საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მოგონებები გოდერძი ჩოხელზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:34 - 12 ოქტომბერი 2018 hits 15477

შემოდგომა გოდერძის სეზონია. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოც ოქტომბერში, ჩოხში იმართება. ამ დღეს იკრიბება ყველა, ვინც იცნობდა და ვისაც მოგონებები აკავშირებს გოდერძისთან. გუდამაყრელ მწერალს, გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ, მეგობრები - ბაბუა ალუდაური და მანანა ცოცხალაშვილი იხსენებენ.

ბაბუა ალუდაური:

მისი მოთხრობებისა და ფილმების გმირები, ხშირად, რეალური პიროვნებები იყვნენ. ჩვენს საერთო თავგადასავლზეც უნდა დაეწერა, მაგრამ რატომღაც, აღარ დაუწერია. ამბავს კი მოგიყვებით - მე და გოდერძი რუსთავში ჩემს დეიდაშვილებს ვესტუმრეთ. ვიქეიფეთ და უკანა გზაზე მძღოლთან პატარა უთანხმოება მოგვივიდა. ქალაქს კარგად არ ვიცნობდით და თურმე, მძღოლმა პოლიციაში მიგვიყვანა.

ერთ-ერთ პოლიციელს ვეუბნები, კარგი, მე დამიჭირეთ, მაგრამ ეს კაცი მწერალია, ამის დაჭერა არ შეიძლება-მეთქი. ჟურნალი მივეცი, სადაც გოდერძის მოთხრობა „წერილი ნაძვებს“ იყო დაბეჭდილი. იმ ღამეს მორიგემ წაიკითხა. მეორე დილით განყოფილების გამგე რომ მოვიდა, მორიგე წინა ღამის ამბებს უყვება და ეუბნება - ეს ჩვენთან მოსაყვანი არ იყო, ფსიქიატრიულში უნდა მიეყვანათ. კაცს მხარზე ნაძვი ამოუყვანაო.

მერე ხშირად იხსენებდა გოდერძი და იცინოდა ამ ამბავზე.

სტუდქალაქში გავიცანი. მისი მოთხრობები პირველად ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა. იმ ჟურნალში დამწყები შემოქმედები იშვიათად იბეჭდებოდნენ. გოდერძის სიხარული მახსოვს, ჟურნალი გულზე მიხუტებული რომ მოჰქონდა. ერთ ხელში მისი სათაყვანებელი მწერლის, რეზო ინანიშვილის პატარა წიგნი ეჭირა, მეორეში ის ჟურნალი. მაშინ თქვა - რა ბედნიერება იქნებოდა, აი, ასეთი პატარა კრებული რომ გამომეცაო.

80-იან წლებში, ჩემს სოფელში, ხახმატში „ადამიანათა სევდის“ გადაღება ჰქონდათ. მთელი სოფელი უყურებდა გოდერძის მსახიობებთან ურთიერთობას - უშუალოსა და თბილს. ამ ფილმისთვის ძველი სოფლის ასახვა სჭირდებოდა, ხახმატში კიდე ელექტრო ბოძები იდგა. ბათირა ბიძა გვყავდა დენის მინისტრი, საღამოს ექვს საათზე ჩართავდა, 12-ზე გამორთავდა. გოდერძიმ თქვა - აი, ეს ელექტრო ბოძები მიშლის ხელსო. არავინ შეწინააღმდეგებია, ისე გადაწყდა ბოძების მოჭრა. ხახმატელებმა თვითონ მოჭრეს ის ბოძები. ასეთი სიყვარული და პტივისცემა ჰქონდათ გოდერძისა.

აი, ეგეთი იღბლისა იყო, ფილმების გადაღება უნდოდა, არ მისცეს საშუალება. შეეძლო და არ გააკეთებინეს. გოდერძის ფილმებიც ისე ადრე მთავრდება, გგონია, ჯერ ნახევარიც არაა გასული.  

თბილისში ჩავედი სანახავად, ცუდად იყო მაშინ უკვე. ვუთხარი, სად გინდა წასვლა. გუდამაყარში, ხევსურეთში, სადაც გინდა, მოიფიქრე და მანქანით მივიდეთ ნებისმიერ ადგილას-მეთქი. მაშინ მითხრა - „მგონია, მანქანის საწვავის სუნსაც რომ ვიყნოსავ, ისიც ცუდად გამხდის. არსად აღარ მინდა წასვლა“.

მანანა ცოცხალაშვილი:

ჩოხის არასრული სკოლის დამთავრების მერე, სასწავლებლად ფასანაურში გადმოვიდა. მაშინ გავიცანი. პარალელურ კლასში იყო, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. 

კარგი დედა ჰყავდა ძალიან. ფოთოლსა და ხეს რომ ელაპარაკებოდა, დედისგან ჰქონდა. ლელა დეიდა იყო ეგეთი პოეტური და კეთილშობილი ქალი.

თავის ლექსებს მაკითხებდა. ძალიან მოკრძალებული, ძალიან ნიჭიერი, ძალიან ხათრიანი იყო და უკვე სკოლაში ვიცოდით, რომ წერდა. ლიტერატურის პედაგოგი იყო ქეთევან კასრაძე და ხუთიანს იოლად არ დაწერდა. ამას წინათ პირად საქმეებს ვათვალიერებდი და ძალიან გამიხარდა, რომ გოდერძიზე წერდა - „შესანიშნავად წერს თავისუფალ თემებს“. მისაღებ გამოცდაზეც თავისუფალი თემა დაწერა. ძალიან კარგი თემები ჰქონდა. ვეძებე, მაგრამ თემები აღარ ინახებოდა და სკოლაშიც არაფერია შემორჩენილი.

კარგი მეგობარი იყო. გავიდოდა 5-6 წელი, მეგონა, გოდერძის დავავიწყდი. მომიკითხავდა და ისე ძველებური სიყვარულით, თითქოს, გუშინ გნახაო. 

ძალიან თბილი იყო. ძნელად იხსნებოდა, მაგრამ შეეძლო ბოლომდე გამოემჟღავნებინა. მორიდებული იყო, არავის მიეტმასნებოდა, შენ უნდა გეპოვა გოდერძი. ადამიანს თუ დაუახლოვდებოდა, აღარ შორდებოდა, გოდერძი მეგობრებს არ კარგავდა.

ჩემს ყველა მეგობარს განსაკუთრებული თვისება ჰქონდა, მაგრამ ეს გამორჩეული იყო. თავს დაგამახსოვრებდა. აი, ყვავილს რამეს თუ მოგაწვდიდა, სახელს დაარქმევდა. არ ვიცი, სინამდვილეში რა ერქვა იმ ყვავილს, პატარაა და თეთრი, კლდეზე ამოდის, მაგრამ გოდერძიმ ჩიტისთვალა დაარქვა. მეც დღემდე მჯერა, რომ ასე ჰქვია.

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში