საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

წოვათის ხეობის თუშების ენა გაქრობის პირას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:56 - 30 დეკემბერი 2018 hits 16893

„სკოლაში 220 ბავშვი გვყავს. დაახლოებით 15-20 ბავშვს თუ შეუძლია ამ ენაზე საუბარი, ისიც, გამართულს ვერ დაარქმევ. ალბათ ერთი ამდენია, ვისაც ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, თითებზე ჩამოსათვლელი, ვინც გამართულად იცის“, - გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენა, რომელზეც ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძე საუბრობს, წოვათის ხეობის თუშების ენაა.

წოვათა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემია, ალაზნის სათავეში. ხეობაში შვიდი სოფელი იყო: წარო, ინდურთა, ეთელთა, საგირთა, შავწყალა, მოზართა და ნადირთა. მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 1886 წლისთვის, წოვათის ხეობის მხოლოდ 4 სოფელი ყოფილა დასახლებული - წარო, ინდურთა, ეთელთა და საგირთა. სულ 1533 ადამიანს უცხოვრია (337 ოჯახი).

მე-19 საუკუნის დასაწყისში, წოვათიდან თუშები ბარში, ალაზნის ველზე ჩამოსახლებულან. ისტორიულ წყაროებში მოსახლეობის აყრის რამდენიმე მიზეზია დასახელებული: 1830 წელს სოფელი საგირთა მეწყერმა წალეკა; მოსახლეობის ნაწილი შავმა ჭირმა იმსხვერპლა; თუშები მეცხვარეობის გამო მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ; ჩეჩნები ესხმოდნენ თავს.

ჩამოსახლებულთა შთამომავლები ამჟამად სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობენ, დაახლოებით 1600-1700 ადამიანი. წოვათაში საზაფხულო საძოვრები აქვთ. ხეობის სოფლებამდე მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზა დამეწყრილია და გადაადგილება ხშირად ზაფხულშიც შეუძლებელია. ნასოფლარი წარო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, განადგურების პირას არის.

თუშეთის დანარჩენი ოთხი ხეობის მცხოვრებთაგან, წოვათის ხეობის თუშებს ენა განასხვავებთ. თუ ჭანჭახოვნის, გომეწრის, ჩაღმის და პირიქითის ხეობების თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე საუბრობენ, წოვათის თუშებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საკუთარი ენა.

სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ენა დამკვიდრებულია როგორც წოვათუშური (ზოგიერთი წყარო მას ბაცბურადაც მოიხსენიებს), თუმცა თუშების სათემო საბჭო, რომელიც წოვათის ხეობის თუშების სათემო ორგანიზაციაა, ენას თუშურს უწოდებს და ენათმეცნიერებისგანაც ითხოვს, თუშური ენის სახელით მოიხსენიონ.

წოვათის თუშების ენა კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ენაზე წოვათის თუშები ძირითადად თემში საუბრობენ, ახალგაზრდების უმრავლესობამ კი ენა არ იცის.

„ენა კვდება მეთქი, არ მინდა ვთქვა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ენის გადარჩენა“, - ამბობს ლევან დურმიშხანიძე, რომელიც ენის გადასარჩენად სამუშაო ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია.

ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ბაგრატ ქადაგიძეს მიაჩნია, რომ ენის შესასწავლად, საბავშვო ბაღსა და სკოლაში მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს: „სახელმძღვანელოები გვჭირდება, აუდიო-ვიდეო მასალა. პირველ რიგში, ალბათ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებიდან უნდა იყოს ინიციატივა. ასევე, სკოლაში უკვე შეიძლება წრის სახით მოხდეს ბავშვების გაერთიანება და ენის შესწავლა. სახელმძღვანელოსაც ამზადებენ კომპეტენტური პირები. სკოლას შეუძლია გამოყოს ფართი, სწავლისთვის აუცილებელი გარემო შექმნას. ბავშვების მხრიდან ენის შესწავლაზე მოთხოვნა არ გვქონია, მაგრამ ვიცი, რომ სურთ“.

ნიკა კაიშვილი, ზემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე: „დედითაც და მამითაც წოვათუში ვარ, წოვათუშურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები სახლში ხშირად საუბრობენ, მე ნაკლებად. ვერ ვახერხებ, მიჭირს საუბარი, მაგრამ მესმის. ჩემი თანატოლებიც არ ლაპარაკობენ ამ ენაზე. არის სურვილი რომ ეს ენა ვიცოდეთ, ყველას ალბათ არა, მაგრამ რამდენიმეს უნდა. მე თვითონაც მსურს ენის შესწავლა. ალბათ ისეთი ადამიანი გვჭირდება, ვინც კარგად იცის და ამიხსნის როგორც გაკვეთილს. სკოლაში რომ იყოს ასეთი წრე, ვივლიდი და ვეცდებოდი, რომ არასდროს გამეცდინა“.

თამუნა გავაშელიშვილი, ზემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე: „დედა მყავს წოვათუში, მამა რაჭველი. აქ დავიბადე და გავიზარდე. წოვათუშური არ ვიცი. დედამ იცის, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ქართულად ვსაუბრობდით. რამდენიმე წლის წინ, ამ სკოლაში იყო პედაგოგი, რომელიც წოვათუშურ ენას გვასწავლიდა. მაშინ შეგვიყვანა დედამ ამ მასწავლებელთან. გაკვეთილების ბოლოს ვრჩებოდით და ვმეცადინეობდით. პატარა ვიყავი და ზუსტი მიზეზი არ მახსოვს, მაგრამ შეწყდა მერე სწავლა. ბავშვების ნაკადიც იყო ჯგუფში, ათნი მაინც ვიყავით. ის მასწავლებელი ახლაც აქაა, სოფელში. კლასელებსაც აქვთ დიდი სურვილი, რომ ისწავლონ ეს ენა. გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ მაინც გვინდა“.

9 მონოგრაფიას, წოვათუშური ტექსტების 4 ტომსა და წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონის 3 ტომს ითვლის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების - არსენ ბერთლანის, მაყვალა მიქელაძისა და ქეთევან გიგაშვილის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა. პროფესორთა ამ ჯგუფის მიზანი გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი წოვათუშური ენის გადარჩენის ხელშეწყობაა.

მსოფლიო ლინგვისტური მრავალფეროვნებიდან წოვათის თუშების სასაუბრო ენა რომ არ წაიშალოს, „თუშების სათემო საბჭოს“ ხელმძღვანელი ლევან დურმიშხანიძე დახმარებას მთავრობას სთხოვს:

„ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძვით, სხვადასხვა ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ აუცილებელია მთავრობის მხარდაჭერაც. ამიტომ, მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ დასაკარგი ენა ჩვენ არ გვაქვს. ეს ენა უნდა გადარჩეს და მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში