საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ადრე თუ გვიან ოსი ხალხი დაიბრუნებს თრუსოს, კობს და გუდოს ხეობას - მედოევი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:05 - 30 იანვარი 2019 hits 24642

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე თრუსოს ხეობას, კობს და გუდოს ხეობას „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ეს მიწები ადრე თუ გვიან ოს ხალხს დაუბრუნდება“.

ამ საკითხზე მედოევმა გერმანულ გაზეთთან Neues Deutschland-თან ისაუბრა. ინტერვიუს რუსულენოვანი თარგმანი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 30 იანვარს გამოქვეყნდა.

ჟურნალისტი: 2018 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს არ აღიარებს აღმოსავლეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში. რას ნიშნავს ეს? რას აპირებს სამხრეთ ოსეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით.

მედოევი: ნამდვილად, პრობლემა ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთისა (თრუსო, კობი და გუდოს ხეობა), რომელიც საქართველოს კონტროლქვეშაა, დიდი ხანია არსებობს და ყოველ წელს უფრო რთულდება. ეს მტკივნეული საკითხია მთელი ოსეთისთვის. ბოლშევიკების მიერ, სამხრეთოსური ავტონომიის შექმნის დროს, აღმოსავლეთ ნაწილი ოსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ იქნა მოწყვეტილი.

თრუსოს ხეობის სიგრძე 30 კილომეტრია. ცოტა ხნის წინ იქ 12 ოსური სოფელი იყო, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის შემორჩენილი 25 კოშკი და ციხე, 15 სალოცავი. ოსები ცხოვრობდნენ კობში და მეზობელ გუდოს ხეობაში, სადაც 11 სოფელი იყო, ასევე კობის ხეობაში, სადაც 9 სოფელია.

ერთ დროს დასახლებული სოფლები ნანგრევებადაა ქცეული, ოსები კი ამ ადგილიდან სრულად არიან გაძევებულები. ეს აშკარა მაგალითია იმისა, თუ რაზე ოცნებობდა ქართული ხელისუფლება სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, რომელიც უნდოდათ „სუფთა მინდვრად“ ექციათ.

აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც ავტონომიის საზღვრებს მიღმა დარჩა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის მიღმაც, იოლი ნადავლი გახდა ქართული ექსპანსიისთვის. დღეს, ამ ოსური სოფლების მცხოვრებლებისთვის, საკუთარი სამშობლო მიუწვდომელ საზღვარგარეთად იქცა.

რესპუბლიკის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რესპუბლიკის პრეზიდენტს და მთლიანად ოს ხალხს აქვს ნათელი პოზიცია და ის მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება და მათზე ოსები იცხოვრებენ.

საერთაშორისო შეხვედრებზე სამხრეთ ოსეთის დიპლომატებს არაერთხელ წამოუწევიათ იმ ხალხის  პრობლემები, რომლებიც წარმოშობით ყაზბეგის რაიონიდან არიან. ეს საკითხი  ჟენევის მოლაპარაკებებზეც დააყენეს და გააგრძელებენ მტკიცებას, რომ ოსებს აქვთ უფლება მათი წინაპრების ისტორიულ მიწებზე იცხოვრონ. ამ საკითხს დავაყენებთ ყველა დონეზე და ფორმატში“.

თრუსოს ხეობას დასავლეთით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. ხეობის 15 სოფლიდან 13 დაცლილია (აბანო, ბურმასიგი, გიმარა, დესი, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუატისი, ტეფი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა).

მუდმივი მცხოვრები მხოლოდ ორ სოფელშია, ზემო ოქროყანაში სიმა ბიდიხოვა და კართსოფელში რუსლან გუჯარაიძე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში