საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:12 - 15 თებერვალი 2017 hits 8907

თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრებ 66 წლის გელა სისაურსა და კვავლოში მცხოვრებ 41 წლის კარლო ქუჯაიძეს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. კარლო ქუჯაიძეს ათ დღეზე მეტია ხელის და ფეხის თითები აქვს მოყინული, გელა სისაურს კი რამდენიმე დღეა მუხლების ღრმა დაჟეჟილობა და ნაფლეთოვანი ჭრილობები აქვს. თუშეთის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, პაციენტები სტაციონარში გადაყვანას საჭიროებენ.

კარლო ქუჯაიძე კვავლოში მწყემსთან ერთად ცხოვრობს. ამ ორი ადამიანის გარდა პირიქითა თუშეთის სოფლებში ზამთარში აღარავინ რჩება.

„თელავიდან თუშეთში 3 თებერვალს ამოვედი, მესაზღვრეების ფრენა იყო. დართლოში დამსვეს. იქიდან კვავლომდე ფეხით უნდა ავსულიყავი. დიდი თოვლი იყო, ზოგან 1–1.5 მეტრს აღემატება. სახლში მისვლა რომ დავაგვიანე რამდენიმე საათით, ჩემი მეგობარი წამოვიდა მოსაძებნად და თოვლში ჩარჩენილი მნახა. სახლამდე წამიყვანა. ფეხები და ხელები მომეყინა. თითებში ახლაც არ მაქვს მგრძნობელობა. შეშუპებულიც მქონდა, ცოტა დამიცხრა. ტელეფონით ირაკლი ექიმს ველაპარაკე, სახლში რაღაც მალამოები მქონდა და ექიმმა ამიხსნა, რაც მქონდა, ის როგორ გამომეყენებინა. მაგრამ საშინელი ტკივილები მაქვს, ტკივილს ვერ ვიშორებ“, – უთხრა „მთის ამბებს“ კარლო ქუჯაიძემ.

რაც შეეხება გელა სისაურს, ის 20 წელია სოფელ ომალოში ცხოვრობს. ამავე სოფელშია თუშეთის ამბულატორიაც და იქ იმყოფება ახლა 77 წლის ირაკლი ხვედაგურიძე, ამ პერიოდში თუშეთის ერთადერთი ექიმი.

„გელა სისაურს მუხლების ღრმა დაჟეჟილობა, ნაფლერთოვანი ჭრილობები და შეშუპება აქვს. მას სასწრაფოდ სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა. რაც შეეხება კარლო ქუჯაიძეს, მისი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ტელეფონით ვიცი. თითქოს ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ საყურადღებოა. ომალოდან პირიქითა თუშეთში წასვლა რთულია. ქვემოთ, ხეობაში ძალიან მაღალი თოვლი დევს, 1.5 მეტრამდე მაინც და არვიცი, შევძლებ თუ არა გავლას. გარდა ამისა, მოყინვის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც არ მაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ხვედაგურიძემ.

თუშეთიდან ავადმყოფების სტაციონარში გადაყვანა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მათთვის აღნიშნული პრობლემის შესახებ უკვე ერთი კვირაა ცნობილია, თუმცა უამინდობის გამო ფრენა შესაძლებელი არ იყო.

„ველოდებოდით გამოამინდებას. გუშინ შეგვეხმიანა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომ ფრენა შეეძლოთ. ვესაუბრეთ თუშეთის ექიმს, რომელმაც ერთი კვირის წინ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. ექიმმა გვითხრა, რომ კარლო ქუჯაიძე თანახმა იყო საავადმყოფოში გადაყვანაზე, სისაური კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახმეტის ან თელავის სტაციონარში მოვათავსებდით. ეს შეუძლებელია, რადგან ვერტმფრენით ავადმყოფის გადაყვანა მხოლოდ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ხდება. კარლო ქუჯაიძესთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, ფრენა გადაიდო“, – განუცხადა „მთის ამბებს“ ირაკლი შიოშვილმა.

გუბერნატორის მოადგილის განცხადების შემდეგ „მთის ამბები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სისაურსა და ქუჯაიძეს. მათ ავუხსენით, რომ საავადმყოფოში ასეთ შემთხვევებში მკურნალობის ხარჯებს სრულად სახელმწიფო ანაზღაურებს. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ თუშეთში ფრენა რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ იგეგმება და ისინი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მერე, მალევე შეძლებდნენ მთაში დაბრუნებას. მათ სტაციონარში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადეს, რის შემდეგაც გუბერნატორის მოადგილეს კარლო ქუჯაიძის საკონტაქტო ინფორმაციაც მივეცით.

ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ დაუკავშირდებოდა შესაბამის სამსახურებს იმ მიზნით, რომ თუშეთში მყოფი პაციენტები საავადმყოფოში გადმოეყვანათ.

სტატიის გამოქვეყნებამდე ირაკლი შიოშვილმა „მთის ამბებს“ შეატყობინა, რომ ესაუბრა თუშეთის ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ სისაური სტაციონარში გადაყვანაზე თანახმა არ არის. მისივე თქმით, რაც შეეხება კარლო ქუჯაიძეს, 22–23 თებერვალს თუშეთში სამოქალაქო რეისია დაგეგმილი და მას შესაძლებლობა ექნება, ბარში წამოვიდეს.

„მთის ამბები“ მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და ინფორმაციას მოგაწვდით.

გიორგი სეხნიაიძე

Mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს თუშეთის ამბებს. სწავლობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში