საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კიდევ ერთი მსხვერპლი ახალგორში - რას უკავშირებს ზაქარეიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:09 - 21 დეკემბერი 2020 hits 33218
ფოტოზე - პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტიკა
ფოტოზე - პაატა ზაქარეიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში კიდევ ერთი ადამიანი, 63 წლის გურამ სტეფანოვი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გურამ სტეფანოვი ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში პირველად ზაფხულში გადაიყვანეს. დას, მანანა სტეფანოვს, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, სურდა „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ძმა სამკურნალოდ თბილისში გადმოეყვანა, მაგრამ გურამს თავად უთქვამს უარი - შეეშინდა, რომ ჩაკეტილი გზის გამო, შესაძლოა, ახალგორში ვეღარ დაბრუნებულიყო.

ახალგორი მე-16 თვეა იზოლაციაშია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონში ჯერ კიდევ შემორჩენილი ადგილობრივი მცხოვრებლები, კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. ოფიციალური მონაცემებით, იზოლაციის გამო ახალგორში უკვე 17 ადამიანი გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი (ოძისი) 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ითხოვდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა, სოფელ წნელისის განაპირას, 2019 წლის 20-24 აგვისტოს მოაწყო.

საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას წინ უძღოდა 2019 წლის იანვრიდან, წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე, ხეებზე ფერადი მონიშვნები, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები. ოსურმა მხარემ ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრნახევრით შემოიწია და ორი ე.წ. საგუშაგო განათავსა.

ცხინვალისთვის ეს საგუშაგოები მნიშვნელოვანი არაა. ქართულმა მხარემ იქ გარკვეული მოქმედებები მოულოდნელად განახორციელა. „ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა 2008 წლამდე და წნელისის ტყეში, საგუშაგო როგორც სოკო, ოსებს ცხვირწინ ამოუყვანა. ეს ოსურმა მხარემ გამომწვევ ნაბიჯად მიიჩნია. საინტერესოა ის, რომ რუსული მხარე ხმას არ იღებს, თითქოს არ იმჩნევენ. დარწმუნებული ვარ, რუსებისთვისაც შემაშფოთებელი იყო, მაგრამ უნდოდათ, წინ ოსური მხარე გამოსულიყო. მათ საპასუხოდ ახალი საგუშაგოები ააშენეს და სიტუაცია ასე გაანეიტრალეს“, - უთხრა „მთის ამბებს“ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. 2012-2016 წლებში ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო.

„ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ დასჭირდა პირობითად მშვიდობიან ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“, რომელიც არ იყო შემჩნეული დაპირისპირებაში, მოულოდნელ ავანტიურისტულ ნაბიჯებში, ერგნეთში შეუთანხმებლად საგუშაგოს დაყენება. ერგნეთში მხარეები თანხმდებიან, ერთი თუ დადგამს საგუშაგოს, ეს ცვლის პირობებს და  მეორე მხარეც აყენებს. როგორც წესი, ეს ასე ხდება.

1992 წელს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. საგუშაგოები განლაგდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარშემო. ქართველები, ოსები და რუსები შეთანხმდნენ, რომელი მათგანი უნდა დაეკავებინა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ქართული ნაწილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდა.

მოვიდა სააკაშვილი და უტიფრად შეცვალა საგუშაგოები ისე, რომ არ შეუთანხმა არც ოსებს და არც რუსებს. ამან გამოიწვია დიდი დაძაბულობა, რასაც მოჰყვა 2004 წლის ზაფხულის მოვლენები, როცა ქართველი ბიჭები მუხლებზე დააჩოქეს. სამარცხვინო ამბები იყო ოსური მხრიდან. რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა, როგორც ქართველები, ისე ოსები. ბოლოს, 2004 წლის ნოემბერში, კოკოითმა და ჟვანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და სიტუაცია განიმუხტა.

ამის მერეც ხდებოდა საგუშაგოების გადალაგება და გადმოლაგება შეუთანხმებლად, მაგრამ მეტ-ნაკლებად ასატანი მდგომარეობა იყო. 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩადგა, შემოვიდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მათთან შეთანხმებით, ჟენევისა და ერგნეთის ფორმატში, ეს საგუშაგოები ხელახლა გადალაგდა. აქ ძველი საგუშაგოები დადასტურდა და თუ ახალი იქმნება, ერგნეთში ორმხრივად თანხმდებიან.

წნელისის (ჩორჩანას) საგუშაგო იყო სრულიად მოულოდნელი, არსაიდან მოტანილი. ეს არ იყო არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის დროს დღის წესრიგში. სააკაშვილს ასეთი რამ არ  გამოეპარებოდა, ოღონდ სადმე საგუშაგო დაეყენებინა და მაშინვე დააყენებდა. ანუ მანამდე არავის თავში აზრად არ მოსვლია წნელისში საგუშაგოს დადგმა.

ტყეა იქ, გზები არ გადის, მოსახლეობა არ მოძრაობს, საქონელიც კი არ გადაადგილდება, რომ იფიქრო, საქონელი გადადიოდა და ამით გლეხებს დაეხმარებოდნენ საქონლის უკან დაბრუნებაში. არაფერი იქ არ ხდებოდა. ერთადერთი, ღრმა საბჭოთა კავშირის დროს, მანდ მოიპოვებოდა რაღაც მადანი, ეს მადანი დიდი ხანია აღარ მოიპოვება. თუ ამ მადანის დასაცავად დადგეს, დღემდე არანაირი მოპოვება არ ხდება არც ქართველების და არც ოსების მხრიდან. არაფერი იმ ტერიტორიაზე არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ერთი ქართული და სამი ოსური საგუშაგო გაჩნდა.

მთელი ექვსი თვე ოსები კატეგორიულად ითხოვდნენ ქართული საგუშაგოს გატანას. ქართველებს პრინციპულად არ გააქვთ. უყურებენ ასე ერთმანეთს.

ამას მოჰყვა ახალგორის ჩაკეტვა, სამხრეთ ოსეთი ჩაიკეტა. მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კი ჰქონდათ გადმოსასვლელი იმერეთის მხრიდან, სინაგურიდან, მაგრამ სამი საათის სავალზეა სინაგური. კორონავირუსის გამო ისიც ჩაკეტეს 27 თებერვლიდან. სამედიცინო მომსახურებისთვის დროულად ვერ გადმოდიან და იღუპებიან. დღემდე არ ვიცით, რამ განაპირობა წნელისის საგუშაგოს დაყენება. სამაგიეროდ, შეგვრჩა ახალგორის მოსახლეობის აწიოკება.

ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა, უღირს კი ამ საგუშაგოს ნაცვლად ეს სიტუაცია? რა უპირატესობა მოიპოვა ქართულმა მხარემ ამ საგუშაგოთი. არანაირი ასეთი უპირატესობა არ ღირს, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. რა მონაპოვარი გვაქვს ამ საგუშაგოთი ასეთი, რომ ამ დრამატულ შედეგად გვიღირდეს?

ერთადერთი, რასაც უცნაურად დაემთხვა ეს ყველაფერი, იყო ის, რომ გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. გავრილოვის ღამის ბრალდებები იყო გახარიას წინააღმდეგ და აბსოლუტურად სამართლიანად საუბარი იყო ძალის გადაჭარბებით გამოყენებაზე. ამ ფონზე მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩუქარი გაუკეთა და აჩვენა საზოგადოებას, როგორი ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრი გვყავს. ის თვალებს კი არ თხრის ქართველებს, აგერ საგუშაგოს უყენებს ოსებსა და რუსებს.

- ბატონო პაატა, თუ საქართველოს ხელისუფლება წნელისის საგუშაგოს გააუქმებს, რამდენად მოსალოდნელია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორში ე.წ. გასასვლელი გახსნას და უმძიმეს ვითარებაში მყოფი რაიონის იზოლაცია დასრულდეს?

- თუ ქართული მხარე ამ საგუშაგოს აიღებს, დარწმუნებული ვარ, ბიბილოვი გზას გაუხსნის ახალგორელებს. ეს იყო მისი პირობა. მოუწევს თავისი პირობის შესრულება. ახლა კორონავირუსია, ეს ალბათ არ გამოვა, მთელი სამხრეთ ოსეთი ჩაკეტილია, რუსეთიდანაც არავინ გადმოდის. თუმცა, ახლა აღება კიდევ უფრო უცნაური იქნება. ერთადერთი, ქართულმა მხარემ შეიძლება ის თქვას, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ბედს, მაგრამ უკვე ოსური მხარე აღარ ითხოვს ამას. ოსური მხარე ახლა ძალიან კომფორტულადაა, წნელისის საგუშაგოს აბრალებს ახალგორის მოსახლეობის ჩაკეტვას. იქ თუ ვინმე უსაყვედურებს, რატომ ჩაგვკეტე, მიზეზად მოუყვანს წნელისს. ამან ხელი შეუწყო ახალგორის დაცლას.

იცლება ახალგორი, ხალხი სახლებს ყიდის. პროგრამა აქვთ სამხრეთ ოსეთში - „ოჯახების გაერთიანება“ ჰქვია. ქართველებს უფლებას აძლევენ ახლობლებთან წავიდნენ, ოღონდ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. იქ თუ ქართველის ფეხი ამოიკვეთა, მერე ძნელი გახდება დაბრუნება. ის კიდევ დიდხანს იქნება ჩაკეტილი.

შევარდნაძეს ჭკუა ეყო და გალის რაიონი არ გამოიყვანა. პოლიტიკურად ძალიან სწორი იყო, რომ გალელებს სადღაც გარეთ არ აუშენა სახლები, როგორც არის წეროვანში.

დღეს აფხაზეთში გალის რაიონი ანგარიშგასაწევი ძალაა. არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, იქ მათ ანგარიშს უწევენ. მოსახლეობა არაა დალხენილი, ავიწროვებენ, მაგრამ ცხოვრობენ, გადადგილდებიან, მუშაობენ, ბიზნესი აქვთ და იქ ურჩევნიათ ცხოვრება, ვიდრე გარეთ, თუმცა პრობლემები მაინც არის. ასე უნდა ყოფილიყო აქაც. ისედაც ეთნიკურ წმენდა გავლილმა სამხრეთ ოსეთმა, ქართული ხელისუფლების მეშვეობით ქართველები რეგიონის ფარგლებიდან გაიყვანა. ამას უკვე ხელს უწყობს ეს წნელისის საგუშაგო. ჯობდა ქართველები იქ ყოფილიყვნენ და იქ დაგვეცვა, ვიდრე გარეთ გამოგვეყვანა. სადღაც ხუთ წელიწადში, იქ აღარავინ იქნება.

ბევრი იპარება კიდეც. იციან, სად გადის მთის ბილიკები.ზარალდება მხოლოდ ის ხალხი, ვინც მოწყვლადია, ვისაც საკუთარი ფეხით არ შეუძლია გადაადგილება და მანქანა სჭირდება.

რუსები ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ. მავთულხლართებს რომ ავლებენ, ამას არამხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, არამედ პრაგმატულიც, ასეთი ხვრელები რომ ამოავსონ. ყველგან ვერ ამოავსებენ. მავთულხლართები მხოლოდ 40 კილომეტრზეა გავლებული. ადამიანებმა იციან, როგორ გადმოვიდნენ, ის კი არა, ამ მავთულხლართების ქვეშ ძვრებიან. ვიღაცას იჭერენ, უმრავლესობას ვერა. უმრავლესობას რომ იჭერდნენ, ამდენი ხალხი არ გარისკავდა გადასვლა-გადმოსვლას. მათ შესწავლილი აქვთ როგორ გადაადგილდებიან რუსები მანქანებით, როდის ისვენებენ და იყენებენ ამ მომენტებს.

- ცდილობს ქართული მხარე ახალგორის კრიზისიდან გამოყვანას და მოლაპარაკებას ოსურ მხარესთან, ჰუმანიტარულ საკითხებზე მაინც?

- ქართული მხარე მოლაპარაკებას არ იწყებს არც აფხაზურ და არც ოსურ მხარესთან. ოსური მხარე უფრო ჩაკეტილია, ის არ გამოხატავს მოლაპარაკების ნებას. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის შეიძლება ლაპარაკი ოსურ მხარესთან, ისე როგორც აფხაზურთან. აფხაზებმა ძალიან ბევრჯერ შემოგვთავაზეს დიალოგი - ბჟანიამ, ანქვაბმა, შამბამ, მაგრამ არანაირი რეაგირება, მეტიც, ძალიან სასაცილო არგუმენტი აქვს ქართულ მხარეს - ეს რუსული პროექტიაო. ხაჯიმბა რომ არ გვთავაზობდა ლაპარაკს და კეტავდა ხუთ გამშვებ პუნქტს, ქართული პროექტი იყო და ანქვაბი რომ ხსნის, ეს რუსული პროექტია? რა ბოდვა და უგუნურებაა.

აბსურდამდე დადის ხოლმე ქართული რეაქცია და ერთადერთი მიზეზი არის არაკომპეტენტურობა. ჩვენი მხრიდან არავინ არის, ვინც შეიძლება დაელაპარაკოს ოსურ და აფხაზურ მხარეებს. აქ სჭირდებათ სანდო და გამოცდილი ადამიანები, ვისაც ისინი ენდობიან. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ გუნდში დღეს არ არის ასეთი ხალხი. ეს მათი პრობლემაა და გადასაფარად იგონებენ რაღაც ზღაპრებს, თითქოს აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება რუსეთის ინტერესებშია.

მეც ოთხი წელი ვიყავი მინისტრი, ჩავარდნები ყველას გვქონდა, მაგრამ ასეთ დონეზე არასდროს. სულ რომ ჩაეკეტათ ყველაფერი, არასდროს. ზუსტად ვიცოდით, როდის ჩაიკეტებოდა და როდის გაიხსნებოდა. ჩვენ ვაკეთებდით ბევრ რამეს ოსებისთვის და ვეუბნებოდით, გახსოვს, ეს გაგიკეთე და ახლა შენ ამ დათმობაზე წამოდი.

მე ოსებმა გადმომცეს ხუთი პატიმარი, რომლებიც შპიონაჟის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. რაღაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო კი არა, ჯაშუშობის უმძიმესი ბრალდებით, მკვლელობაც ბრალდებოდათ, სახელმწიფოს გადატრიალებაც კი და ასეთ ადამიანებზე შევძელი მოლაპარაკება. 2016 წლის 10 მარტს, 12 ადამიანი გამოვიყვანე ცხინვალიდან და სოხუმიდან. ანუ შეიძლება ამ ადამიანებთან ლაპარაკი, ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ეს არ არის იოლი, მაგრამ შესაძლებელია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში