საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარიამ მინდიკაური - გზას ხომ არ ვითხოვთ, ბილიკ და საცალფეხო ხიდებ მაინც გააკეთონ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:07 - 13 სექტემბერი 2018 hits 35279

78 წლის არის. ვიდრე ცხენზე ჯდომა შეეძლო, სოფლიდან გასვლა და უკან დაბრუნებაც არ უჭირდა, თუმცა პირიქითა ხევსურეთის სოფელ ხახაბომდე არც ცხენით მისვლაა ადვილი. ვიწრო ბილიკი კლდეებზე გადის. იხსენებს კიდეც, „რამდენჯერ ცხენ გადავარდა და რამდენჯერ მთლიანი გუდა წყალში გაუგორდა“. მარიამ მინდიკაური, მთავრობისგან, სოფლამდე, მდინარეზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდების მოწყობას ითხოვს.

 

უბედურ ჭალა

ორი ბილიკი მოდის აქამდე. ერთი დათვიჯვრიდან, ჭანჭახის წყლის გავლით, მეორე არდოტიდან. ორივ საშიშია.

შატილში ჩავსულვარ, დილით, როცა მავმრჩალვარ საქმეს, შემოდგომის დღეს, წამიყვანავეს სახედრები. ჩავსულვარ, 25 კილომეტრი ხო არი, ამიკიდებავ ბარგი და აი, აქ მოვსულვარ პატარა დღეს. რომ შემოსტრიალდით ჩვენკენ, იქ დამღამებია. ეგ უბედურ ჭალა ღამე შემომივლია. ეს ცხოვრება ცხოვრება არი? ესეთ ტანჯვაში ადამიანი უნდა იმყოფებოდეს? მითხარ.

უგზოობის გამო, ახალგაზრდობა ვინც იყო, გაიკრიფა აქედან და იმ მშობლებ რაღას დარჩებოდნენ აქ, წავიდნენ ისინიც.

ყველაზე წინ რო რაღაცას ფიქრობდნენ აემ გზაზე, ასე რომ არ ვიტანჯებოდეთ. რამდენჯერ მთლიანი გუდა შიგ წყალში გამიგორდა, რამდენჯერ ცხენ გადავარდა. ხომ შეიძლება რო ან მუშებით ან ხიდებ მაინც რო გააკეთონ, საცალფეხო ხიდები.

მუცოში რო დაიაურ ნუგზარია, ხო იცი, მაგან შემომავლია ორჯერ, არცერთხელ არ გამომიშვა მარტოკა. ხელმოკიდებულ მამიყვანა საცა ის წყალგამოსარევებია იქამდის.

მაშ ის არ შეუძლია მთავრობას, მუშებ რო მაინც აიყვანონ და ამ ორ ადამიანს არ ათხრევინონ ეს ბილიკები და დაგვახმარონ, არ შეუძლია?

ორი ადამიანი მისი შვილი ბადრი და მათი ნათესავი ივანეა. ბადრი ხახაბოს ჭალაში კი ცხოვრობს, მაგრამ საქონელს უვლის ხელმოკლეს მთაზე, უკანაფშავისკენ. ივანე ზემო ხახაბოში ცხოვრობს, ციხე-სოფელში. ისიც მესაქონლეობას მისდევს. საქონელი გვიან შემოდგომაზე ბარში ჩაჰყავთ და ყიდიან. მთაში ვერაფერს აწარმოებენ, ბარგის გადატანა უჭირთ.

შამილ რო იყოს

ხახაბომდე გზა არც როდის ყოფილა, მაგრამ წინა საუკუნეშიც კი უკეთ ვცხოვრობდით.

ყოველ მოსვლაზე შამილ (მფრინავი შამილ ქორთოშიძე) აექ, კარებზე მსვავდა. იქ აეროპორტიდან მოვყავდი. მერე შემოდგომაზე გადამაფრენდა და მიმქონდა ბარგი. შამილ რო იყოს, არც წასვლა გამიჭირდებოდა, არც მოსვლა.

გუბერნატორი რო იყო, ვასილ მაღლაფერიძე, ერთი ეგ მოიდა აქ და თქვა, აი, საცა მართლა ნამდვილი გაჭირვება ყოფილაო.

ჩემი კაცი აქ იჯდა, ცოცხალ იყო მაშინ, არ ილაპარაკა იმან არაფერი. მე ვუთხარ, გზა თუ ვერა კეთდება, შემოდგომით მაინც წაგვიღეთ ეს ბარგი და გაზაფხულზე მოგვიტანეთ, ეს ხომ გაკეთდება მეთქი ვერტალიოტით. ეგ ადვილიაო. სად გაკეთდა. არც ვერტალიოტ, არც არაფერი. განა არ შეიძლების ორჯერ მაინც იყოს წელიწადში ფრენა?

სხვა არავინაც არ მახსოვს, არავინაც არ მოსულა. ჩემ შვილ იბრძვის, გზა უნდა გავაკეთოთო. არვიცი, რამდენ გამოყვეს კიდეც. დაიწყეს თხრა და რო მიხვიდე, გათხრილი კი არ არი, გაფუჭებულია. ბელტ-ბელტია ამოყრილი. აქო, ჭაობ აღმოჩნდაო, ეს აღმოჩნდაო, ის აღმოჩნდაო და დატოვეს ეგრე. მანდ რომ მოინდომონ, სინამდვილეში დათვიჯვრიდან გადმოვა გზა, მერე ჭალა მოდის და მშვენივრად იქნება. მაგრამ, ვინ მოვა, ვინაა? ვახსოვართ ვინმეს? გზას ხომ არ ვითხოვთ, ბილიკ და საცალფეხო ხიდებ მაინც გააკეთონ.

 

დოხტური

27 წლისა მოველ აქა და 80 წლისა ორ წელში გავხდები. შამილ ხომ იყო იმედი და მიხასნაირი კაცი ბევრ არ არის.

ჩემ მეუღლეს წნევამ დაარტყა, მარტოკა ვიყავ. არცერთი შვილი აქ არა მყავდა. ექიმი (მიხეილ ჭინჭარაული) ამოიდა, ჩემ კაცთან აქ გაათენა. კიდე დამიბარე, კიდე ამოვალო. მიხეილს დიდი მადლობა. ეგეთ ექიმი არ არსებობს, მაგრამ მაგას რა დაფასებაც უნდა, იმის დამფასი ხალხი აქ არ არი. აექ ფეხით მოდიოდა.

ზევით სოფელში, ეხლა რომ ერთი ბიჭი ცხოვრობს, ივანე, დედა ზვავის ბუქმ დაარტყა, ერთი სამი თვისა გაიყოლა, ერთი ოთხი თვისა. აეგ ექიმი აქ იყო ყველა გაჭირვებაზე. სიცხიან ბალღი სანამდე არ მორჩა, არ წასულა.

 

შვილის გულისა

ექვსი მყავდა, სამი ქალი და სამი კაცი. ოთხიღა მყავს ეხლა. მესამე ბიჭიც დამეღუპა და მესამე გოგოც.

მე აქ ჩემს შვილის გულისა დავრჩი, ბადრის გულიზე. მე ბადრის თავს ვერ ვანებებ. ამას ვედექ მხარში. არი მშრომელი, დაუღალავი, დედის პატივისმცემელი.

მეორე, ბაქარი კი დაოჯახებულია. გამარჯვებაში არიან. ზაფხულში აქ ხონისჭალაში მიჰყავ ბალღები. სამი ბალღი ჰყავ, ერთი ბიჭი, ორი გოგო.

არა, არა შვილო, აქ ახალგაზრდა გამორიცხე. არავინ მოვა. რის გულისთვის მობრუნდეს აქა? რას ნახავს აქ, მანქანა მოვა, ტელევიზორ იქნება თუ კომპიუტერი, რას ნახავენ?

ორ ზაფხულია მებრძვის, ნუ მოსდიხარ დედი, არ შეგიძლია, ნუ მოსდიხარ, ნუ მოსდიხარ და მე რო იქ დავრჩე და ეს აქ ვიგონო, ერთ კვირას ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებაში, მოუვა დეპეშა.

რო ვიცი რას იტანჯება, რას წვალობს, რა დღეში არი. ხელმოკლეს ეძახიან იმ ადგილს, ფშავის მთის ახლოს არი, მთა არი გადასარევი. იქა ჰყავდა ის საქონელი, ეხლა ცოტა დაბლა ჩამოლალა, იმ სიცივეებში, იმ უბედურებაში. შრომა ამას არ ეზარება. მუშაობდა კიდეც, ახლაც სთავაზობენ სამსახურს, მაგრამ 800-900 ლარი რა არიო.

 არცვინ ხმის გამცემი

ტელევიზორ კი არა, რადიოც არ არი. რადიო რო იყოს... ერთი მოშლილი რაღაცა გდია, ვერც ვრთავ. რაღაცნაირად უკნიდან უნდა დაადგა ხელი ელემენტსა, რო ჩაირთოს, იმას მე ვერ ვაკეთებ და ვარ ეგრე, არაფერი.

მოვუსმენდი კაცო. რა ხდება იმას მაინც გავიგებდი. ისე, არც მოსასმენი არაა, ცუდ ამბები ხდება, ეს მკვლელობები, ყაჩაღობები და რაღაცეები. აბა, რა მოსასმენია.

ამოდენ სადარდებელ-საგონებელში ვარ ქალი, მაგრამ წინა წლებში უფრო კარგი ტურისტები დადიოდნენ. მთიულ ბიჭებ დაჰყვებოდნენ თარჯიმნად. არცერთი პარტია არ ყოფილა, რო აქ არ შემომეწვია და მე აქ არ მყოლიყვნენ.

ეხლა შაივლიან, გაივლიან ეს ტურისტები. არც მოტრიალება, არც მიტრიალება, არცვინ ხმის გამცემი. მეოთხე თვე დამიდგება რო არც მეზობელი, არცვინ მოსულა, არცვინ წასულა. ძალიანა ვცდილობ ჭკვაზეით არ შევიშალო, ძალიან მაგრა მეშინია.

დარდი, საფიქრალი, საგონებელი. რაღაცა საქმე მაძლებინებს მე, თორე აქამდე მოვკვდებოდი. ჩემ სიკვდილ რო გაიგებთ, მე შვილებ ვუთხარ, მუსიკით გამაცილეთ, ტირილი არ გავიგო მეთქი. მე ისეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრება მქონდა, რო მოვკვდები, დავისვენებ.

 

წუთით არ ვჩერდები

აქ იმდენია გასაკეთებელი, იმდენია საქმე. მე 20 წლისამ დავიწყე ეს ჯოჯოხეთურ ცხოვრება, 20 წლისამ და დღემდე ხელმარტო ქალი ვარ. აეს მარჯვენა ხელი საქონლის დევნაში მომემტვრა და ტრავმატოლოგიურში დამიწყვეს ძვლები და ესე ვმუშაობ ქალი.

დილით მოვსწველავ, მოვაყველებ. მერე ეს პური მაქ ორ-სამ დღეში გამოსაცხობი. ზედ ფეჩზე თითოობით. ბოლავს ეს ფეჩი და ოთხ საათ ვდგევარ ფეჩთან. რაღას არ ვაკეთებ. ჭურჭელია გასარეცხი, რო ბოლავს ეს ჭურჭელი სუ იბოლება. უნდა გავხეხო, უნდა გავრეცხო, ვერ ვიტან გამურულს. მერე ვქსოვ წინდებსა, ერთ ორმოც პირამდე მოვქსოვე, დიდი გაჭირვებით. ჩამაქვს შატილში, 40-50-ში გავყიდითო, მითხრეს. წამით, წუთით არ ვჩერდები. საქმეს თუ არ ვაკეთებ, არ შემიძლია, უნდა ვმუშაობდე, უნდა ვაკეთებდე.

აემ საწყალ, ბეჩავ ქალს მალაპარაკებენ, გადაიღებენ და კომპიუტერები გაჭედილია ჩემი ლაპარაკით. სხვა აქ არავის არ უკითხავს გაჭირვებაზედ. ღმერთმა ბედნიერ გამყოფოს, გაკეთდება თუ არ გაკეთდება, გახარებულ და ჯანმრთელ იყავ. პირველ შენა ხარ, რო ჩაეძია და კითხულობ ყველა წვრილმანს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში