საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სახალხო დამცველი ფშავ-ხევსურეთში პანსიონების აღდგენას ითხოვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:07 - 01 ოქტომბერი 2018 hits 8258

სახალხო დამცველი განათლების მინისტრსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მიმართავს. ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მოაგვაროს პრობლემა, რომ ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებმა ბავშვებმა სკოლებში სწავლის გაგრძელება შეძლონ.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა ფშავ-ხევსურეთის სოფლებში პანსიონების დახურვის საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი გამოაქვეყნა, რომ არხოტში, მუცო-არდოტის ხეობაში, პირაქეთა ხევსურეთისა და ფშავის სოფლებში მცხოვრები 27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა.

პანსიონებმა სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად პირობები ვერ დააკმაყოფილეს. ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაღაროსკარშია, სადაც დაზიანებულია კარ-ფანჯარა, არ ფუნქციონირებდა აბაზანა. ამის გამო, ბავშვები, რომლებსაც სკოლასთან ახლოს ნათესავები არ ჰყავდათ, აბაზანით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის უმთავრესი დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში.

ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) 2017 წლის 9 მარტის დოკუმენტით, დასკვნითი შენიშვნები საქართველოს მიმართ, სახელმწიფოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მოუწოდებს.

კომიტეტი ჯერ კიდევ 2008 წლიდან მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყო დამატებითი ფინანსური რესურსები განათლების უფლების განხორციელების მიზნით; კომიტეტმა საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, ყურადღება გაემახვილებინა ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

ფშავ-ხევსურეთის სოფლებში პანსიონების ფუნქციონირება აუცილებელია, რადგან სოფლების ნაწილში არ არის საჯარო სკოლები, ბავშვები კი, ათეულობით კილომეტრის გავლას ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობისა და საგზაო პრობლემების გამო.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების განათლების უფლებაზე მისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის ბარიერების დაძლევის გზით“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროსგან და დუშეთის მერიისგან ითხოვს განმარტებას, რა ღონისძიებები გატარდა სასწავლოს წლის დაწყებამდე, პანსიონებში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და შეატყობინეს თუ არა მოსწავლეების ოჯახებს, რომ პანსიონები აღარ იმუშავებდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში