საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ძალადობის წახალისებაა შსს ბოდიშის მოხდევინების ფაქტს რომ არ იძიებს - დავით ზურაბიშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:28 - 10 დეკემბერი 2016 hits 4875

"როცა სახელმწიფო არ აღძრავს საქმეს, არ იბარებს დაკითხვაზე იმ ხალხს ვინც ბოდიშს ახდევინებს ადამიანს მის მიერ გადაღებული ფოტოს პეიზაჟური ფონის გამო, ეს უბრალოდ უტვინობა კი არ არის, არამედ ძალადობის პირდაპირი წახალისებაა", - ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სვანეთში გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი შიშველი მამაკაცისთვის ბოდიშის მოხდევინების ფაქტს.

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავისზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე. ასევე, ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა შეაფასოს ეს ფოტო: ან მოიწონოს,ან დაიწუნოს, ან დაიწუწუნოს, ან გაიცინოს ან სულაც აღშფოთდეს და შეშფოთდეს, გადაგვარების გზაზეა ქართველობაო. ფოტოს გამოფენა თუ იმის ნებაა, ჩვენი ნებაა მისი შეფასება.

მაგრამ სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უფლება კი არა და მოვალეობაა დაუყონებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, როდესაც ჩნდება ვიდეო, სადაც ორი ჯეელი ბოდიშს ახდევინებს ადამიანს მის მიერ გადაღებული ფოტოს პეიზაჟური ფონის გამო. აქაოდა სიწმინდეების შეურაცხყოფა აწი არავის ეპატიება და თუ ვინმე მსგავს უმსგავსობას გაიმეორებს, მას სხვანაირად დაველაპარაკებითო, რადგან წინაპართა ადათ-წესები კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. ამ დროს საქმის აღძვრას დაზარალებულის არანაირი ჩივილი არ სჭირდება, მითუმეტეს როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფოტოს გადამღები ახალგაზრდა დაშინებული და დაშანტაჟებულია.

და როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს, არ აღძრავს საქმეს, არ იბარებს დაკითხვაზე იმ ხალხს და საერთოდ არანაირად არ რეაგირებს, ეს უბრალოდ უტვინობა კი არ არის (თუმცა, არც უმაგისობაა), არამედ ძალადობის პირდაპირი წახალისება.

ამით სახელმწიფო ეუბნება მოძალადეებს, თუ ისე დააშინებთ ვინმეს, რომ ის არ იჩივლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო. მთავარია დაშინება ეროვნული სიწმინდის დაცვის ეგიდით მოხდეს", - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ფეისბუქში რამდენიმე დღის წინ ფოტო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სვანური კოშკების ფონზე შიშველია გადაღებული. რამდენიმე დღეში ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს. მობოდიშების ამსახველი ვიდეომასალა მესტიის რაგბის კლუბის მწვრთნელმა ირაკლი ნარსავიძემ გაავრცელა.

"ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ ესეთი რაღაცეები სვანეთში კი არა, ზოგადად ქართულ მიწაზე და კავკასიის რეგიონში ესეთი რაღაცეები არ ხდება. ეს არის არაკორექტული საქციელი და არანაირი ბრჭყალებში „თანამედროვე“ ჩარჩოები და ესენი ჩვენთვის არაფერი არ არის და ყველა კანონზე და ყველა კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათ-წესები და ჩვენი ტრადიციები. ასე, რომ ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც ესეთ ადგილას ჩადიან, თუნდაც საქართველოში ჩამოდიან, ყველამ უნდა იცოდეს ქცევის ეტიკეტები, ჩარჩოები და ა.შ. მსგავსი საქციელები აკონტროლეთ, რომ შემდეგში აღარ მოხდეს“, –ამბობს ირაკლი ნარსავიძე.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ფოტოზე აღბეჭდილმა პირმა ბოდიში მუქარის შედეგად მოიხადა, მუქარა კი სისხლის სამართლის კანონით დასჯადი დანაშაულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან პოლიციისთვის არავის მიუმართავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში