საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ შეიცვალა შქმერში დასახლებული 25 წლის მიშო დაუშვილის ცხოვრება რეპორტაჟის შემდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:19 - 17 თებერვალი 2020 hits 37724

თბილისიდან რაჭაში, შქმერში გადასახლებული 25 წლის მიშო დაუშვილი 1-ელ თებერვალს გაგაცანით. მიშო ის ბიჭია, ნათესავის დახმარებით ბანკიდან სესხი რომ აიღო, ხუთი ძროხა იყიდა და ბებია-ბაბუის სახლში დაბრუნდა. ახლა უკვე 15 ძროხა ჰყავს. მიშო ყველაფერს ხელით აკეთებდა - ხელით თიბავდა, ბალახს ხელით აგროვებდა, ხელით ეზიდებოდა, ძროხებს ხელით წველიდა, ხელით აყველებდა. რასაც რძის პროდუქტის გაყიდვით შოულობს, საქონელს ინახავს და სესხს ფარავს. 3000 ლარს თავი ვერ მოუყარა, რომ ნანატრი სათიბელა ეყიდა. მექანიზაცია არც სოფელში ჰქონდათ. „მთის ამბების“ რეპორტაჟის შემდეგ მიშოს დაეხმარნენ, რომ ფიზიკური შრომა შეუმსუბუქდეს და განვითარდეს.

მოტობლოკი-სათიბელას და საწველი აპარატის შესაძენად დაახლოებით 4500 ლარი იყო საჭირო. #მიშოსმხარდასაჭერად კამპანია დაიწყეს რაჭის სათემო ორგანიზაციამ და ლექსო ჩარკვიანმა.

დღევანდელი მონაცემებით რეპორტაჟი შქმერიდან 1 255 757-მა ადამიანმა ნახა. მასალის გამოქვეყნებისთანავე მიშოს სოფელში ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ ააკითხა და საჩუქრად ძველი ხელის სათიბი და ელექტროხერხი გადასცა. ონის მერმა მიშოსთან სტუმრობის ამსახველი ფოტოები ფეისბუქში თავის გვერდზე გამოაქვეყნა. ამან მიშოს მხარდასაჭერად დაწყებული კამპანიები შეასუსტა.

რაჭის სათემო ორგანიზაციამ მაინც მოახერხა 3477 ლარის შეგროვება. 3707 ლარი მოაგროვა „ლექსო ჩარკვიანმა - დაკარგული სამოთხე“.

ლექსომ მიშოსთვის იაპონიის ავტოაუქციონზე მინი სატვირთო იყიდა (Suzuki), ორხიდიანი, ზედგამოჭრილი მთის რაჭის გზებისთვის. მანქანა საქართველოში ორთვენახევარში ჩამოვა. მიშო უკვე ბილეთებს სწავლობს და მართვის მოწმობის ასაღებად ემზადება.

რაჭის სათემო ორგანიზაცია შეგროვილი თანხით მიშოს საფუტკრე მეურნეობას მოუწყობს, რაც მთაში დაბრუნებულ ახალგაზრდა ფერმერს განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს. „მთის ამბები“ კი მიშოს ინტერნეტით უზრუნველყოფს და მეფუტკრეობის დისტანციური სწავლების კურსის გავლაში დაეხმარება.

სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების კომპანია „ჯითისი ჯგუფმა“ დღეს მიშოს ხელის მოტობლოკი აჩუქა თავისი სათიბელათი, რომლის ღირებულება 3700 ლარია.

„მიშოს შესახებ „მთის ამბების“ ფეისბუქ გვერდიდან გავიგეთ. მადლობას გიხდით, რომ ასეთ საინტერესო საკითხებს აშუქებთ.

რეპორტაჟის ნახვისთანავე გაგვიჩნდა სურვილი, რომ მიშოს დავხმარებოდით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი წარმატებული მაგალითები ბევრ ადამიანს მისცემს ბიძგსა და მოტივაციას. ჩვენი კომპანიისთვის, „ჯითისი ჯგუფისთვის“ ეს პირველ რიგში სოციალური პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს, მთაში, სადაც ახალგაზრდების შენარჩუნებისა და დამაგრების სერიოზული პრობლემებია.

იმედი გვაქვს, მიშოს ეს საჩუქარი გამოადგება და მომავალში ის წარმატებული ფერმერი იქნება“, - უთხრა „მთის ამბებს“ „ჯითისი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახო გაგუამ.

უხარია მიშოს. მისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია: „ოთხი თვის სამუშაოს შევასრულებ ერთ კვირაში და ფიზიკურად აღარ გადავიღლები. ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე ვაგრძელებდი ხოლმე ბალახის მოგროვებას, ახლა ერთ კვირაში ყველანაირად მოვრჩები“.

მიშოს ძროხის საწველი აპარატიც აჩუქეს, რომლის ღირებულებაც 1600 ლარია. კომპანიის „ბაუმა“ მენეჯერი მერაბ ჭრელაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც მთის სოფლებში შემორჩნენ ან ბრუნდებიან და განვითარებას ცდილობენ, ბიზნესი გვერდით უნდა დაუდგეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში