საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ვერტმფრენით გამგზავრების მსურველთათვის რეგულაციები დაწესდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:54 - 11 მარტი 2019 hits 8548

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თუშეთში გამგზავრების მსურველთა გაზრდილი რაოდენობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარმა სამმართველომ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგულაციები დააწესეს.

თუშეთის სამოქალაქო რეისზე, სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენში მგზავრების დაშვება მოხდება მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიით. მგზავრთა სიას გამგზავრების მიზნისა და გადასატანი ტვირთის ოდენობის მითითებით, ადგენს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სასაზღვრო პოლიციასთან კოორდინაციით. ახალი წესების მიხედვით, დაუშვებელია მოქალაქის გამგზავრება მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე.

მედიის წარმომადგენლებმა ან/და სხვა მიზნით თუშეთში გამგზავრების მსურველებმა, გამგზავრების მიზნის შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა მიაწოდონ როგორც თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელს, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურს ელექტრონული ფოსტის საშუალებით: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. თანხმობის გარეშე თუშეთში სამოქალაქო რეისით გამგზავრება დაუშვებელია. ასევე, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მედიიდან ან სხვა კომპანიებიდან 2-ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება.

ჩასხდომის დროს მგზავრი არ უნდა იყოს ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულ მდგომარეობაში ყოფნისას მგზავრი შვეულმფრენში არ დაიშვება.

 შვეულმფრენით სარგებლობის სავალდებულო წესები

მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას - არ უნდა იყოს 18 ადამიანზე მეტი.

ერთ მგზავრს უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 20 კგ. ტვირთი. 18-ზე ნაკლები მგზავრის არსებობის შემთხვევაში, ტვირთის წონა შესაძლებელია გაიზარდოს მხოლოდ ეკიპაჟის წევრის ნებართვით.

მოქალაქეს ავიარეისით სარგებლობა შეუძლია თვეში მხოლოდ ერთხელ, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა.

აკრძალულია შვეულმფრენში ასვლა და ჩამოსვლა, ასევე მიახლოება კუდის მხრიდან ეკიპაჟის წევრის ნებართვის გარეშე.

აკრძალულია შვეულმფრენთან მიახლოება ქუდით, ჩართული ძრავისა და ხრახნების მუშაობის დროს.

აკრძალულია ფრენის დროს შვეულმფრენში მგზავრების თვითნებური გადაადგილება.

აკრძალულია შვეულმფრენში ალკოჰოლური სასმელების მიღება.

აკრძალულია შვეულმფრენში და მის გარშემო, 20-25 მეტრის რადიუსში თამბაქოს მოწევა.

აკრძალულია შვეულმფრენში ყოველგვარი თვითნებური მოქმედება (სარკმლის გახსნა, ჭანჭიკებისა და მექანიზმების შეხება და ა.შ).

დაუშვებელია ფეთქებადსაშიში და ადვილად აალებადი საგნებისა და ტვირთის გადატანა (ბენზინი, ბუნებრივი აირის ბალონი).

დაუშვებელია დიდი გაბარიტებისა და მოცულობის ტვირთის გადატანა (როგორიცაა მაგალითად მოტობლოკი, ბიდონი, მატრასი, ფანერა, თუნუქის ფურცელი, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.).

დაუშვებელია ვერტმფრენის ეკიპაჟისთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მათი მითითებების შეუსრულებლობა.

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანიდან ომალოს მიმართულებით, ადგილობრივებისთვის სამოქალაქო ფრენები 2017 წლის მარტიდან სრულდება, იმ პერიოდში, როცა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო თუშეთის გზა ნოემბერში იკეტება და მაისის ბოლომდე ვერ ხსნიან. ვერტმფრენით მგზავრობა უფასოა. გასულ წელს სამოქალაქო ფრენები ყოველკვირეულად სრულდებოდა, წელს კი თვეში 2-ჯერ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში