საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არხოტის სოფლებში მაღალი გამავლობის მანქანით გადასვლა უკვე შესაძლებელია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:54 - 14 ოქტომბერი 2017 hits 10548

პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფლებში ახიელსა და ამღაში, მაღალი გამავლობის ორხიდიანი ავტომობილით გადასვლა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ „მთის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან სუხიტაშვილმა განუცხადა, რომელიც ახიელიდან ავტომობილით გუშინ დაბრუნდა.

„სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც არხოტის გზის მშენებლობას ახორციელებს, სამუშაოებს წელს ვერ ამთავრებს. თოვლის მოსვლამდე გზის გაჭრა შესაძლოა ახიელიდან ჭიმღამდეც მოასწრონ, თუმცა პროექტით გათვალისწინებულია წყალგამტარი მილების ჩასმა, მდინარეზე ნაპირდაცვითი სამუშაოების შესრულება, გზის მოხრეშვა გრუნტით და ა.შ. პროექტი კომისიაზეა წარდგენილი, ან ვადის გაგრძელება მოხდება, ან სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ლევან სუხიტაშვილმა.

არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარეობს. არხოტის უღელტეხილის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3150 მეტრზეა. სოფლებს ახიელს, ამღასა და ჭიმღას აქამდე გარესამყაროსთან ორი გზა აკავშირებდა – ერთი საფეხმავლო გზა სოფელ როშკამდე მთების, მდინარეებისა და კლდეების გადავლით მიდის, მეორე კი არხოტიდან ინგუშეთში გადის. გზის სიგრძე ორივე შემთხვევაში 20 კილომეტრია. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ვიდრე რუსეთი ინგუშეთის გზას ჩაკეტავდა, ისინი ამ გზას ირჩევდნენ ექიმის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სხვადასხვა საქმეების მოსაგვარებლად.

წლების განმავლობაში არხოტი მოსახლეობისგან დაიცალა. უკანასკნელმა სამბავშვიანმა ოჯახმა ახიელი 2013 წელს დატოვა.

უგზოობის გამო 2014 წლის 2 იანვარს არხოტში 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული დაიღუპა. მას ყინულზე ფეხი მოუცურდა, მდინარეში ჩავარდა, დასველდა, სიარულის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გაიყინა. ვიდრე მესაზღვრეებს ბარისახოს ხმა მიაწვდინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, სანამ თბილისში ვერტმფრენი იშოვეს და ექიმები არხოტში ჩაფრინდნენ, ერეკლე გარდაიცვალა.

ახლა არხოტის სამივე სოფელში მუდმივად სამი ადამიანიღა ცხოვრობს. ჰესი, საიდანაც ადგილობრივებს სინათლე მიეწოდებათ, დიდი ხანია შეკეთებას საჭიროებს. მობილურ კავშირგაბმულობას იქამდე ჯერ არ ჩაუღწევია. არხოტი ზამთარში 6–7 თვით გარესამყაროს წყდება და იქ დარჩენილი სამი კაცის ამბავს ახლობლები მხოლოდ მაისში იგებენ.

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო და გზის მშენებლობა 2017 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

ახალმა გზამ 5 კილომეტრით შეამცირა საფეხმავლო მანძილი ისეთ პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებამდე, როგორიცაა აბუდელაურის ფერადი ტბები და ჭაუხები (როშკას მხრიდან).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში