საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შეიქმნა ტურისტული მარშრუტების პირველი ელექტრონული რუკა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:41 - 06 აპრილი 2017 hits 27998

აჭარა–გურიის 54 მარშრუტი, სამცხე–ჯავახეთის – 46, მცხეთა–მთიანეთის – 21, რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის – 19, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სულ 290 ტურისტული მარშრუტია დატანილი ტურისტული მარშრუტების პირველ ელექტრონულ რუკაზე, რომელიც ეკოტურიზმის ასოციაციამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან თანამშრომლობით შექმნა.

რუკაზე დატანილია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოკვლეული და დაპროექტებული ტურისტული მარშრუტები.

მარშრუტები განთავსებულია რეგიონების მიხედვით და თითოეულ მათგანს თან ახლავს მოგზაურობისთვის საჭირო შეძლებისდაგვარად სრულყოფილი ინფორმაცია.

მაგალითად, მარშრუტი სათავგადასავლოა თუ სხვა სახეობის; რა ტიპის არის – საფეხმავლო, ველო, კომბინირებული თუ სხვა; რა კატეგორიისაა – წრიული, გამჭოლი თუ ხაზოვანი; სირთულის მიხედვით როგორია – მარტივი, საშუალო თუ რთული; როდისაა მარშრუტით მოგზაურობის საუკეთესო პერიოდი; რა სიგრძისაა მარშრუტი და რა დრო სჭირდება მოგზაურობას; რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან; რა არის მარშრუტის ღირსშესანიშნაობა, რა ინფრასტრუქტურაა, მარკირებულია თუ არა. შესაძლებელია მარშრუტის აღწერის გაცნობაც.

მაგალითად, სტეფანწმინდა – ბეთლემის ქოხის მარშრუტის აღწერაში მითითებულია, რომ მარშრუტი იწყება დაბა სტეფანწმინდის ცენტრში, გადადის მდინარე ბაშზე გადებულ სამანქანო ხიდს (ზღვის დონიდან 1720 მ), და მარცხნივ უხვევს სოფელ გერგეტისკენ. სამანქანე გრუნტის გზით გაივლით სოფელს და სოფლის მარცხენა განაპირას ბილიკს აჰყვებით, რითაც გახვალთ გერგეტის სამების წინ მდებარე პლატოზე. მარცხნივ ეკლესიიკენ მიემართება სამანქანე გზა, მისი საშუალებით მიხვალთ და მოინახულებთ გერგეტის სამების ეკლესიას. დაბუნდებით გზაგასაყართან და გაყვებით საფეხმავლო ბილიკს, რომელიც ადის აღმართზე. ერთხანს თხემს მიუყვება, მერე – ფერდობს, აივლის საკმაოდ გრძელ აღმართს და გადის უნაგირზე, რომელზეც აშენებულია ქვის ნიში (ზღ.დ. 3000 მ). ამის მერე ბილიკი ერთხანს დაღმა ეშვება, მერე აუყვება მდინარე ჩხერის ნაპირს, მალევე მკვეთრად უხვევს მარჯვნივ, გადაკვეთს ნაკადს და მიემართება მყინვარ გერგეტისკენ. მყინვარის გავლის შემდეგ კი მარშრუტი სრულდება ბეთლემის ქოხთან.

შოვი–უძირო ტბა–გლოლას მარშრუტი იწყება კურორტ შოვიდან. დახრილი ფერდით ადის მდინარე ჩხოჭას დასავლეთით მდებარე ქედზე და დაახლოებით ორი კილომეტრის შემდეგ შედის ჩხოჭას ხეობაში. ხეობის ბოლოს, მდინარე ჩხოჭას სათავეებთან, მწვერვალი დოლომისის წვერის (3260.3 მ) სამხრეთით მდებარე უღელტეხილით გადადის სათავეებთან და მიდის უძირო ტბასთან. ეს მოგზაურობის პირველ დღეს. მეორე დღეს – ბილიკი მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთით და მდინარე ჩიბის რუს მარჯვნივ მდებარე ქედით ეშვება სოფელ გლოლაში. მარშრუტი მთელს სიგრძეზე არის იოლი სასიარულო. მცირე სირთულეს ქმნის უღელტეხილის მისადგომები მცირე მონაკვეთზე. არის კლდოვან-ნაშალი მონაკვეთი და მოითხოვს სიფრთხილეს. ღამისთევისთვის საუკეთესო ადგილი არის უძირო ტბის მიმდებარე ტერიტორია. მარშრუტი ხასიათდება თვალწარმტაცი ბუნებით და საუკეთესო ხედებით. მარშრუტზე მოგზაურს უწევს 1500-1550 მეტრი სიმაღლის დაძლევა.

„ასეთი სახით ერთიანი ელექტრონული რუკა არ არსებობდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჰქონდა და აქვს თავისი მარშრუტები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თავისი. არიან კიდევ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებსაც ასევე აქვთ სხვადასხვა მარშრუტები. ჩვენც გვაქვს მათ შორის. რაც შევძელით, ყველა მარშრუტი და ინფორმაცია ერთად შევკრიბეთ და თავი ერთიან სივრცეში მოვუყარეთ. ყველა მარშრუტის შესახებ გვაქვს მითითებული, ვინ არის მარშრუტის დაპროექტების დამკვეთი და შემსრულებელი. რუკა მუდმივად განახლდება და სხვადასხვა დროს ახალ მარშრუტებსაც დავამატებთ“, – უთხრა „მთის ამბებს“ ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია ოქრომელიძემ.

მისივე თქმით, ელექტრონულ რუკაზე ტურისტული მარშრუტების დატანის მსურველებმა უნდა მიმართონ ეკოტურიზმის ასოციაციას. მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა №11. ტელეფონი: 599 27 50 10, 598 16 88 16. ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

ეკოტურიზმის ასოციაცია ტურისტული მარშრუტების ელექტრონული რუკის მობილური აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში