საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„წელიწადი“ ფშავში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:59 - 16 იანვარი 2017 hits 13429

„მადლი და დიდება უფალს, გადმოგვხედოს იმ დალოცვილმა წყალობის თვალით და დაგვილოცოს ეს წელი და სხვა მრავალი. მივულოცოთ ახალი წელი ჩვენს საახლობლოს, ჩვენს შინაურებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს შორს თუ ახლოს. ახალი წელი ახალი წელია, ყველას ოჯახში შეაბიჯებს და ყველას სტუმარია. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიუხვეს, სიმრავლეს, მადლს, ბარაქას. მშვიდობაში გეცხოვროთ, სიწყნარეში, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის დაფასება გაგაკეთილშობილებთ. ასე მტერი დაგეცალოთ “, - ყოველ ახალ წელს, საკუთარ ოჯახში ასე ილოცება 80 წლის ვახტანგ ცაბაურაშვილი.

ცაბაურაშვილები წარმოშობით უკანაფშავიდან, ცაბაურთას თემიდან არიან, თუმცა ბატონი ვახტანგი კაწალხევში გაიზარდა, მისი მეუღლე სალომე მარტიაშვილი ბოწახში, ჩარგალს ზემოთ, სადაც ახლა ნასოფლარია. დაოჯახების შემდეგ ვახო პაპა და სალომე ბებო მაღაროსკარში, ვარდისუბანში ცხოვრობენ. ორი შვილი ჰყავთ, ქეთევანს თავისი ოჯახი აქვს, მშობლებთან ზურაბი ცხოვრობს.

ფშავში ახალ წელს, ტრადიციულად, ძველით აღნიშნავენ. 13 იანვარს ლიტანიობას ეძახიან და ამ დღეს საახალწლო სამზადისია. ჩვენ ახალ წელს ცაბაურაშვილების ოჯახის სტუმრები ვიყავით. ზურაბ ცაბაურაშვილი დაა ხათუნა ნათობიშვილი მესაქონლეობას და მეფუტკრეობას მისდევენ. კარტოფილსა და ლობიოსაც თესავენ.

ყოჩაღობენ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ და თავიანთი კლიენტებიც ჰყავთ. მშობლებს შვილებიც ეხმარებიან: სალომე-მარიამი მეთერთმეტე კლასშია, დავითი - მეცხრეში. ბავშვები მაღაროსკარის საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ახალი წლის ღამესვე ოჯახში იყო დალოცვა, ხინკლის ჩაყრა, სტუმრიანობა. ახალ წელს ცაბაურაშვილებთან ერთად შეხვდნენ ხათუნას დის, ლელა ნათობიშვილისა და ვასიკო ნაყეურის ოჯახიც.

ოჯახს მეკვლე მეორე დილას ესტუმრა. 7 წლის გიორგი ძეგლიგაშვილი, ვახო პაპას შვილიშვილის შვილი, ქეთევანის შვილიშვილია. ის ახმეტაში ცხოვრობს, მაგრამ, არდადეგებზე ხშირად არის ხოლმე ფშავში და დიდ პაპასაც აბა პირველი ვინ მოულოცავდა?

გიოს, მასპინძლებმა, ტრადიციისამებრ, გოგა დაახვედრეს. გოგა ერთგვარი პურია, რომელიც მეკვლემ უნდა შემოაგოროს ოჯახში. გოგა ოთხ ნაწილად არის გაყოფილი: ამ ოჯახში ეს ოთხი ნაწილი ოჯახს, ბავშვებს, საქონელსა და ფუტკარს ნიშნავს. რომელ მხარეზეც ამოიწევს პური, იმ სფეროში კარგად იქნება საქმე.

მეკვლემ ოჯახში გოგა სამჯერ უნდა შემოაგოროს, თუ გოგა სამჯერვე წაღმა დაჯდა, მაშინ ოჯახს ხვავიანი წელი ექნება.

გვიანობამდე ისმოდა მხიარულება ცაბაურაშვილების ოჯახიდან, მეორე დღეს კი მარიამს მეგობრები ეწვივნენ, მეზობელ-კლასელებიც. გოგონებმა იმხიარულეს. მერე მარიამიც ტრადიციულ ფშაურ სამოსში გამოწყობილი თავად წავიდა სხვებთან მისალოცად.

დღევანდელი ახალი წლები ცოტა განსხვავებულია ძველი ახალი წლებისგან.

„მე თავად არ მომწევია ცაბაურთაში შეხვედრა, მაგრამ ფშავში, ტრადიციულად, ახალ წელს ღამისთევაა და სალოცავში ხვდებიან. ზამთარში, ცხადია, ცივა, თბილად კი ეცვათ, მაგრამ ველზე იყვნენ და ციოდა, ამიტომ იმარაგებდნენ შეშას და ანთებდნენ კოცონს, ინთებოდა სანთლები, იკვლებოდა საკლავი“, - იგონებს ვახო პაპა.

სალომე ბებო ერთადერთი ადამიანი დარჩენილი თავისი სოფლიდან, არადა, ოდესღაც დიდი სოფელი ყოფილა ბოწახი. ახლა იქ ნასოფლარია და მხოლოდ ზაფხულში თუ ადიან.

„ახალი წლის დღეს დიდი მზადება გვქონდა. ბევრ პურს ვაცხობდით, ხაჭაპურებს, ბედის კვერსა და გოგას. ვამზადებდით ტკბილეულს: თაფლ-ერბოს, ხინკალს. ძირითადი სუფრა დილით იყო. დილით იყო მეკვლეს მოლოდინიც, ამზადებდნენ სამეკვლეოს, მეკვლეს დაუდგამდნენ თაფლ-ერბოიან ჯამს. მერე მთელი ოჯახი ერთად მიუსხდებოდა სუფრას, და იყო ლხინი. ყველა ოჯახიდან ისმოდა ფანდურის ხმა, სიმღერა. იყო ცეკვა, ლექსაობა, ერთურთის გაშაირება“, - გვიამბობს სალომე ბებო.

დღეს ფშაველები იმ ძველი წესით ნაკლებად აღნიშნავენ „წელიწადს“, თუმცა ალაგ-ალაგ, განსაკუთრებით უკანაფშავში ჯერ კიდევ არიან ტრადიციის ერთგულნი.

ადრე ხევისბერები შობის მერე მთელი კვირა რჩებოდნენ ხატში, მაშინ ხალხიც იყო და დამხმარეც, ახლა ზოგჯერ სანთლის ჩამომქნელიც აღარ არის, იმდენი ვეღარ ხერხდება და ბევრგან სალოცავში დილას გადიან.

„გოგოლაურთას 240 კომლი ვყოფილვართ, ახლა სულ 2-3 კომი ვართ დარჩენილი“, - ამბობს ფილა პაპა. ფილიპე ბაღიაური გოგოლაურთა თემის ხევისბერია. 84 წლის ხევისბერი ლევან გოგოლაურისა და ახალგაზრდა გოგოლაურების დახმარებით ყოველ წელს ქმოდის წმინდა გიორგის სალოცავში ტრადიციულ რიტუალს ასრულებს. ინთება 365 სანთელი, იკვლება საკლავი და წელიწადის გასრულებას გოგოლაურები და სტუმრები ერთად აღნიშნავენ.

„იყოს მშვიდობა, იყოს ბედნიერება, თქვენნაირი ლამაზები დაბედებოდნენ საქართველოს. სახელმწიფომ კი შეიმუშავოს მთის განვითარების გეგმა, რომ ხალხი დაბრუნდეს აქ“, - უკანაფშავიდან გვლოცავს და გვარიგებს იქ დარჩენილი ხევისბერი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში