაწილეობაც სცადა. ონსა და ამბროლაურში რამდენჯერმე ჩაიყვანეს, ერთ დღეში ორჯერაც კი.

„ახალგაზრდა კი ვარ, მაგრამ მაინც ძნელია. ამ ბოლო დროს აღარ დავდივარ, ყელში ამოვიდა“ - უშოლთიდან ონამდე 21 კილომეტრია, ორივე გზა 42 კილომეტრი. ამ მანძილს ფეხით გადის.

შქმერიდან ონამდე სოფლის მანქანა მაშინ დადის, როცა გამართულია, ხალხი ჰყავს და ოთხშაბათია - ბაზრის დღე. ერთი გზა 15 ლარი ღირს, მაგრამ შქმერში ამ თანხის გადამხდელი ბევრი აღარავინაა. მანქანაც სიძველის გამო ხშირად ფუჭდება. ახლაც გაფუჭებულია.

„შრომა რომ არ მიყვარდეს, ამ ადგილას ნაღდად ვერ გავჩერდებოდი. ჯოკრის თამაში რომ მოგინდეს, სამივე სოფელში ოთხ ადამიანს ვერ შეაგროვებ“, - ამბობს მიშო და გვიყვება, რომ უშოლთაში მის გარდა კიდევ ოთხი ოჯახია, სულ 8 ადამიანი. „ახალგაზრდა ბიჭებიც არიან, ძმები, 40 წლის იქნებიან. აქ 40 წლის ახალგაზრდად ითვლება. დანარჩენი მოხუცები გვყავს. ხარისთვალში 5 ოჯახია. იქაცაა ერთი ახალგაზრდა, მაგრამ აქედან 3 კილომეტრია. შქმერი მთლიანად დაცლილია“.

რაჭის სათემო ორგანიზაცია იწყებს კამპანიას 25 წლის #მიშოსმხარდასაჭერად. ვეცდებით, მიშოს სათიბელა და საწველი აპარატი ვაჩუქოთ.

✔️ ანგარიშის ნომერი: GE43LB0115115595796000
✔️ ბანკის კოდი: LBRTGE22
✔️ მიმღები: ააიპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
✔️ დანიშნულება: #მიშოსმხარდასაჭერად

როგორ შეიცვალა შქმერში დასახლებული 25 წლის მიშო დაუშვილის ცხოვრება რეპორტაჟის შემდეგ

საჩხერე ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აიმედებს. იმიტომ არა, რომ ზამთარში ვინმეს დაბრუნებას ელის, „ვინც აქ  ვართ, ისინი მაინც აღარ ჩავიკეტებითო“. წელს შქმერამდე სამანქანო გზა ჯერ არ ჩაკეტილა. თოვლი კი მოვიდა, მაგრამ გზა იწმინდება. წლევანდელი ზამთარი შქმერშიც უჩვეულოა. მიშო იხსენებს, რომ გასულ წელს, ამ დროს თოვლის სიმაღლე 1.5 მეტრს აღწევდა, ახლა კი მხოლოდ ნახევარ მეტრამდეა.

ონიდან შქმერის გავლით საჩხერის მიმართულებით ისტორიული საქარავნო გზა გადიოდა. ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა. სამუშაოები მხოლოდ 2019 წელს დაიწყო და დასრულება 2020 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა 2022 წლისთვის გადაიდო. გზის დიდი ნაწილი უკვე გაჭრილია, რამდენიმე კილომეტრი მოასფალტებულიც. ახალი გზით საჩხერიდან ონამდე მანძილი 45 კილომეტრი იქნება, ონიდან თბილისამდე მგზავრობის დრო კი 1.5 საათით შემცირდება.

ახალი გზის მშენებლობის შედეგად, მთავრობა რაჭაში სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას ელის. ამ მხრივ, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაჭაში ყველაზე მძიმე ვითარებაა. სიკვდილიანობა შობადობას 200 %-ით აღემატება.

„უშოლთაში რომ სამი-ოთხი ახალგაზრდა იყოს, ჩემი ასაკის, ყელში არ ამომივა. გულს გადავაყოლებ. ოქტომბრიდან აპრილამდე ჭირს, აღდგომისთვის უკვე ბრუნდება ხალხი და ზაფხულობით სავსეა აქაურობა. სამი ოთხი ადამიანი მაინც რომ მობრუნდეს, პატარა სოფელია და შეიმჩნევა. სახლის კარი რომ ღიაა, უკვე იმედი გაქვს“

მიშოს ვკითხეთ, ამ 2 წლის განმავლობაში, რაც ის რაჭაში ცხოვრობს, მასთან, სოფელში, ვინმე თუ ყოფილა ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლებიდან, თუ უკითხავთ მხარდაჭერა რაში სჭირდება ახალგაზრდას, რომელიც დედაქალაქიდან მთაში დაბრუნდა და მესაქონლეობა დაიწყო - „არა, მიკარგული სოფელია. შეიძლება არც იციან, აქ რომ ვარ და რამეს ვაკეთებ“.

თავსაც აიმედებს და სხვებსაც, ვინც მის მსგავსად თამამი გადაწყვეტილება მიიღო ან მიიღებს: „გამძლეობა გჭირდება. გული არ უნდა აიცრუო. პრობლემები თუ გაქვს, უნდა გადაწყვიტო, ამისთვის კი უნდა იბრძოლო. ხომ არ დაჯდები და დაელოდები, რომ შენს პრობლემას ვინმე გადაწყვეტს? შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო“.

ავტორი: ლევან ონიანი

ამ თემაზე:

რა სჭირდებოდა და რა აჩუქა ონის მერმა 25 წლის ფერმერს შქმერში

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში