საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მარტო საზღვარს კი არ ვიცავთ, მთა და ხევსურეთი დაცლას გადარჩა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:23 - 14 მარტი 2017 hits 51029

სასაზღვრო პოლიციაში ფრენისა და როტაციის დღეა. 7 საათიდან მესაზღვრეები აეროდრომზე იკრიბებიან. შვეულმფრენები გაფრენისთვის მზად არის. 8 საათზე ჯერ ჩვენი, „მირ-8“ იღებს გეზს. მეორე „სუპერ-პუმაც“ თრუსოს ხეობისკენ მიფრინავს. ბევრი რამ არის გადასატანი სასაზღვრო პუნქტებზე, ამიტომ ორი ეკიპაჟის გასვლაა საჭირო.  

მესაზღვრეებთან ერთად ბარისახოსკენ მივდივართ. ჩემ გვერდით ნოდარ წიკლაური ზის. ბატონი ნოდარი ხევსურია, ბაზალეთთან იყვნენ ჩასახლებული და ახლა რუსთავში ცხოვრობს. ის ერთი თვე არხოტში იქნება. მასთან საუბრის გაგრძელების საშუალებას ვერტმფრენის ხმაური აღარ მაძლევს.  

30 წუთში ბარისახოში ვართ. სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველო (ბარისახო) - ოფიციალურად ასე ჰქვია ჩირდილში მდებარე ამ დაწესებულებას.

სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ლაშა ბაბილოძე არჩევანს გვაძლევს: ან რამდენიმე ადგილას 15-15 წუთით გავჩერდებით, ან ცოტა ნაკლებ პუნქტს ვნახავთ, მაგრამ უფრო დიდხანს მუშაობის საშუალება გვექნება.   

შატილს ვირჩევთ და ცოტა დიდხანს დარჩენას, თან ისე, შვეულმფრენის ხმის გარეშე საუბარი რომ შევძლოთ. მეგზურობას ბარისახოს სამმართველოს უფროსის მოადგილე არმაზ წიკლაური კისრულობს. ის ძალიან კარგი მოსაუბრეა, ხევსურეთის უბადლო მცოდნე. 90-იანი წლებიდან, სასაზღვრო სამსახურის დაარსებიდან მოყოლებული ბარისახოში მუშაობს.

გადავუფრინეთ უღელტეხილს. მესაზღვრეთა საგუშაგო ანატორის აკლდამების თავზეა განლაგებული. წლების წინ ვიყავი აქ. მაშინ ბიჭები კარვებში ცხოვრობდნენ. ახლა საკმაოდ კარგი შენობა დგას. პირობებიც უკეთესია, საზღვრის დამცველებს ექიმი და მზარეულიც ემსახურებათ. შვეულმფრენიდან ტვირთი გადმოაქვთ, ჯარისკაცები იცვლებიან, ვინ რჩება-ვინ მიდის. ვერტმფრენი ჯერ მუცოსკენ მიფრინავს, მერე ბარისახოსა და თბილისისკენ, დღეს თუშეთშიც უნდა გადაიყვანოს ხალხი. მესაზღვრეებთან ერთად შატილიდან შატილიონებიც მოჰყავს. ელდარ ჭინჭარაული ოჯახის წევრებს აცილებს.

„ნეტავ აქ იყო, მარტის თვეში ნახავდი მუცოს“, - გელა დაიაურის ერთი ფრაზა მახსენდება,  მაგრამ ამჯერად მხოლოდ ანატორს ვჯერდებით. ზემოდან ვიღებთ შატილსაც.

სამოქალაქო რეისი წელიწადში ორ-სამჯერ სრულდება. მთაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილას, სადაც ავტომანქანით მისვლა შეუძლებელია: შატილშიც, თუშეთშიც, არხოტშიც, თრუსოშიც მესაზღვრეთა შვეულმფრენი მთის მოსახლეობისთვის დიდი იმედია. იციან, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან თითქმის მივიწყებულთ, მესაზღვრეები მაინც არ დატოვებენ.

„ზამთარია ძალიან ცუდი. მთელი 6-7 თვე ჩაკეტილები ვართ. სულ რამდენიმე ოჯახი რჩება ხევსურეთის სოფლებში. შევარდნაძის დროს კვირაში თითო სამოქალაქო ფრენა იყო. ახლა სასაზღვროს ფრენა რომ არ იყოს, 6 თვე ვერ გადავიდოდა და ვერც გადმოვიდოდა ხალხი“, – ამბობს მიხეილ ჭინჭარაული, შატილის სასაზღვრო სექტორის მესაზღვრე და ექიმი.

ანატორიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მთაზე რუსეთის დროშა ფრიალებს. აქ ჩეჩნეთის, დღეს რუსეთის ფედერაციის საზღვარია.

ხევსურები ისტორიულად ასრულებდნენ მენაპირის, საზღვრის მცველის ფუნქციას. დღესაც აქ ძირითადად ხევსურები დგანან. ბევრ მათგანს სამსახური მთაში დამკვიდრების საშუალებას აძლევს. ზოგმა სახლიც აღადგინა.

„სასაზღვრო პოლიციაში 1979 წლიდან ვმსახურობ.

ჩემთან სექტორზე დასაქმებული მესაზღვრეებიდან, 70% ადგილობრივია. შოთა ზვიადაური წასული იყო 20 წელი, ახლა მოტრიალდა და სახლი ააშენა არდოტში. ასევეა ლევან გოგოჭური, წასული იყო. მანაც სახლის მშენებლობა დაიწყო. ირაკლი ჭინჭარაულიც შატილიდანაა. ისიც სახლს აშენებს უკვე“,

– გვეუბნება გელა ზვიადაური, შატილის სასაზღვრო სექტორის უფროსი.

მესაზღვრეებთან ერთად ჩაის ვსვამთ და შვეულმფრენი - „პუმაც“ ჯდება. შემდეგი პუნქტი არხოტში - ტანიეს ტბასთან იქნება.

არმაზ წიკლაური არხოტის ამბებს გვიყვება, თან ცდილობს, ყველაფერი ზემოდან დაგვანახოს: „ეს ისართღელეა. აქ, ამ მთის წვერზე სალოცავია. ადრე, ყოველ ახალ წელს, 13 იანვარს ხალხი ადიოდა. ახლა მთაზე ამსვლელს ვინ ჩივის, არხოტის სამივე სოფელში: ჭიმღაში, ახიელსა და ამღაში - სულ 4-5 ოჯახია დარჩენილი. უმეტესობა მესაზღვრეა ან მესაზღვრის ოჯახის წევრი“.

„12 წლის უკან, აქ რომ ჩამოვედი, კარვებით დავიწყეთ ცხოვრება. დღეს არის სათანადო პირობები, რომ მესაზღვრე მოვიდეს, გათბეს, დაისვენოს, იცხოვროს.

ხევსურეთში ოჯახი არ არის, რომ სასაზღვროში არ იყოს დასაქმებული. ამან გადაარჩინა მთა და ხევსურეთი დაცლას“, – ამბობს გოგი არაბული, სასაზღვრო სექტორ „ტანიეს“ უფროსი.

არმაზ წიკლაურიც არხოტიონია, ამღიდან. არხოტიონია მისი მეუღლე ანა ოჩიაურიც. წლები იცხოვრეს არხოტში. არმაზს და ანას 5 შვილი ჰყავთ: სამი გოგო და ტყუპი ბიჭები: გიორგი და გოჩა. ანიკოც მესაზღვრეა, მარიამიც, მეორე ქალიშვილიც აქვე მუშაობს.

„ჩვენი წინაპრებიც მენაპირეები იყვნენ. ასე რომ, როდესაც სასაზღვრო სამსახური ჩამოყალიბდა, ბუნებრივად დადგა საკითხი, მათი საქმე გაგვეგრძელებინა“, - ამბობს ანიკო ოჩიაური, რომელიც ბარისახოში მეკავშირეა და პირველი იგებს საზღვარზე სირთულეების შესახებ.    

ვახტანგ დათუნაშვილი სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკია, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 70-75 % მთიან რეგიონებზე გადის. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მსხვილი დანაყოფია და მისი შტატი დაახლოებით 2700 მესაზღვრით განისაზღვრება. სამსახური ძირითადად ტერიტორიული პრინციპით კომპლექტდება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ჩვენი სტრუქტურული დანაყოფები მაქსიმალურად ადგილობრივი კადრებით შეივსოს. ბარისახოს სამმართველოს პირადი შემადგენლობის დაახლოებით 90 %-საც სწორედ ხევსურები შეადგენენ. ამას რიგი მიზეზები აქვს: ერთი რელიეფისა და ადგილმდებარეობის კარგად ცოდნაა, ასევე იმ პირობებთან შეგუება, რითაც მთა ხასიათდება. ისინი ვაჟკაცურად იტანენ მთის მკაცრ პირობებს“.  

არხოტში - არც ტერღაზე, არც ტანიეზე და არც სოფლებში ტელეფონი არ იჭერს. ასეა  სხვაგანაც. შატილშიც სულ ორი-სამი წელია ამოქმედდა მობილური კავშირგაბმულობა. შატილიონებსა და ამ ზონაში მდგარ მესაზღვრეებს შეუძლიათ ყოველდღე ესაუბრონ ოჯახის წევრებს. ამ ფუფუნებას მოკლებული არიან არხოტიონები, მუცოელები, თრუსოელები, გირეველები, აქაური საზღვრის დამცველებიც.

„აქ არ გვაკლია არც ყურადღება, არც საკვები, მაგრამ ყველაზე მეტად რისი დეფიციტიც გვაქვს, ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვენს ახლობლებთან ურთიერთობაა“, - გვითხრეს მესაზღვრეებმა.

ზაფხულში ტანიეს ტბიდან 9 კილომეტრი უნდა იარო, რომ მთაზე ახვიდე და დარეკვა შეძლო. ყველაზე ხშირად მთაში ასვლა გია არაბულს უწევს, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე ახალგაზრდაა, თან მეკავშირე, თანაც შეყვარებული. მეგობრები ტელეფონში აკრეფილ შეტყობინებებს ატანენ, მან მხოლოდ ხელი უნდა დააჭიროს და გაუშვას. იქიდან პასუხსაც დაელოდოს და წამოვიდეს, რომ დაღამებამდე მოასწროს ბაზაში ჩამოსვლა. მთაში მყოფისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შინიდან მიღებული შეტყობინებაა.

თოვლის გამო ახლა მთაზე ასვლა შეუძლებელია. ერთი თვე საყვარელი ადამიანების ხმასაც ვერ გაიგებენ, ბარისახო კი ხაზზეა.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში