მამაპაპისეული ნაკვეთი ეკალ-ბარდისგან გაწმინდეს და ხის ორი კოტეჯის მშენებლობა დაიწყეს. არშიდან თოთამდე სამშენებლო მასალები ხელით და ცხენებით აზიდეს. შორი მანძილიდან სასმელი წყალიც გაიყვანეს, ევროკავშირის პროგრამის დახმარებით, მზის ბატარეებიც შეიძინეს და მრავალი წლის შემდეგ თოთიდან ნათურა ანათებს.
თოთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე. სოფელი ხალხისგან დიდი ხნის წინ დაიცალა. 2002 წლის აღწერით იქ აღარავის უცხოვრია, არადა 1926 წლის აღწერის ცნობები თოთში 130 ადამიანს ითვლის.
მირაქიშვილების ოჯახიც თოთიდანაა ჩასახლებული ქვემოთ, გუდაური-ყაზბეგის გზის პირას მდებარე სოფელ არშაში. ლიკაც არშაში დაიბადა. 10 კლასიც იქ დაამთავრა. მერე მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს. ბიზნესის მართვა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში შეისწავლა. ყაზბეგში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 2018 წლის ზაფხულში დაბრუნდა.
„სწავლის პერიოდში ყაზბეგში ყოველთვის ამოვდიოდი. თოთი ყოველ შეხვედრაზე შეცვლილი მხვდებოდა, ცუდისკენ. ყოველ წელს ერთი სახლი ინგრეოდა. ჩემი მიზანი იყო, დავამთავრებდი თუ არა უნივერსიტეტს, ყაზბეგში წამოვსულიყავი და ამ სოფელში რაღაც მოძრაობა დამეწყო, ხალისი მიმეცა. საკუთარი სახსრებით ასე ავაშენეთ ხის ორი პატარა კოტეჯი, სადაც მალე შევძლებთ სტუმრების მიღებასა და გამასპინძლებას“, - 23 წლის ლიკა მირაქიშვილს იდეის განხორციელებაში ძმები 24 წლის ვასიკო, 18 წლის გრიგოლი და მშობლები დაეხმარნენ: „ჯაფა არ დაგვიშურებია, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა. ყველაზე მეტი პრობლემა უგზოობამ შექმნა. არშიდან თოთამდე სულ 4 კილომეტრია. აქედან დაახლოებით 2 კილომეტრზე მაღალი გამავლობის მანქანა ამოსვლას ახერხებს, მერე ვეღარ. თან, ზამთარში ქვები ცვივა. ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა გვიწევს. შემოდგომაზე თივა რომ ჩაგვაქვს, თივის ჩატანაც კი გვიჭირს ცხენებით“.
ლიკამ გზასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად ყაზბეგის მერიას რამდენჯერმე მიმართა: „მიპასუხეს, რომ დაველოდო, მაგრამ ამ ლოდინსაც უკვე ზღვარი აქვს.
რას ვითხოვ, რომ გზა გავწმინდოთ. ბეტონის ან ასფალტის დაგებას არავინ ითხოვს. გვინდა, რომ ერთმა ტრაქტორმა ერთხელ მაინც გაიაროს“.
თოთიდან მყინვარწვერამდე უფრო მოკლე და მარტივი საფეხმავლო გზაა, ვიდრე სტეფანწმინდიდან, თუმცა იმის გამო, რომ თოთამდე არც გზაა და არც ბილიკია მარკირებული, ვიზიტორები ამ მარშრუტით თითქმის არ სარგებლობენ.
„ნასოფლარს ვაცოცხლებთ, იციან ეს ყველაფერი, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა, არანაირი სურვილი“ - ლიკა ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მიკრო და მცირე გრანტების სახელმწიფო პროგრამაც უფრო მეტად უნდა მიმართოს მთის სოფლების საჭიროებებზე, მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
„სულ მესმოდა, რომ მთაში რაღაც შეღავათები, წახალისებები იყო. რეალურად აქ რომ ჩამოვედი, მე ეს წახალისებები და შეღავათები ვერ ვიგრძენი. იყო სახელმწიფო გრანტები, მაგრამ ეს დახმარება გაიცემოდა ისევ ყაზბეგში სასტუმროების მოსაწყობად, თითქოს ყაზბეგი სასტუმროების ნაკლებობას განიცდიდეს. ინოვაციური, სოფლის გაცოცხლების პროექტები არავის აინტერესებდა. არადა, ჩემნაირი ახალგაზრდები რომ ჩამოდიან და დარჩენა უნდათ, როცა ვსაუბრობთ, მეუბნებიან, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ აქ დარჩნენ და დამკვიდრდნენ, ვერ განვითარდებიან. სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი ასეთ ახალგაზრდებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახერხონ. ამ მცირე გრანტებით გამოადგებიან ხევს და ხევის პრობლემებს მოაგვარებენ“.
თოთში მამაპაპისეული მიწებისა და ნახევრადდანგრეული სახლების საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემებიც აქვთ. ვერც ლიკამ დაიკანონა წინაპრის სახლი. აღიარების კომისიასაც მიმართა, მაგრამ იქიდანაც უარი უთხრეს. ლიკა ამბობს, რომ ამასობაში სახელმწიფო ირეგისტრირებს თოთის ნაკვეთებს და ერთ დღესაც, შესაძლოა ადგილობრივებს უთხრან, რომ მათ არ ეკუთვნით ის, რაც მათი მამა-პაპის იყო.
თოთსა და ყაზბეგის სხვა სოფლებში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, სამოქალაქო აქტივობების ცენტრისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, ახალგაზრდებმა ხევის სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს. ლიკაც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. უნდათ, რომ ყაზბეგის სოფლებსა და ნასოფლარებში ძველი სახლების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და და მოხევეების დაბრუნებაზე იზრუნონ.