საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ისტორიკოსი, თუშეთის მკვლევარი, პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:11 - 25 აპრილი 2017 hits 8496

86 წლის ასაკში ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა.

ვალერიან ელანიძე დაიბადა 1931 წლის 11 იანვარს თუშეთში, სოფელ ჩიღოში. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1961-1999 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ისტორია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს; პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას; იკვლევდა თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხებს.

გამოცემული აქვს წიგნები: თუშეთის ისტორიის საკითხები (1988 წ); წოვა თუშების ვინაობის საკითხები (1990 წ); ზეზვა გაფრინდაული (1997 წ); ვინამ თქვა თუშთა დალევა?! (2001 წ); კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები (2006 წ); ქალაქი თელავი და ერეკლე II (2013 წ).

ვალერიან ელანიძე იშვიათი გამონაკლისი იყო იმ პროფესორთაგან, რომლებიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებდნენ და მის გამოსწორებას ითხოვდნენ. 2013 წელს, როდესაც უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის შემცირების და ნეპოტიზმის ფაქტებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასალა გამოაქვეყნა, ვალერიან ელანიძე აცხადებდა:

„აკადემიური საბჭოს ხუთეულმა დაღუპა თელავის უნივერსიტეტი. სტუდენტები აღარ დადიან ლექციებზე, საშინელი მდგომარეაობაა. ლექციებს ვკითხულობ, 50 სტუდენტი მყავს ჯგუფში და 5–6 მოდის. არავინ ამოწმებს. არც რექტორი მინახავს აუდიტორიაში, არც მისი მოადგილე. მიტოვებულია ასე უპატრონოდ ყველაფერი. სტუდენტები სხვა სასწავლებლებში გადადიან. სადაც არის დახურავენ უნივერსიტეტს“.

ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი იხსენებს: „ერთხელაც, ჩემი პატიმრობის დროს, სასამართლო პროცესზე მხოლოდ დედას ველოდი, მაგრამ შევცდი. ჩემს პროცესს დაესწრო, ისმენდა. ბოლოს, პროცესის დასრულებისას ბადრაგს ზემოდან დახედა (მაღალი კაცი იყო) და უთხრა, მისი მასწავლებელი ვარ, მიმიშვითო. ბადრაგი უხმოდ დანებდა და ჩემთან მოუშვა. მან თავისი მსხვილი, დიდი, ჯანით სავსე ხელი გამომიწოდა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არაუშავს ესეც გაივლის. შალვა ნუცუბიძე იყო იქ და მერე რა თუ სხვაც მოხვდება, მთავარია იკითხო და წერო. საკანში დაბრუნებული ვტიროდი, ოღონდ სიხარულით. მან მე მნახა და ხვალინდელი დღის იმედი მაჩუქა“.

ვალერიან ელანიძეს 27 აპრილს, ახმეტის რაიონის სოფელ ლალისყურში დაკრძალავენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში