საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაია ხუზაურაშვილი - 34 წლის ქალი, რომელიც ქალაქიდან მთაში დაბრუნდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:59 - 09 მარტი 2019 hits 48766

რამ დაგაბრუნა აქ?

მთის, სოფლის სიყვარულმა. ეს სახლი დაკეტილი იყო. სახლია თუ ქოხია, რაც არის. 10 წელი არავის უცხოვრია. პატარა პირობები შევქმენი და ორივე შვილთან ერთად, რუსთავიდან აქ დავბრუნდი.

წინაფშავში, 17 სოფლის ერთადერთი საშუალო სკოლა მაღაროსკარშია. დილით, როცა შორ მანძილზე მდებარე სოფლებიდან ბავშვები სკოლაში მიჰყავთ, ერთ გაფატრულ ჯიპსაც შენიშნავთ, ტალახში ამოგანგლულს.

34 წლის მაია ხუზაურაშვილს 4 ბავშვი დაჰყავს, ერთი ხილიანიდან, სამი ხომიდან. ამათგან ორი მისი შვილია. ვანო 14 წლისაა, მარიამი 11-ის. მეორე წელია რაც მაღაროსკარის სკოლაში სწავლობენ. მაია ხომში საცხოვრებლად რუსთავიდან დაბრუნდა და ბავშვებიც თან წამოიყვანა.

მაღაროსკარიდან 14 კილომეტრში, ხელმარჯვნივ გადასახვევია. მთის წვერზე შეფენილ პატარა სოფლამდე ციცაბო აღმართზე გაჭრილი, მიხვეულ-მოხვეული გზა მიდის. გზა ჰქვია, თორემ 4 კილომეტრის გავლას ნახევარ საათზე მეტი სჭირდება.

„ამ ზამთარს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. არავინ იყო ჩვენი პატრონი, არც თემის გამგებელი, არც დეპუტატი, არც დუშეთის მერია. რამდენჯერმე მანქანით ვერ ავედით და წელამდე თოვლში ფეხით ავიყვანე ბავშვები სახლში. დილიდან საღამომდე გზაზე თოვლი ნიჩბით მიხვეტია, რომ მანქანა და ბავშვები სახლამდე მიმეყვანა.

მთელი ზამთარი „დრუჟბით“ დავდიოდი. თოვლისგან დამძიმებული ხეები ტყდებოდა და გზას ხერგავდა. ვჭრიდი და ისე ვხსნიდი გზას.

ჯაჭვებიც მქონდა ამ ზამთარს. აქედან ჩავაცმევდი ჯაჭვებს, ჩავიდოდი ცენტრალურ გზაზე, მოვხსნიდი ჯაჭვებს. მივდიოდი მერე სკოლაში. მოვდიოდი, იგივეს ვაკეთებდი.

თოვლი გადნა და ახლა ტალახია. რამდენიმე დღეა ძლივს ჩამოვდივარ და ავდივარ. მუშაობა რომ დავიწყე, მანქანა ახალი იყო. დღეს მანქანა აღარ ვარგა და გადასაგდებია. კვირაში ორი საბურავი მისკდება. თითქმის ყოველდღე ხელოსნებთან დამყავს.

ერთი კვირის უკან, გზის თაობაზე დუშეთის მერს ველაპარაკე და ასე მითხრა: „რა გზის გაწმენდას და მოხრეშვას ითხოვ, გზა შარშან ხომ გაგიწმინდეთო“. შარშან გზაზე ტრაქტორი ბოლოს ოქტომბერში გაატარეს, ესეც დიდი ჩხუბით. ეს გზა მხოლოდ მე და ჩემს შვილებს ხომ არ გვჭირდება? ჩვენს გარდა კიდევ 6 ოჯახი ცხოვრობს.

სულ იმას გაიძახიან, რომ ხალხი სოფელს დაუბრუნდეს. შვილებთან ერთად დავბრუნდი. გზა არ გვაქვს, რომ ბავშვები სკოლაში ვატარო. ერთადერთი ეს პრობლემა გვაქვს, გზა მოგვიხრეშონ, მეტს არაფერს ვითხოვთ“.

ორ შემთხვევას იხსენებს, რამაც შეაშინა: „ბავშვები როცა არიან მანქანაში, დაძაბული ვარ. მარტო რომ ვზივარ, უფრო იმედიანად ვარ, თუ რაღაცაა, გავაღებ კარს და გადავხტები მანქანიდან. მაშინაც კიდევ კარგი მარტო ვიყავი. განა მანქანა იყო გაუმართავი? დაღმართზე ჩავდიოდი. ტალახში მოსრიალდა და გაქანდა. როგორღაც ბექზე ავაგდე და აყირავდა. კარი ვერ გავაღე და ზემოდან ამოვძვერი“.

ცუდი გზის გამო სოფლამდე მისვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასაც უჭირს: „ზაფხულში მეზობლის ქალი დაგლიჯა ძაღლმა და ძლივს ამოვიდა სასწრაფო, თან მშრალი გზა იყო. „რომ გამოგვიძახოთ, აქ მეორედ აღარ ამოვალთო“, საშინელი გზაა“.

იცოდა, რომ სოფელში ცხოვრება ადვილი არ იყო, ხომში მითუმეტეს. ფშავში დაბრუნებამდე, მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იტალიაში იყო წასული. რა თანხაც დააგროვეს, რუსთავში ოროთახიანი ბინა იყიდეს. „ორი წელი ჩემი შვილების გარეშე ვიყავი. მირჩევნია აქ ვიწვალო, ვიდრე იქ ვიყო და შვილებს მოწყვეტილი“.

ხომში დაბრუნების შემდეგ, საქონელი იყიდა და პატარა მეურნეობა შექმნა. ახლა უკვე 10 ძროხა ჰყავს, საქონელს მარტო უვლის. მისთვის დილა 5 საათზე იწყება: „ბავშვებს უნდა მივხედო, საჭმელი გავუკეთო, სახლი დავალაგო. მეც მოვწესრიგდე, ბავშვებიც. 7 საათზე გავდივართ სახლიდან. ერთი საათი მინდა თითქმის აქედან გზამდე რომ ჩავიდე, ეს 4 კილომეტრი რომ გავიარო. უნდა ჩავიდე სკოლაში, ჩავიყვანო ბავშვები. მერე იქიდან გავრბივარ ხილიანაში, რომ იმ სოფლიდანაც წამოვიყვანო ბავშვი, რომლის ტრანსპორტირებაც ჩემი ვალდებულებაა. კომპანია 50 ლარს მიხდის დღეში. 30 ლარის ბენზინი მჭირდება. დანარჩენი მანქანას არ ჰყოფნის, მაგრამ ბავშვებმა სკოლაში ხომ უნდა ისწავლონ. სკოლიდან ამოვდივარ და ისევ იგივე საქმე. ქვემოდან, ხევიდან მომაქვს ჩემი მანქანით შეშა, ვჭრი, საქონელს ვუვლი, ბოსელს ვხვეტავ. ყველაფერი ჩემს კისერზე გადადის“.

მეუღლე რუსთავში მუშაობს. კვირაში 2 დღე ისიც ხომშია და ოჯახს ეხმარება. მაია დამბალხაჭოს, ყველს, კარაქს და ერბოს ამზადებს. პროდუქტის რეალიზაცია არ უჭირს. მაღაროსკარში თვითონ ჩააქვს, იქიდან კი თბილისში, კლიენტებთან მარშუტკას ატანს.

***

ხომიდან ქვემოთ ჩამოსვლას ვჩქარობთ. მაღალი გამავლობის გამართული მანქანით კი ვართ, მაგრამ საბურავები ასვლისასაც ცურავდა და ახლა წვიმასაც იწყებს. მაია კიდევ გვახსენებს: „იქნებ ვინმემ გულთან მიიტანოს ჩვენი თხოვნა, რომ ბავშვები სკოლის გარეშე არ დარჩნენ. ამ სოფლიდან წელს სამი ბავშვი დადის. მომავალ წელს კიდევ ერთი ბავშვიც გვემატება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში