საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სკოლა - ილტოს ხეობის იმედი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:56 - 21 დეკემბერი 2016 hits 6886

ამ ფოტოზე, სკოლის წინ რომ გადავიღეთ, ერთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელიც რომ იყვნენ, ნადუქნარის საჯარო სკოლა სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. 7 მოსწავლე და 5 მასწავლებელი - ეს არის სკოლის მთელი კოლექტივი. ნადუქნარის საბაზო სკოლა ერთადერთი სასწავლებელია მთელ ილტოს ხეობაში. ადრე აქ 50-60 მოწაფეც ჰყოლიათ.

მასწავლებლების უმეტესობა ახმეტიდან დადის, ასევე ახმეტიდან მოდის რამდენიმე მოსწავლეც, ძირითადად - მასწავლებლის შვილები. ყოველ დილას ივანე თურქიაშვილი, რომელიც დირექტორობასთან ერთად მძღოლის ფუნქციასაც ითავსებს, ცხრას ოცი წუთი რომ უკლია, გამოდის სახლიდან, მანქანით გამოუვლის მოსწავლე-მასწავლებლებს. გზად, სოფელ საბუესთან სოსო თადეშვილიც ხვდებათ.  

ხეობიდან, უფრო სწორად, სოფელ შახვეტილადან მხოლოდ ორი მოსწავლე დადის - და-ძმა მარიამ და ბაჩანა გამიაშვილები.

***

ილტოს ხეობაში რომ შედიხართ, პირველივე სოფელი ნადუქნარია, აქ ადრე ოსები ცხოვრობდნენ, რომელთა უმეტესობა წავიდა აქედან. შახვეტილაში, ჭართალასა და ზემოთ სოფლებში ძირითადად ფშავლები სახლობენ, თუმცა სულ 60-70-მდე კომლი თუ იქნება.

ადრე სკოლაც შახვეტილაში იყო. ბოლო დროს იქ ერთი მოსწავლე ჰყავდათ და საკმაოდ დაზიანებულ შენობაში მეცადინეობდნენ. ეს, დღევანდელი სკოლის შენობაც მძიმე დღეში ყოფილა. როგორც სკოლის დირექტორი ივანე თურქიშვილი გვეუბნება, მასწავლებლებმა ჯერ თავიანთი ძალებით დაიწყეს რამდენიმე ოთახის შეკეთება, შემდეგ  განათლების სამინისტროც დაეხმარათ.

სკოლის შენობა გზის პირას დგას. შვიდ კი არა, ოცჯერ შვიდ მოსწავლეს და მეტსაც დაიტევს. მაგრამ ხეობაში ბავშვები ნაკლებად არიან.    

სკოლის დირექცია უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეს, ტრადიციულად ვათანხმებთ ვიზიტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

***

პირველ სართულზე მესამე-მეოთხე კლასების კლას-კომპლექტია. ნინი მესამე კლასშია, ნატალია მეოთხეში. მარინე მასწავლებელი როცა ნინის გაკვეთილს უხსნის, ნატალია მაშინ წერით დავალებას ასრულებს, მერე როლებს ცვლიან. გოგოებს, უნდათ, თუ არ უნდათ, ერთმანეთის გაკვეთილებსაც სწავლობენ.  

ახლა შრომის გაკვეთილი ეწყებათ და საახალწლო ფიფქებს ჭრიან. მთელი სკოლა თუ არა მათი კლასი უკვე საახალწლოდ მორთულია. ფანჯრებზე ფიფქებია, გარეთაც თოვლია.

სკოლაში მხოლოდ ის კლასებია შერემონტებული, სადაც მეცადინეობენ. ასეთი სულ სამია.  

მეორე სართულზე კიდევ ერთი კლას-კომპლექტია, მეხუთე და მეექვსე კლასებიც ერთად სხედან. ეს ყველაზე ხმაურიანი კლასია, სკოლის მოსწავლეთა ნახევარზე მეტი, ოთხი ბავშვი ხომ აქ სწავლობს, თან მხოლოდ აქ არიან ბიჭები. ქეთი დღეს სკოლაში არ არის. ბაჩანას, სალომეს და სოსოს კომპიუტერის გაკვეთილი დაუმთავრდათ. რიმა მასწავლებელი გეოგრაფიასთან ერთად ამ საგანსაც ასწავლის.

დირექციასთან და მშობელთან შეთანხმებით მეცხრეკლასელ მარიამ გამიაშვილთან ვსაუბრობთ. როგორც ირკვევა, ის ჩვენი მომავალი კოლეგაა.

„ჟურნალისტობას ვაპირებ, - გვეუბნება გოგონა - ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა, ჟურნალისტები ბევრს მოგზაურობენ, ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდებიან.

ვფიქრობ, უნივერსიტეტში ჩავაბარო, მერე აუცილებლად წავალ ჯარში, იქიდან რომ დავბრუნდები, ჩემი პროფესიით დავიწყებ მუშაობას. რა მინდა ჯარში? ჟურნალისტობა რისკიანი პროფესიაა, ჟურნალისტს თავის დაცვაც უნდა შეეძლოს. თუ მომზადებული ვიქნები, მეტი შესაძლებლობა მექნება.

სად წარმომიდგენია თავი? იქნებ სამხედრო ჟურნალისტიკაშიც ვიმუშავო. ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ რომელიმე ტელევიზიაში ვიქნები, ან საქართველოში ან სადმე უცხოეთში“.

სანამ ჟურნალისტი გახდება და სამხედრო რეპორტაჟებს მოამზადებს, მარიამს მის სოფელზე და ილტოს ხეობაზე ვესაუბრებით.

სოფელზე რა შემიძლია გითხრათ? ახლა შახვეტილაში ვცხოვრობთ, ჩემი სახლი შორს არ არის. ადრე ახმატაში დავდიოდი სკოლაში, მეექვსე კლასიდან აქეთ ვართ. აქ ცხოვრება უფრო მომწონს, უფრო თავისუფლად ვარ.  

ილტოს ხეობაში ბევრი ხალხი არ ცხოვრობს. უმეტესობა სოფლის მეურნეობას, მესაქონლეობას მისდევს.

აქაურები ძალიან თბილი ხალხია. ბავშვები ბევრნი არ არიან. ჩემხელები ახმეტაში დადიან სკოლაში“.

მარიამ, როგორც ვხედავ, ინდივიდუალური გაკვეთილები გაქვს. ხდება ხოლმე ისე,  გაკვეთილი რომ არ იცი? - ვეკითხები

- ხანდახან ასეც ხდება, მაგრამ მაინც ვახერხებ რაღაცას“, - იღიმის გოგონა.

ლეილა უძილაური სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ახმეტაში კი ცხოვრობენ, მაგრამ შვილიც აქ, თავის სკოლაში დაჰყავს.

„ადრე აქ დედაჩემი იყო მასწავლებელი, მეც ახმეტიდან გადმოვედი, ოთხი-ხუთი წელი აქ ვცხოვრობდით და ცხრა კლასი აქ დავამთავრე. გამორჩეული სკოლა გვქონდა. მაშინ ის დრო იყო, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს სამუშაოდ სოფლებში რომ აგზავნიდნენ. ჩვენს სკოლაშიც რამდენიმე ახალგაზრდა მასწავლებელი იყო ჩამოსული. ყველა საგანში საკმაოდ ძლიერი პედაგოგი გვყავდა. ისინი სკოლის გვერდით, მასწავლებლის სახლში ცხოვრობდნენ. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ ისევ ახმეტაში გადავედი და მახსოვს, სხვა ბავშვებთან შედარებით გაცილებით უკეთ ვიყავი მომზადებული. დღესაც ჩემს შვილს სხვა ალტერნატივა კი აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქ უფრო კარგ განათლებას მივცემთ“.

ლეილა უძილაურის თქმით, ამ ხეობაში სკოლის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სკოლა ხომ ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც სოფელში დარჩენილ ადამიანებს მომავლის იმედს უნარჩუნებს.

„სოფელში რამდენიმე ახალგაზრდა ოჯახია, სკოლა რომ არა, ისინიც აიყრებოდნენ. ერთი ოჯახი მესამე შვილს ელის და არსად წასვლას არ აპირებენ. მომავალ წელს პირველ კლასში ორი ბავშვი გვეყოლება“, - გვეუბნება ლეილა უძილაური.  

ვემშვიდობებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ზემოთ სოფლებში ვაპირებთ ასვლას.  

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში