სასამართლოსთვის მიმართვამდე კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში აღარ განაახლებს მიწისქვეშა სამუშაოებს, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან შეაჩერა. მაშინ თანამშრომლებს დაჰპირდნენ, რომ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, თებერვლის ჩათვლით, ხელფასის 60%-ს გადაუხდიდნენ, მარტიდან კი საწარმო მუშაობას გააგრძელებდა. მაღაროელებს იანვრისა და თებერვლის თვეების ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.
3500 დასაქმებულს, რამდენიმე დღის წინ, sms-ით აცნობეს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ გადახდისუუნარობის დასამტკიცებლად, გერმანული საკონსულტაციო კომპანია DMT-ის დასკვნას იშველიებს, რომლის თანახმადაც, მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია.
„ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. შუქრუთის მოსახლეობას მაღაროების 70% აქვს პარალიზებული. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა. ამ პერიოდში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ“, - თქვა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ.
ჭიათურასა და საჩხერეში, 16 430 ჰექტარზე, მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2007 წლიდან, 40 წლით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტი უკრაინელ მილიარდერს, იგორ კალომოისკის ეკუთვნის, დაახლოებით 4%-ს კი აქციონერთა ქართული ჯგუფი ფლობს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული გიორგი კაპანაძე (იგივე „რიჟა“).
2017 წლიდან სახელმწიფოს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი ჰყავს დანიშნული იმ მიზეზით, რომ კომპანიის საქმიანობამ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია შექმნა და გამოუსწორებელი ზიანი თავიდან უნდა აეცილებინათ. სინამდვილეში, ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, ჭიათურა უბედურების ზონად იქცა და საწარმო გაკოტრებამდე მივიდა.
ოღონდ, საყურადღებოა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვეს არა „ჯორჯიან მანგანეზზე“, არამედ, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიზე“.
ეს კომპანია 2024 წლის 6 თებერვალს სს „ნიუ გრუპმა“ დააფუძნა. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორი უკრაინის მოქალაქე მაქსიმ მაზურენკო იგორ კალომოისკის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ნათესავია.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სამეთვალყურეო საბჭო წევრები არიან თეიმურაზ ხონელია, ბაქარ დევდარიანი და ზურაბ ყანჩაველი. ხონელია ამავე დროს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორია. ბაქარ დევდარიანიც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელია. 2014-2015 წლებში ის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „ჯორჯიან მანგანეზს“ 200 მილიონი ლარი, ჯარიმის სახით, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დააკისრეს. ყანჩაველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ საბოლოო მესაკუთრე კვიპროსში დაფუძნებული შპს „მქეილ ლიმიტედია“.
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული უფლებები ხელში ოფიციალურად 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩაიგდო, როცა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ 7 კომპანია 100-100 ლარად გაყიდა.
- შპს „ჯმ-ემს“ - დაკავებულია ფერადი და შავი ლითონების ნაკეთობების დამზადებით;
- შპს ჯმ-კონსტრაქშენი“ - სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით;
- შპს მაღაროელი - მანგანუმის მადნის მიწისქვედა მოპოვებით;
- შპს სამთოელი - მანგანუმის მადნის მიწისზედა მოპოვებით; კომპანიის ქონება დატვირთულია გირავნობით და კრედიტორი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუა“.
- შპს ჯმ-ტექნიკასერვისი - საქმიანობის სფეროა მოპოვებული მადნის და სხვა მასალების ტრანსპორტირება;
- შპს მნ ფექთორი - დაკავებულია მანგანუმის მადნის რეცხვა/გამდიდრებით;
- შპს ჭიათურის წყლის კომპანია - ტექნიკური წყლით მომარაგებითა და წყალმომარაგებაში სარემონტო სამუშაოების წარმოებით;
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დღეისათვის მხოლოდ ბანკ „ქართუს“ გირავნობა ადევს მოძრავ ქონებაზე და სხვა შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ამონაწერში მითითებული არაფერია. ბოლო ამონაწერი, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, 2024 წლის 14 ნოემბრით თარიღდება.
366 დღეა ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს კოროხნალის და შუქრუთის მაღარო პიკეტირებული აქვთ. ისინი ადეკვატურ კომპენსაციებს ითხოვენ მადნის მოპოვების შედეგად სახლების დანგრევის გამო.
ორი კვირაა ჭიათურაში საპროტესტო აქციებს მართავენ მაღაროელები, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ. მათი მთავარი მოთხოვნებია - იანვრისა და თებერვლის ხელფასების ჩარიცხვა; საწარმოს ნაციონალიზაცია და წარმოების განახლება წესების დაცვით; ადგილობრივების მიერ ფონდის შექმნა და საწარმოს აქციების 5%-ის გადაცემა ამ ფონდისთვის, რომელიც მიღებულ თანხას ჭიათურის განვითრებას მოახმარს.