საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭის დაცლილი სოფელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან 2 კილომეტრში - რეპორტაჟი სხანარიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:19 - 23 იანვარი 2019 hits 18144

სხანარი მაისურაძეების სოფელია - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარის, თუმცა ზემო რაჭის ამ სოფელში დღეს მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს, სულ ოთხი ადამიანი.

ნაახალწლევს, ჩვენს მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, სისხამ დილით ხარებით აიტანეს საწვავი ძველი საბჭოთა ტრაქტორისთვის, სამანქანო გზა რომ გაეწმინდათ. წედისს ზემოთ, ციცაბო აღმართებზე, ნახევარ მეტრამდე მოუთოვია და სხანარამდე, მანქანით კი არა, ფეხითაც კი ვერ გაიკვალავდა კაცი გზას.  

სახლები აქ დაკეტილი ან დანგრეულია, რამდენიმეც, თოვლით დამძიმებული - ჩამოქცევაზე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვართან მდებარე სხანარში, ონიდან სულ რაღაც 18 კილომეტრში, მოულოდნელი სურათი გვხვდება - ატყევებული ეზოები და აბლაბუდაში გახვეული ძველი ხის აკვნები.

1980 წლამდე სოფელში 25 ოჯახს უცხოვრია, 130-მდე ადამიანს. 2002 წლის აღწერით აქ მხოლოდ 12 მოსახლე იყო რეგისტრირებული.

დაცლილ სხანარს ბოლო წლებში ერთი კაციღა შემორჩენია, დიანოზ მაისურაძე. 2012-ში, 63 წლის დიანოზს, მეზობელ სოფელში მცხოვრები მოხუცი ქალისთვის ხარებით შეშა ჩაუტანია. დაბრუნებისას გზაში შეუსვენია დაღლილს. ჩასძინებია და გაყინულა.

სოფელი რომ არ მოკვდარიყო, სხანარში ორი ოჯახი დაბრუნდა.

„მამაჩემი რომ დაიღუპა, უქმდებოდა სოფელი. მეც ისეთ ასაკში ვიყავი, არ მქონდა გამოცდილება სოფელში მარტო რომ მეცხოვრა. ცოდნა უნდა აქ ყველაფერს. მერე, რადგან ბესომაც გადაწყვიტა ქუთაისიდან დაბრუნება, მეც ონში რა უნდა მეკეთებინა, არაფერი სამუშაო არ იყო და აქ ვარჩიე ცხოვრება. ვცხოვრობთ უკვე მეექვსე წელია“.

ზვიადი ახლა 27 წლისაა. ყველაზე მძიმე შრომა შემოდგომაზე უწევს, როცა ზამთრისთვის იმარაგებს შეშას, თივას, ფქვილს და სხვა პროდუქტს ონიდან. ყველაფერს ხელით და ხარებით აკეთებს. „თავს ვირჩენთ, წინ ვერ მივდივართ.

ხარებით ვხნავთ, ხელით ვთიბავთ, შეშასაც ხარებით ვეზიდებით, თივასაც. ტრაქტორი რომ ყოფილიყო, სათიბით, შრომას ცოტა მაინც შეგვიმსუბუქებდა.

განვითარების შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩემით ვერ ვახერხებ ყიდვას, წლები სჭირდება“.

უხალხობაა ის, რაც ყველაფერზე მეტად აწუხებთ: „4-5 ახალგაზრდა რომ იყოს, მეტი ხალისი მექნებოდა. ორი კაცი ვართ ახლა, მე და ბესო. სალაპარაკო თემაც აღარ გაქვს. გადიხარ, მიხედავ საქონელს, დააწყურებ, აბალახებ, მოდიხარ. თბილ ღუმელთან დაჯდები და ეგაა, ყოველი დღე ასე მეორდება“.

დაოჯახებაზე უფიქრია: „თუ შეგუებული არ ხარ მთის პირობებს, გაგიჭირდება აქ ცხოვრება. შეიძლება ადამიანი მთაზე აიყვანო და იქ იყოს კმაყოფილი, მაგრამ ტრანსპორტი აქ არ დადის, ტექნიკა აქ არაა, გაჭირვებით ვცხოვრობთ. ბავშვს ყურადღება დასჭირდება. მოკლედ, ძნელია აქ დაოჯახება“.

ბოლო ექვს წელში, რაც ზვიადი დედასთან და ბესო მეუღლესთან ერთად სხანარში ცხოვრობენ, წედისის თემში, რომელშიც ოთხი სოფელია (წედისი, სხანარი, ქვედი და ირი), მხოლოდ ორი ადამიანი დაოჯახდა. „ერთი უკვე წავიდა წედისიდან, პატარა ბავშვები ჰყავს. ონთან სოფელია ახლოს, მეუღლე ჰყავს იქიდან და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად რომ ბავშვები ბაღში ატაროს. მეორე ოჯახსაც ალბათ ასე მოელის, რადგან რაიონში უნდა ჩავიდეს აქედან, სკოლის და ბაღის გულისთვის“, - ამბობს ბესიკ მაისურაძე.

სოფელში დაბრუნების შემდეგ ბესო ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად აირჩიეს. მაღალმთიანი რაჭის სოფლების გადარჩენის გზად მთაში მუდმივად მცხოვრებთათვის საპენსიო ასაკის შემცირება და სამთავრობო პროგრამებით მიზნობრივი მხარდაჭერა მიაჩნია:

„სოფელში კი არა, რაიონშიც აღარ არის ახალგაზრდობა. ძნელია აქ ახალგაზრდების დაბრუნება. ყველაზე აუცილებელია, რომ მთაში მუდმივად მცხოვრებ მამაკაცს პენსია დაენიშნოს 60 წლიდან, ქალებს 55 წლიდან. ყველა ამას ამბობს რაჭის მთიან სოფლებში. საპენსიო ასაკი 5 წლით თუ შემცირდება, ხალხი დაბრუნდება. შრომისუნარიანი ადამიანები მეურნეობას შექმნიან, მერე იქნებ ახალგაზრდებიც შემობრუნდნენ. 65 წლის ზემოთ ბევრ ადამიანს ფიზიკური მუშაობა უკვე უჭირს, 5 წელი დიდ რამეს ნიშნავს“.

ბესო იხსენებს, რომ სხანარისა და წედისის თემის სხვა სოფლების მოსახლეობას ონი-ცხინვალის გზის ჩაკეტვის შემდეგ უფრო გაუჭირდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ამ გზით სიარულს ჯერ კიდევ ახერხებდნენ.

„ეს გზა აცოცხლებდა მთიანი რაჭის სოფლებს. მოკლე გზა იყო და შაბათ-კვირას თბილისიდან მოდიოდა ადამიანი, რაღაცას ასწრებდა, მშობლებს მიხედავდა, მიეხმარებოდა, პროდუქტს მოუტანდა და ისევ უკან ბრუნდებოდა.

თბილისიდან მანქანა ცხინვალის გავლით რომ მოდიოდა, ონამდე 3 საათს ანდომებდა. ახლა ტყიბულის და ზესტაფონის გავლით თითქმის 6 საათი სჭირდება, ხარჯიც ბევრად მეტია. ამანაც გააუარესა, გაართულა ყველაფერი.“

თბილისიდან ონამდე მანძილისა და მგზავრობის დროის შესამცირებლად ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის ახალი გზა სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი 1.5 საათით შეამცირებს.

პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთისა და რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სოფლებს სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და ამბროლაური-ონის უკვე არსებულ გზას შეუერთდება. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.

სხანარში მცხოვრები ორი ოჯახისთვის ახალი გზა შვება იქნება. ბესო და ზვიადი იმასაც ნატრობენ, ამან იქნებ სხვებიც შემოაბრუნოს მთისკენ - სოფელს დაუბრუნდნენ ადამიანები, რომ სხანარი ისეთივე ძლიერი და ცოცხალი იყოს, როგორიც მათ ბავშვობის მოგონებებს შემორჩა.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში