საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტო კლასში - ქეთო, შატილის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:40 - 20 სექტემბერი 2017 hits 36050

პირიქითა ხევსურეთში, შატილის საჯარო სკოლაში 8 მასწავლებელი 7 ბავშვს ასწავლის. ყველაზე უფროსი მოსწავლე დამამთავრებელ კლასშია, ყველაზე პატარა და ერთადერთი გოგონა კი, პირველკლასელი ქეთო დაიაურია. სასწავლო წლის დაწყებას შიში და სიხარული ერთდროულად ახლავს თან.  პედაგოგებს უხარიათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველკლასელი მიიღეს. თუმცა, მომავლისა ეშინიათ - შატილის თემის სოფლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვები აღარ არიან.

ქეთო მუცოში ცხოვრობს. სკოლაში, 12 კილომეტრის დაშორებით, სახელმწიფოსგან დანიშნული ტრანსპორტით ივლის.

ადრე ასე არ იყო. ქეთოს ძმა, აბულეთ დაიაური, ორ მოსწავლესთან ერთად, განათლების მისაღებად, მუცოდან სკოლაში ფეხით დადიოდა - სახლიდან კვირას გადიოდნენ, პარასკევამდე პანსიონში რჩებოდნენ და გაკვეთილების შემდეგ შინ ისევ ფეხით ბრუნდებოდნენ. საერთო ჯამში 24 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდათ, არადა შატილი-მუცოს ერთადერთი გზა მდინარე არღუნის ხეობაში გადის. ადგილობრივების გადმოცემით, ბოლო 30-35 წლის განმავლობაში, ამ გზაზე წყალმა და ზვავმა 48 ადამიანი იმსხვერპლა.

ქეთოს, მუცო-არდოტის ხეობის ყველაზე პატარა ბავშვს, სკოლის დაწყება უხარია, რადგან „სწავლა ყველას უყვარს“. დილით ადგომა არ გამიჭირდაო, არადა ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულა. მამიდამ გააღვიძა. ჩაი სწრაფად დალია, დედას დაემშვიდობა და შატილისკენ სპეციალურად მუცოში მცხოვრები ბავშვებისთვის დანიშნული ავტომობილით მიდის.

„სკოლა რომ დავიწყე, ეხლა მალე ავდექი, თორემ, სანამ სკოლაში მივიდოდი, მაშინ ვიღვიძებდი, როცა უკვე მზე იყო. კბილებს ვიხეხავდი, გარეთ გავიდოდი, გავისეირნებდი, მერე მოვიდოდი, ვთამაშობდი.“

სწავლის დაწყებისთვის საგანგებოდაა მომზადებული, თმაზე კიკინები აქვს, ზურგზე ვარდისფერი, „ქალთევზიანი“ ჩანთა ჰკიდია, თეთრ მაისურზე კი ორი გოგონა ახატია. „აი, აქეთა მე ვარო“ - მასავით კოპლებიან შარვალში გამოწყობილ გოგოს ადებს თითს. უცებ ამ თითს აბულეთისკენ გაიშვერს, გამიტკაცუნეო; თან ეშინია, თვალებზე ხელს იფარებს და კისკისებს.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ძმასთან, მამიდაშვილთან და თანასოფლელთან ერთად ქეთომ შატილის საჯარო სკოლის პანსიონში უნდა იცხოვროს. გზა სანამ „იქნება“, სახლიდან სკოლამდე ბავშვებს ქეთოს მამა, ნუგზარ დაიაური ატარებს. დედ-მამა ძალიან მოენატრება, თავისი ოთახი და სათამაშოებიც. შატილში არაფერი წამოუღია - „სკოლაში რა დროს სათამაშოა?!“

„კლასელები არ მყავს, მარტო ვარ. ჩემთან ერთი მასწავლებელი იქნება - მზია. ყველაფერი უნდა მასწავლოს. საგნები? ეგ ჯერ არ ვიცი, პირველად მივდივარ სკოლაში.“

სკოლის კიბეებთან 9 წლის კოტე და 11 წლის მანგია, პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმის, მესაზღვრისა და პოეტის - მიხეილ ჭინჭარაულის შვილები ხვდებიან. კოტე მეხუთე კლასშია, მანგია მეშვიდეში, თანაკლასელები არცერთ მათგანს არ ჰყავს.

კოტეს ყველაზე მეტად მათემატიკა მოსწონს. „ბიზნესმენი უნდა გამოვიდეს“. შესვენებაზე ბავშვებთან ერთად თამაშობს, თუმცა შატილის სკოლას საბავშვო მოედანი არ აქვს და არც ეზოა შემოსაზღვრული. წელს ბურთები აჩუქეს, მანამდე არ ჰქონდათ. „ინტერნეტში შესულა“, თუმცა კომპიუტერის გამოყენება კარგად არ იცის. ყველაზე მეტად პიანინო უნდა რომ ჰქონდეთ სკოლაში, დაკვრას ისწავლიდა. ქეთოს მოსვლა გაუხარდა. აქამდე გოგოები არ გვყავდა, არადა უფრო კარგად გავერთობოდითო.

ქეთო კოტესაც იცნობს და მანგიასაც, ისევე, როგორც „პუტკუნას და გიოს“, შატილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. იცნობს მზია მასწავლებელსაც, აი, „ყველაფერი რომ უნდა ასწავლოს“ და სკოლაში პირველად მისული საკლასო ოთახისკენ რომ მიჰყავს.

ფერადი ბუშტებით გაფორმებულ კლასში მკვირცხლად შედის. ქურთუკს იხდის, ხმელ სკამზე კიდებს და საჩუქრებს ელოდება: წიგნებს, რვეულებს, სახატავებს და, რაც მთავარია, კომპიუტერს, რომელიც აქამდე არ ჰქონია.

პირველი გაკვეთილი „დედა-ენით“ იწყება. ქეთო ასოებს ცნობს, დაფაზე საკუთარ სახელსაც გამართულად წერს. წიგნში პედაგოგი ნახატს უჩვენებს და უხსნის, რომ ორი თითის აწევა მასწავლებლისთვის ნიშანია - მე გამომიძახეთო. ამის ცოდნა ქეთოს დიდად არაფერში არგია - მას ხომ კლასელები არ ჰყავს!

„ერთი გოგო ვარ სკოლაში და არ ვიცი ვის ვეთამაშო, მოვიწყენ“, - ამბობს დაღონებული ქეთო.

ქეთოს პირველი მასწავლებელი მზია წიკლაურია. ქეთო მისი ერთადერთი მოსწავლეა და ამბობს, რომ ეს ერთი მხრივ კარგია - მთელ დროსა და ენერგიას მას დაუთმობს, მეორე მხრივ კი იცის, რომ სოციალიზაციისთვის საჭიროა ბავშვს მეგობარი, თანაკლასელი ჰყავდეს გვერდით.

„ხევსურეთში დღეს რთული ვითარებაა. მიგრაცია 2000 წლიდან დაიწყო და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან შემცირდა. სამწუხაროდ, მომავალ წელს ბავშვებს აღარ ველოდებით. საშინელი გრძნობაა. აქ ეს სკოლა გვაჩერებს და თუ დაიხურა, ხალხიც გაიცლება“, - აღნიშნავს მზია წიკლაური.

სხვა მოსწავლეების მსგავსად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ქეთო დაიაურიც სკოლის პანსიონში იცხოვრებს. მიუხედავად იმისა, რომ თანაკლასელები არ ჰყავს, მარტო არ იქნება.  კვირის დღეებში მისი ძმა აბულეთი და მამიდაშვილი თორნიკეც პანსიონში რჩებიან.

აბულეთი მეათე კლასშია. გაკვეთილების მოსმენა წელს მარტოს აღარ მოუწევს - მისი მამიდაშვილი თორნიკე გამარჯვებიდან გადმოვიდა. უფრო გაუადვილდება სწავლა, აღარ მოიწყენს და აღარც გზაზე ივლის მარტო.

„კარგი იქნებოდა კომპიუტერები და ინტერენეტიც რომ გვქონდეს. რაღაც იქნება მოსაძებნი და გავერკვევით. რომ არ არის, ძალიან გვიჭირს სწავლა“.

ინტერნეტისა და ახალი კომპიუტერების აუცილებლობაზე საუბრობს შატილის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაურიც. მისი თქმით, სკოლაში ორი „მუშა“ კომპიუტერია - „ცოტა მოძველდა და ურევს მომენტებში, ახლა ვაპირებთ კომპიუტერების შემოტანას“.

მაყვალა დაიაური ამბობს, რომ სკოლაში ბიბლიოთეკაც აქვთ და წიგნებიც. ბავშვებს სპორტული ინვენტარი სჭირდებოდათ და წელს ეს სურვილიც აუსრულდათ. სპორტული მოედნები არ აქვთ და როგორც კი აცივდება, მოსწავლეებს მხოლოდ სკოლის შენობაში „უწევთ ტრიალი“, ასეთ დროს კი ინტერნეტი ძალიან დაეხმარებოდათ.

„ძირითადი პრობლემა მაინც უშუქობაა, კომპიუტერებთან ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც ხელი რომ მიუწვდებოდეთ. დენი სოფლისა და სკოლის საერთო პრობლემაა. მცირე ჰესი მალ-მალე ფუჭდება და უშუქოდ ხან რამდენიმე დღე, ხან მთელი თვეც ვრჩებით. კიდევ ერთი პრობლემა მუცოში მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირების საკითხი იყო. თქვენი დახმარებით, რეპორტაჟის შემდეგ, სამინისტროდან დაგვპირდნენ, რომ ამ პრობლემას მოგვიგვარებდნენ. ახლა გვყავს მძღოლი, ვინც ბავშვებს მოემსახურება“.

დირექტორი კიდევ ერთ, მძიმე საკითხზე საუბრობს და გვიხსნის, რომ შატილის თემში თითქმის აღარ ეგულება ოჯახი, სკოლამდელი ასაკის პატარა რომ ჰყავდეს. ქეთოს შემდეგ აღარ იციან, ეყოლებათ თუ არა პირველკლასელი.

სასწავლო წლის პირველი დღის გმირი მაინც ქეთოა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ახლახანს დაიწყო, გადაწყვეტილი აქვს - ექიმი უნდა გამოვიდეს და ადამიანები „მოარჩინოს“.

ექიმობამდე ჯერ დიდი დროა, ჯერ სკოლა უნდა დაამთავროს, სკოლა, რომელიც სოფელს ადგილზე ამაგრებს და სკოლა, რომელიც, შესაძლოა, უკანასკნელად „მასპინძლობდეს“ პირველკლასელს საკუთარ კედლებში.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში