საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიონ ლარს გამოყოფს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:40 - 29 მარტი 2017 hits 12864

მთის განვითარების ფონდიდან, რომლის ბიუჯეტიც წელს 20 მილიონი ლარია, 10 მილიონი მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 10 მილიონი კი მცირე მეწარმეობის მხარდაჭერას მოხმარდება.

„მთის ამბები“ ფონდის წლევანდელი გეგმების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანს, ოთარ კონჯარიას ესაუბრა.

- გასულ წელს მთის განვითარების ფონდმა მაღალმთიან რეგიონებში 10 მილიონი ლარის ღირებულების 33 ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა. რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება წელს, რომელ რეგიონებში და რა თანხა დაიხარჯება ამ პროექტებზე?

- მთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი წელს, ისევე როგორც შარშან, 20 მილიონი ლარია. აქედან 10 მილიონი მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 10 მილიონი კი მცირე მეწარმეობის მხარდაჭერას მოხმარდება. თანხას, რომელიც მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის არის განკუთვნილი, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ გასცემს.

რაც შეეხება წელს დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შერჩევაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახლა მუშაობენ და ამიტომ, წინასწარ ვერ ვიტყვით, წელს რამდენი პროექტი დაფინანსდება.

- რატომ არ შეირჩა ეს პროექტები აქამდე? მაღალმთიან დასახლებებში რთული კლიმატური პირობების გამო მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის დრო ძალიან შეზღუდულია. არ გვიანდება?

- არ გვიანდება. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს კომისიის მომდევნო სხდომაზე მოხდება ამ პროექტების განხილვა და მათთვის თანხების გამოყოფა. აპრილის პირველ ნახევარში ეს პროცესი დასრულდება, აპრილის ბოლოს კი მუნიციპალიტეტებს უკვე თანხები გადაერიცხებათ და ტენდერები გამოცხადდება. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ამ პროექტების დასრულება მოესწროს.

- რა აჩვენა შარშანდელმა გამოცდილებამ, რამდენად არის ჩართული ამ პროექტების შერჩევაში ადგილობრივი მოსახლეობა, რას ითხოვს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხი?

- რა თქმა უნდა, პროექტების შერჩევა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციით ხდება. ბუნებრივია, რომ მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და იქ არსებულ პრობლემებს ითვალისწინებს.

მთის განვითარების ფონდმა გასულ წელს დააფინანსა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და ხიდების მშენებლობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია... ეს ის პროექტებია, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.

- როგორ და რა ნიშნით ხდება იმ პროექტების შერჩევა, რომელსაც მთის განვითარების ფონდი აფინანსებს?

- მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოში აქვს 1600-ზე მეტ სოფელს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი 10 მილიონი ლარი კი ძალიან შეზღუდული რესურსია. პრიორიტეტული პროექტების შერჩევისთვის გვაქვს მყარად გაწერილი შვიდი კრიტერიუმი. მაგალითად, ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები, მისი განხორციელებისთვის საჭირო ვადა კი სამ წელს არ უნდა აღემატებოდეს. მნიშვნელოვანია, რამდენად ახდენს აღნიშნული პროექტის განხორციელება გავლენას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აისახება თუ არა ის იმ ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რა ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე. აუცილებელი პირობაა ისიც, რომ პროექტი უნდა იყოს მოწონებული სამხარეო საბჭოს მიერ და ის ასახული უნდა იყოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში. აკმაყოფილებს თუ არა ამ კრიტერიუმებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი, ამას სამთავრობო კომისია წყვეტს.

- ვინ არიან კომისიის წევრები?

- კომისია დაკომპლექტებულია ყველა სამინისტროს წარმომადგენლებით. კომისიის წევრები არიან მინისტრთა მოადგილეები.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ზუსტი თარიღი, როცა წელს დასაფინანსებელი პროექტების ზუსტი სია უკვე ცნობილი იქნება?

- აპრილის ბოლოსთვის წელს დასაფინანსებელი ყველა პროექტი უკვე შერჩეული იქნება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში