საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ერთი ქოხით დაწყებული ბიზნესი სვანეთის გაუკაცრიელებულ სოფელში - „ჰეშკილის ქოხები“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:08 - 13 ივნისი 2019 hits 56811

ზაფხულობით, ლენჯერიდან ბავშვებთან ერთად ადიოდნენ დასასვენებლად. ცადაწვდენილი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მამაპაპისეულ სათიბში თავიდან ხის ერთი ქოხი ააშენეს. მეწველი ძროხები ჰყავდათ და იმ პერიოდში, სვანეთში კანტიკუნტად მოხვედრილ ტურისტებს ნატურალური პროდუქტებით მასპინძლობდნენ. სვანეთის გზის, სათხილამურო ტრასებისა და მესტიის რეაბილიტაციის შემდეგ, ფილფანების სტუმრების რაოდენობაც გაიზარდა. ასე გაჩნდა „ჰეშკილი სითის“ იდეა.

„არაფერი გვქონდა საკუთარი ხელებისა და გამოცდილების გარდა, მაგრამ ოჯახის ყველა წევრს რაღაცის კეთება შეგვეძლო. ბევრი ფული არ დავხარჯეთ, არც გვქონდა. მეორად მასალებს ვიყენებდით, უფრო იაფია. მუშებიც არ დაგვიქირავებია. ჩვენ თვითონ ვშრომობდით ფიზიკურად, ცოლ-ქმარი და 3 შვილი. ასე ავაშენეთ პირველი ქოხი სტუმრებისთვის“, - ლელა ჯაფარიძე 60 წლის არის, ჰეშკილზე უზომოდ შეყვარებული.

ჰეშკილი სოფელია მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. 2002 წელს (მოსახლეობის აღწერის მონაცემები) 87 ადამიანს უცხოვრია. მერე სოფელი დაიცალა. ახლა ფილფანების ერთი ოჯახიღა ცხოვრობს.

ერთ ქოხს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, უკვე 25 სტუმრის მიღება შეუძლიათ. ჰეშკილში შუქი არ არის, სოფელს არც სასმელი წყალი მიეწოდება. სტუმრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფილფანები გამოწვევების წინაშე დადგნენ. პრობლემები რომ გადაეწყვიტათ, გრანტის მისაღებად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიმართეს. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შეიძინეს გენერატორი, მაცივრები - პროდუქტის შესანახად და წყალიც გაიყვანეს.

ბიზნესში ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა აქვს: „ჩემი რძალი ფეისბუქის გვერდის ადმინია და რეკლამებს აკეთებს, სტუმრებს მოიზიდავს. მე სამზარეულო და ფინანსები მაბარია. ჩემს მეუღლეს და ვაჟს შენება. ქალიშვილებს სტუმრების გამასპინძლება და დაბინავება. ყველა ერთად კი ვმღერით. საღამოს კონცერტებსაც ვაწყობთ. საჩუქრებს, პატარა სუვენირებსაც ვამზადებთ ჩვენი ხელით და ადგილობრივი მასალებით. სტუმრებს სვანურ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე ვესაუბრებით. სვანეთზე ვუყვები ბევრ რამეს, როგორ ვიყავით ქრისტიანობამდე, როგორ წარმოიქმნა სიმღერა, რაც ვიცი. ვუყვები სვანური სახლის ისტორიაზე, სვანურ სიმბოლოებზე, სვანურ ფოლკლორზე - რამდენი სიმღერა გვქონდა, რაზეა ეს სიმღერები, რომელია სარიტუალო. ზოგჯერ რაღაც უცხო ენაზეც შემიძლია, თუ არა, თარჯიმანიც გვყავს.

სამზარეულოსაც ვაცნობთ.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვთავაზობთ, რომელსაც თვითონ ვაწარმოებთ, რძის ნაწარმსაც და ბოსტნეულსაც. ხორციც ადგილობრივი გვაქვს. ვცდილობთ, რომ შემოსავალი რასაც ვიღებთ, აქვე დარჩეს, სვანეთში და უცხო ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე არ ვიყოთ დამოკიდებული“ - გვეუბნება ლელა.

სტუმრობენ ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ყველაზე ხშირად „ჰეშკილის ქოხებში“ ქართველ ვიზიტორებს ნახავთ.

„უნდა გიხაროდეს ადამიანებთან ურთიერთობა. ახალი ჯგუფი რომ მოდის, უკვე მაინტერესებს ვინ არიან, როგორ შევეწყობით. მინდა, ისე დავხვდე, რომ ძალიან კარგად იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ ოჯახში. უმრავლესობა ასეა.

მნიშვნელოვანია როგორ დახვდები, როგორ გაუღიმებ. ღიმილიც ხომ არ არის ძნელი? სტუმარი უნდა გრძნობდეს, რომ მასზე ზრუნავ.

ყველაფერს თავისი კულტურა და დატვირთვა აქვს. ზოგს აინტერესებს რომელიმე კერძი როგორ კეთდება. არ უნდა დაგეზაროს, იმიტომ, რომ ის ამისთვისაც ჩამოდის. ყველას თავისი ინტერესი აქვს. შენ ისე უნდა მოექცე ადამიანებს, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“.

„ჰეშკილის ქოხები“ სხვებისთვისაც მისაბაძი გახდა. „ძალიან გვიხარია ეს ამბავი. რაც „ჰეშკილის ქოხები“ გაკეთდა, ბევრი ხალხი დადის აქ. სოფელში უკვე სხვებმაც დაიწყეს მშენებლობა. კიდევ რამდენიმე ქოხი გაჩნდა. 7 ოჯახი ბრუნდება. მე კი მინდოდა და მინდა, რომ ეს ქოხების ქალაქი ყოფილიყო. ჩვენს ქოხებს „ჰეშკილი სითი“ რომ დავარქვი, რა სითიო, რისი სითიო... მე ვუთხარი, ქალაქი უნდა იყოს, ქოხების ქალაქი მეთქი. გამოდის მგონი ეგ ამბავი. ზოგი სასტუმროსაც აშენებს“, - ამბობს ლელა.

ფილფანების ოჯახს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზამთარშიც ჰეშკილში დარჩეს: „ქვის ქოხს ავაგებთ, რომ ზამთარში იცხოვრებოდეს. აქ გვინდა ყოფნა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში