საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შეზღუდული ხელმისაწვდომობა კარგ განათლებაზე მთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:58 - 15 დეკემბერი 2018 hits 11632

„აქ იმიტომ ვართ, რომ ბავშვებს კარგი განათლება მივცეთ. პროგრამა ელექტრონული რესურსების გამოყენებასაც გვავალებს, მაგრამ ვერ ვახერხებთ. 45 წუთიანი გაკვეთილი შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ ინტერნეტში ვიდეო არ გაიხსნას. მობილურ ინტერნეტსაც სამასწავლებლოში დაიჭერ, ოდნავ აქეთ, კლასში გამოხვალ და აღარ არის“, - ცისანა ლონდარიძე პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, შუაფხოს საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანი რეგიონების სკოლებში კვალიფიციური კადრების მიზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. მაგრამ, მაღალმთიან რეგიონებში მივლინებულ მასწავლებლებს ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა უჭირთ.

ცისანა მასწავლებელი მე-5 წელია ამ პროგრამაში მონაწილეობს. ჯერ ბაღდათის რაიონის სოფელ საკრაულაში ასწავლიდა, შემდეგ იყო სვანეთი - მესტიის რაიონის სოფელი იელი, მერე ქარელის რაიონში კონფლიქტის ზონის სოფელი - ატოცი, 2018 წლიდან შუაფხოშია. ოთხივე სოფელში სწავლებისას ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჰქონდა:

„თანამედროვე სწავლების პროცესი პირდაპირ ითხოვს ინტერნეტს. ჩვენ გვაქს ასეთი პროგრამა learningapps“, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერაქციას, მაღალ ჩართულობას. ამ პროგრამით ბავშვებმა გაკვეთილზევე უნდა ისარგებლონ, მაგრამ შეუძლებელია.

ინტერნეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თვითონ ბავშვებიც აქტიურები გახდებიან, ჩვენც სრულფასოვანი გაკვეთილი გვექნებოდა, ბევრად ნაყოფიერი, ვიდრე ახლა. სოფლად მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ კარგი განათლების მიღების უფლება“.

„სკოლაში ხარისხიანი ინტერნეტის არქონა ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვიშლის ხელს, ვიდრე სხვა საგნების მასწავლებლებს“, - ამბობს გაგა შეთეკაური, შუაფხოს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი.

„ყველას მე ვასწავლი, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით. სკოლაში მხოლოდ მე-10 კლასი არ გვყავს. ინტერნეტი ყოველდღიურად მჭირდება, ბავშვებს სხვადასხვა რესურსები რომ ვანახო, რომლებიც გაახალისებს გაკვეთილს, უფრო ადვილადაც ისწავლიან. ძალიან დაბალია სიჩქარე. 45 წუთიანი გაკვეთილია და ხშირად, გაკვეთილზე რომ შევსულვარ, ეგრევე დამიწყია მოსასმენის .. listening-ის ჩამოტვირთვა. ოცი წუთი ან მეტი სჭირდება რომ ეს ვიდეო ჩამოვტვირთოთ. ნახევარ დროს ასე უაზროდ ვკარგავთ. ხანდახან გვინდა რომ ონლაინტესტები გავაკეთოთ, მაგრამ ძალიან საწვალებელია. იმდენს ველოდებით და ისე ნელა გადადის შემდეგზე, ხალისი ეკარგებათ. ხშირად მთხოვენ რომ ვუყუროთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საუბრებს youtube-ზე. ველოდებით, ველოდებით, მერე აღარ გვინდა და კლასში, უკან ავდივართ“.

შუაფხოს სკოლას წელს ორი აბიტურიენტი ჰყავს. ბარბარე ჯაბანიშვილი სწავლის გაგრძელებას ჟურნალისტიკაზე აპირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად მასალების მოძიებას მობილური ინტერნეტით ცდილობს.

„ტელეფონის ინტერნეტი ძვირია, თან ცუდი ხარისხისაა. დიდთოვლობის, წვიმის ან ნისლის დროს, უამინდობა კი აქ ხშირად არის, კავშირი საერთოდ წყდება, ინტერნეტიც და ტელეფონიც“, - ამბობს ბარბარე და ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ინტერნეტის არქონის გამო, ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ 100-მდე ბავშვს არაფორმალური განათლების მიღება და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაც არ შეუძლია.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტს ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია - მთის სათემო ქსელი განახორციელებს. მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტით 68 სოფელი და ტურისტული ადგილები დაიფარება. ინტერნეტიზაციის პროექტისთვის 246 ათასი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო, დაახლოებით 50 ათასი ლარი კი ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტ საზოგადოებამ“.

მთის სათემო ქსელის თავმჯდომარე ირმა ცქიფაშვილი მიიჩნევს, რომ ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს არამხოლოდ ბავშვებისთვის კარგი სასკოლო, არაფორმალური და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, არამედ დაეხმარება ფერმერებსაც, რომლებსაც თანამედროვე სტანდარტების დანერგვა სურთ:

„ინტერნეტით შესაძლებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ახლა, წარმოება რომ გაზარდონ კიდეც, პროდუქტის რეალიზაცია მაინც გაუჭირდებათ. ერთ-ერთი ფერმერი, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მოჰყავს, რეკლამირებისთვის 18-20 კილომეტრს ფეხით გადის, ინტერნეტის გულისთვის“.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი დღეისათვის საქართველოს 936 სოფელშია ხელმისაწვდომი, რაც სოფლების რაოდენობის 28%-ია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში