საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ექვსი ბავშვისთვის უკანონოდ შეწყვეტილი დახმარება, რის გამოც სკოლაში ვერ მიდიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:05 - 14 სექტემბერი 2017 hits 30299

მთიულეთში, სოფელ ბედონში, ბედოიძეების ექვსშვილიან ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ საარსებო შემწეობის თანხას არ აძლევს. ექვსი ბავშვიდან ოთხი ხვალ სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა იმის გამო რომ მშობლებმა ტანსაცმელი ვერ უყიდეს, ბავშვები სკოლაში ვერ მივლენ.

ათსულიანი ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, სულ 460 ლარი. საარსებო შემწეობა 2015 წლის ოქტომბერში შეუჩერეს - „რახან ძროხა გყავთ, არ გეკუთვნითო“. ამას მოჰყვა სასამართლო პროცესები. მრავალშვილიანმა ოჯახმა სასამართლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მიმართა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმე მოიგეს - მოსამართლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბედოიძეებისთვის 6 თვის განმავლობაში უკანონოდ შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურება დაავალა. იმის მიუხედავად, რომ ექვსი ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, სოციალური მომსახურების სააგენტომ დაკისრებული თანხის გადახდაზე უარი  თქვა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის თამაზ ქაშიაშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მას შემდეგ 8 თვეზე მეტი გავიდა. სააგენტომ ბედოიძეებს კუთვნილი დახმარება ამ დრომდე არ მისცა.

ლია გამჯაშვილი დიასახლისია. სოფელ ბედონში, მეუღლესთან - იაგო ბედოიძესთან, დედამთილ-მამამთილთან და ექვს შვილთან ერთად ცხოვრობს. ორ ბავშვს პაპა-ბებიას ოთახში სძინავს, ორს ერთ „კრაოტში, თავ-ბოლოში“, ორი კი მშობლებთან წვება.

გაჭირვება ყველაზე მძიმედ ბავშვებზე აისახება: არც სასკოლე ნივთები აქვთ და მშობლებიც ვერ ახერხებენ ტანსაცმლის ყიდვას - ბავშვებს მეზობლის ნაჩუქარი ფეხსაცმელები აცვიათ.

„ლობიო მაქვს დათესილი, ხან კარტოფილი მაქვს და იმას ვუკეთებ. სხვა ვერაფერს. ამათ ხორცი რომ ჭამონ, მაგდენს ვერ ვყიდულობ. ხან ხინკალი უნდათ, ხან ხაჭაპური და აბა რითი?! ხანდახან ბლინებს თუ გამოვუცხობ რომ გავახარო“.

პატარებს სათამაშოები არ აქვთ - „ხან მიწაში თამაშობენ, ხან ქვებით. პურის ფული არა მაქვს და სათამაშოებს როგორ ვუყიდი ბავშვებს.“ არადა, მეზობელს რომ აქვს, ისეთ ველოსიპედზე და თანაკლასელის „თამაშებიან პლანშეტზე“ ოცნებობენ. და მაცივარზე კიდევ! მაცივარი რომ ჰქონდეთ, აღარც გაზქურაზე შემოდგმული სუპი ამჟავდება და აღარც მშივრებს მოუწევთ დაძინება.

აქ არც ახალი წელია ისეთი ხალისიანი, როგორიც უნდა იყოს.

„თოვლის ბაბუა ვიღამ იცის აქ. თოვლის ბაბუა კი არა, შარშან დედამთილმა უყიდა კამფეტი საახალწლოდ ამათ, თორემ ვერაფერს ვიყიდიდი მე. ჩემი მეუღლის ნაქონი პატარა ნაძვის ხე აქვთ და იმას ვუდგამთ ხოლმე. სათამაშოებიც დედამთილმა უყიდა შარშან, ათი ცალი“.

გაჭირვების მიუხედავად, ლია გამჯაშვილი იმედიანადაა - სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში უკანონოდ შეწყვეტილ სოციალურ დახმარებას ელოდება.

„ბავშვებისთვის მჭირდება, არაფერი მიყიდია ჯერ სასკოლედ. გული მწყდება, რომ სხვა ბავშვებს აქვთ ყველაფერი, ჩასაცმელი იქნება, საკვები თუ სათამაშო. ზოგი რომ გამოდის გარეთ ნამცხვრით, კამფეტით ხელში და ჩემებს რომ არა აქვთ, ამის გამო გარეთ ვერ ვუშვებ ჩემ შვილებს და ამიტომ სულ სახლში არიან.“

„მთის ამბებმა“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა იმის გასარკვევად, რატომ შეუწყვიტეს სოციალური დახმარება ბედოიძეების ექვსშვილიან ოჯახს, შემდეგ რატომ გაასაჩივრეს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და რატომ არ ასრულებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას?

„2013 წელს გადამოწმდა ბაზაში რეგისტრირებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა 100-ის რელევანტურობა. არასწორად მითითებული ფორმა 100-ის გამო რამდენიმე ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობა. მათ შორის იაგო ბედოიძის ოჯახსაც, თუმცა ხელახალი გადამოწმების შემდეგ მათ კვლავ დაბალი სარეიტინგო ქულა მიიღეს და გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებები. რაც შეეხება მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს განჩინება სოციალური მომსახურების სააგენტოს დღეს ჩაბარდა. სააგენტო უმოკლეს ვადებში აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადეს სააგენტოში.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში