საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება - მგზავრობა უფასოა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:58 - 30 მარტი 2017 hits 34679

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, ავიარეისები ომალოს მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 9 საათზეა. მგზავრობა უფასოა.

თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში ჩასაწერად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ქვემო ალვანში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელს ლადო კახოიძეს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 591 01 01 92.

კახოიძის თქმით, ვერტმფრენით თუშეთში მგზავრობა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც თუშეთში ცხოვრობს, ფერმერულ საქმიანობას ეწევა ან დროებით სამუშაოებზეა დასაქმებული.

„იმ შემთხვევაში თუ უამინდობის გამო ფრენა გადაიდო, როგორც კი გამოამინდდება, რეისი აუცილებლად შესრულდება. ვერტმფრენი ომალოში დაახლოებით 30-40 წუთი გაჩერდება და სურვილის შემთხვევაში მგზავრებს იქიდანაც წამოიყვანს“, - ამბობს ლადო კახოიძე.

დღეს, პირველ რეისზე, ალვანიდან თუშეთში ვერტმფრენმა 17 მგზავრი გადაიყვანა, ძირითადად ადგილობრივები, რომლებიც თუშეთში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევენ ან საოჯახო სასტუმროები აქვთ და ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.

ნაზო თათარაიძე ერთ-ერთი მათგანია. მას ომალოში საოჯახო სასტუმრო აქვს.

„მთაში წამოსვლას რომ ვაპირებდი, უკვე სანერვიულოი თემა გაგვიჩნდა, რით უნდა ამოვსულიყავით. ჩვენდა საყისმათოდ პრემიერ-მინისტრმა დაგვინიშნა რეისები, რისიც დიდი მადლობლები ვართ.

უმტკივნეულოდ მოგვიყვანა ჩვენ კუთხეში. სამანქანე გზის გახსნამდე, თუ ავად გახდება ვინმე, თვითმფრინავის იმედი გვექნება. რამხელა სანერვიულო გვქონდა და ახლა ყველანაირად პრობლემამოხსნილები, დამშვიდებულები და დაწყნარებულები ვართ“, - ამბობს ნაზო თათარაიძე.

„მე სასტუმრო მაქვს შენაქოში. ზამთარ-ზაფხულ აქ ვცხოვრობ მუდმივად. რამდენიმე თვის წინ მომიხდა წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კახეთში. ვიმკურნალე, მინდოდა მალე წამოსვლა, მაგრამ ვერ წამოვედი. ეხლა როცა გავიგე, რომ მთავრობამ რეისი დანიშნა, ჩავეწერე მაშინვე და გადმოვფრინდი. დიდი მადლობა ყველას და მთავრობას - ვინც ეს საქმე გაგვიკეთა და ვინც ეს რეისები დანიშნა“, - აღნიშნავს ელდარ ბუქვაიძე, პირველი რეისის კიდევ ერთი მგზავრი. 

თუშეთის გზის გახსნამდე ომალოს მიმართულებით ავიარეისები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა. პრემიერის ინიციატივას წინ უძღოდა მისი ვიზიტი თუშეთში, სადაც ადგილობრივებმა მას უგზოობით გამოწვეულ პრობლემებზე მიმართეს.  

„მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ,“ - განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი მხოლოდ ნახევარი რჩება.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში