საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ამ ხეობას ნუ მოვკლავთ, ასე ნუ დავტოვებთ - ნიკო არდოტელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:19 - 21 ივნისი 2017 hits 25772

ხევსურეთში მას მურღვას სახელით იცნობენ. მურღვა ხევსურულ დიალექტზე მღვრიეს, მეომარს, მშფოთვარეს ნიშნავს. მურღვაც სულ იბრძვის, იბრძვის იმისთვის, რომ მიღმახევის სოფლები არ მოკვდეს, „სოფელი თუ თუ მოკვდა, მერე ძალიან ძნელიაო მისი გაცოცხლება“.

რა პრობლემები აქვთ პირიქითა ხევსურეთის მიღმახევის სოფლებში? „მთის ამბები“ ნიკო არდოტელს ესაუბრა.

„აქ გაჩენილ-გაზრდილი ვარ, 1962 წელს დავიბადე. აქვე ვსწავლობდი დაწყებით სკოლაში, შემდეგ ბარისახოს სკოლაში გადავედი, მერე უნივერსიტეტში. 1991 წელს, პირველად, როცა მუცოდან არდოტამდე სავტომობილო გზა შემოიყვანეს, მას მერე დავბრუნდი და სულ აქ ვარ. ბარში იშვიათად, ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩავდივარ რამდენიმე დღით.

სკოლა

12 მოსწავლე მყავდა არდოტში რომ ვასწავლიდი, ახლა ყველანი დიდები არიან. ანდაქიდან და ხონისჭალიდანაც დადიოდნენ, რადგან იქ სკოლა არ იყო. სამი შვილი მყავს, 18 წლის გიორგი, 16 წლის თაია და 13 წლის ლევანი. 2010 წლამდე გიორგის და თაიას აქ ვასწავლიდი. 2010 წლის მერე გამარჯვების სკოლაში გადავიდნენ.

- შატილში ხომ არის სკოლა, რატომ იქ არ გააგრძელეს სწავლა?

- შატილში მაშინ არ იყვენ ინგლისურის და მათემატიკის მასწავლებლები. სამწუხაროდ, მთიდან წასული ადამიანები განათლების მიღების შემდეგ ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან. იძულებული გავხდი, ბავშვებს რომ ესწავლათ, ცოლ-შვილი სოფელ გამარჯვებაში გამეგზავნა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოდიან და მთელ ზაფხულს აქ ატარებენ, მე კი სულ აქ ვარ.

მუცო-არდოტის ხეობა ძირითადად ამ მიზეზით დაცარიელდა. იყვნენ აქ ოჯახები და ბავშვები, ბევრნი იყვნენ, მაგრამ მაშინ არც სკოლა იყო, ზამთარიც ძალიან მკაცრია, ბავშვები ფეხით დადიან 25–30 კილომეტრს აქ და გადასახლდა ხალხი, წავიდა.

სკოლის გარდა ექიმის ყოფნაც აუცილებელია. ძალიან ბევრი დაიღუპა. ვერტმფრენს რომ გამოიძახებ, ხანდახან დროზე ვერ მოდის ღრუბლიან ამინდში. ლუხუმ შეთეკაური, ლევან დაიაური, აი, ესენი ექიმის ლოდინის გამო დარჩნენ და დაიღუპნენ. მეც ჩემი სამივე ბავშვი ხელით მყავს შატილამდე ჩაყვანილი ზამთარში. თაია მაშინ ძალიან პატარა იყო.

მხრებით ვატარე თოვლში დათვიჯვრის უღელტეხილზე. თოვს, ქარია, ღრუბელია. მამა, ვიყინებიო –  მეუბნებოდა და მკერდზე ვიკრავდი. ჯემპრში შევისვი რომ არ მომკვდომოდა.

კიდევ კარგი დიდი მანქანა მოვიდა, ტრაქტორი ჰყონიყო დარჩენილი ბარისახოს საგზაოს, ჩავსვი და ჩამიყვანეს სასწრაფოდ. უშველეს ჩემ შვილს, გადაარჩინეს.

- მაშინ არ იყო აქ ექიმი?

- ეს 2004-2005 წლებში ხდებოდა და მაშინ ექიმი აქ არ იყო. ახლა კი მიხეილ ჭინჭარაული გვყავს. უსკოლობის და უექიმობის გამო გადაიხვეწა ხალხი აქედან.

 

სამი კაციღა ვართ

მთელ პირიქითა ხევსურეთში ერთადერთი პატარა ბავშვი, ექვსი წლის ქეთო დაიაური გვყავს მუცოში. აქ არავინ რჩება, ყველა წავიდა, როგორ შეიქმნება ოჯახები? თითო-ოროლა ოჯახია სოფლებში შემორჩენილი. მუცოსა და არდოტში ვცხოვრობთ, თორემ არჭილო და ხახაბო დაცარიელებულია მთლიანად.

ხახაბო მეორე სოფელი იყო შატილის შემდეგ, 600 კაცი ცხოვრობდა 1860 წლის აღწერის მიხედვით, სავსე იყო ეს ხეობები. არდოტში 125 ოჯახი იყო, 446 ადამიანი. ერთი საუკუნის შემდეგ უკვე სამი კაციღა ვართ ზამთარში აქ. ერთი მოხუცი კაცი გვყავს, იმედა, 78 წლის არის, ზურა არდოტელი და მე. დარჩა ნასოფლარები.

- ვინც დარჩით, რა გიწყობთ ხელს აქ რომ ხართ?

- მე აქ დამკვიდრებაში ის დამეხმარა, რომ სკოლაში ვმუშაობდი აქვე, მერე ბავშვები რომ აღარ იყვნენ, სასაზღვრო ჯარში დავიწყე სამსახური. სასაზღვრო ჯარმა გადაარჩინა საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა. ამან დამტოვა მთაში. როცა სამსახური გაქვს, იცი რომ მეურნეობასაც გაიჩენ, აქ იტრიალებ, აქ იქნები.

ცოცხალი ხარ, მაგრამ სამყაროს მოწყვეტილი

გზა გვჭირდება პირველ რიგში. ჩემი თხოვნა, ხვეწნაა, რომ როგორმე გზა ყოფილიყოს ამ სოფლებში, პატარა სინათლე და ერთი ტელეფონი, რომ წახვიდე, ოჯახიდან დარეკო, აქედან ასჩქამდე. გადასცე შენი ტკივილი, სიხარული, უბრალოდ უთხრა, რომ ცოცხალი ხარ. ხანდახან გგონია, რომ მოწყდი მთელ სამყაროს და ვეღარც კი ხვდები ხარ თუ არა ხარ. ცოცხალი ხარ, მაგრამ სამყაროს მოწყვეტილი.

რადიოც არ იჭერს ქართულ ხმას. რადიო „იმედი“ ხანდახან აჩქამდება და მერე იხშობა. მენატრება რადიოს ქართული ხმა. არავინ იცის, ჩემთვის რას ნიშნავს ეს ხმა.

ქართული ხმა რომ მოგენატრება როცა მთელი ზამთარი მარტო ხარ გაჩერებული, დაღონებული, არ გესმის შენი მშობლიური ენა, ეს არის სულში ჩაბურული უზარმაზარი ტკივილი, რომელსაც ვერავის გადასცემ.

როცა ბორბალოდან ნისლები გადმოდიან და საწვიმარი ღრუბლები მოაქვთ, იმათ ვეფერები, ვეალერსები, რომ მშობლიური ქარი მოდის, მშობლიური ხმა, ტკივილი და ვფიქრობ, მალე მოვიდეს გაზაფხული.

ისე მოვიდა მთებში აპრილი,

ერთი წერილიც არ მომიტანა.

ზაფხულში კიდევ ღვთის წყალობით ამოდის ხალხი, მოგესალმებიან, ქართულად ასჩქამდებიან, მაგრამ მეტმა უნდა იაროს, უცხოელები უფრო მეტნი დადიან.

ეს მისახედი საზღვრისპირა სოფლებია. ისტორიას არ ახსოვს მთის ხალხს აქედან მტერი გამოეშვას, უნდა მომკვდარიყავი და საზღვარი დაგეცვა, ან სირცხვილი დაგედებოდა.

 

არღუნო, ჩემი მოსისხლე გქვია

მდინარეზე რომ გადადიოდე, არ უნდა მოკვდე. ორი ხიდი იყო გასაკეთებელი, ახლა მოვრჩი მაგ ხიდებს, მაგრამ ბევრგან ხიდი არ არის და წყალდიდობისას ვერ გადადიხარ ვერსად. ორი წელი, ზაფხულში, ხახაბოში რომ გადასულიყვნენ, მთის წვერზე ადიოდნენ და ისე გადადიოდნენ. რატომ უნდა იწვალოს ხალხმა ასე, რა გახდა ასეთი ეს ხიდები. ხომ შეიძლება რომ ჩამოვიდეს ვინმე ხანდახან და მოგვეხმაროს გზის გაჭრაში, ხელი შეგვაშველონ ხიდების შენებაში. განა ჩვენ პური და წყალი გვინდა? არა, ამას თვითონაც ვახერხებთ, ისეთ რამეებში გვინდა ხელის შეშველება, რასაც ჩვენ ვერ ვერევით.

აქ ვიწრო, საცალფეხო ხიდებია. 1982 წელს მამაჩემი ხიდიდან გადავარდა და 69–ე დღეს ძლივს ვიპოვეთ მუცოში. ეგრე კიდევ რამდენი,

48 ადამიანი გვყავს დაღუპული მუცო-არდოტსა და ხახაბოში წყლისგან, ზვავისგან, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა.

გელა დაიაურის ტრაგედიაც ხომ გახსოვთ. ჩემი ცოლისძმაც, ფრიდონ დაიაურიც წყალმა წაიღო და დღემდე არ არის ნაპოვნი. ბადრი ზვიადაური კლდიდან გადავარდა, ერთი ბიჭი და მეუღლე დარჩა. ახლა ის გზა გაჭრილია, მაგრამ მაშინაც რომ ყოფილიყო გზა, ახალგაზრდა კაცი გადარჩებოდა და ოჯახი ბედნიერი იქნებოდა.

ყველა ნათესავი წყალმა მომიკლა, ძმაც, დისშვილიც, სიძეც. სადაც მამაჩემი ვიპოვეთ, წყალთან პატარა კოშკი მაქვს აგებული, ჩავედი ერთხელ და დავწერე:

ვერ ამოგშალე სულში აქვეა,

გულში რომ ბორგავს ჯავრის გრიგალი,

არღუნო, ჩემი მოსისხლე გქვია,

ვრჩები მე შენთან შეურიგალი.

როგორ უნდა შევურიგდე? მამა მომიკლა, მაგრამ ეს ჩვენი მიუხედავობის ბრალია, უნდა ვუშველოთ გზას და ხიდებს.

ხალხით იყო სავსე ერთ დროს აქაურობა. ერთი ჭირი, ლხინი, წესი ჰქონდათ, მეტი მხიარულება იყო. სირცხვილი იყო თემს გამოჰკლებიყავ რამეში და საზოგადო საქმე არ გეკეთებინა.

სოფელი თუ თუ მოკვდა, მერე ძალიან ძნელია მისი გაცოცხლება. ერთი კაციც რომ ცხოვრობს, ერთი სინათლე რომ გამოდის, ერთი მასპინძელიც რომ დაგხვდება, ეს უკვე გადარჩენაა. ამ ხეობას ნუ მოვკლავთ, ასე ნუ დავტოვებთ.

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში