საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთში გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილ შიშველ მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:26 - 09 დეკემბერი 2016 hits 27378

„ყველა კანონზე და ყველა კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათ-წესები და ჩვენი ტრადიციები“, – ფეისბუქში რამდენიმე დღის წინ ფოტო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სვანური კოშკების ფონზე შიშველია გადაღებული. რამდენიმე დღეში ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს.

ფოტო სვანეთში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სასტუმროში, სვანური კოშკების ფონზეა გადაღებული.

დღეს ფეისბუქში ვიდეო გავრცელდა, სადაც ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ბოდიშს იხდის.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ირაკლი ნარსავიძე აქვეყნებს. ნარსავიძე წერს: „ეს ის ადამიანია, რომელმაც სოციალურ ქსელში სვანეთის ფონზე შიშველი ფოტო დადო. ყველამ გაითვალისწინეთ ამის შემდეგ, რომ ასეთი საქციელი აღარ განმეორდეს. თუარადა ასე ლაპარაკით შემდეგში აღარ შემოვიფარგლებით. გააზიარეთ ვიდეო, რომ ყველამ ნახოს“.

ვიდეოში ნარსავიძე ამბობს: „სურათია, რომელიც რაღაც არაეტიკეტურ და არაკულტურულ რაღაც ჩარჩოებში იყო, კულტურულ რაღაცეებს გაცდენილი იყო. ვნახეთ ეს ადამიანი და რა ვიცი, ველაპარაკეთ და  მოკლედ გეტყვით ეხლა სათქმელს. ყველაფერი გაიგო ცივილიზებულად და ადამიანურად.

მოკლედ, ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ ესეთი რაღაცეები სვანეთში კი არა, ზოგადად ქართულ მიწაზე და კავკასიის რეგიონში ესეთი რაღაცეები არ ხდება. ეს არის არაკორექტული საქციელი და  არანაირი ბრჭყალებში „თანამედროვე“ ჩარჩოები და ესენი ჩვენთვის არაფერი არ არის და ყველა კანონზე და ყველა კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათ-წესები და ჩვენი ტრადიციები. ასე, რომ ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც ესეთ ადგილას ჩადიან, თუნდაც საქართველოში ჩამოდიან, ყველამ უნდა იცოდეს ქცევის ეტიკეტები, ჩარჩოები და ა.შ. მსგავსი საქციელები აკონტროლეთ, რომ შემდეგში აღარ მოხდეს“, – ამბობს ნარსავიძე.

ფოტოზე აღბეჭდილი ახლაგაზრდა მამაკაცი ამბობს: „ერთმანეთს გავუგეთ და ველაპარაკეთ. ყველას დიდი ბოდიში, ვისაც ეწყინა და შეურაცხყოფა მივაყენე მაგ სურათით, კერძოდ სვანებს და სვანეთს. იმიტომ რომ ძაან მიყვარს ეს კუთხე და 4 წელია უკვე ჩავდივარ, ანუ ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია“.

ირაკლი ნარსავიძე მესტიაში ცხოვრობს და მესტიის რაგბის კლუბში მწვრთნელად მუშაობს. მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მესტიის პოლიციის სამმართველოსთვის შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით განცხადებით არავის მიუმართავს.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ფოტოზე აღბეჭდილმა პირმა ბოდიში მუქარის შედეგად მოიხადა, თუმცა მათივე თქმით, გავრცელებულ ვიდეომასალაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები პირდაპირ არ ჩანს.

მუქარა სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით დასჯადი დანაშაულია. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში