საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტრისტან არაბული ბარისახოდან – მთას ბარიდან აღარავინ დაუბრუნდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:24 - 05 დეკემბერი 2016 hits 8842

55 წლის ტრისტან არაბული თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით ბარისახოში ცხოვრობს და იქვე, ბარისახოს საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მთელი მისი ცხოვრება ხევსურეთს, ამ სოფელსა და ამ სკოლას უკავშირდება: იყო მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი... დღეს აქ ძირითადად მისი ნამოწაფრები მუშაობენ. ტრისტანს სულ რამდენიმე წელი ახსენდება, როცა დილას სკოლისკენ მიმავალ აღმართს არ მიუყვებოდა: მაშინ, უნივერსიტეტში რომ სწავლობდა და მეორედ - რამდენიმე წლით შუაფხოს სკოლაში რომ გადავიდა სამუშაოდ.

„სკოლა ის ადგილია, ერთხელ თუ დაავადდი მისით, მერე სხვაგან ვეღარ წახვალ, ბავშვების სიყვარულითაც თუ მოიწამლე, ვეღარ განიკურნები“, - ამბობს ტრისტან მასწავლებელი.

ის ბარისახოს თემის სოფელ მოწმაოში დაიბადა და სხვა ხევსური მოზარდებივით იზრდებოდა: „ბავშვობა ისეთი მქონდა, როგორც ყველა სხვა აქაურ ბავშვს, ვშრომობდით, არაფერი უცხო არ იყო ჩვენთვის: ხვნა. თესვა, მკა თიბვა.

ბარისახოში დავამთავრე სკოლა, რომელიც მაშინ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო: 300-350 ბავშვი მაინც სწავლობდა. ახლა 64-65 მოსწავლე გვყავს. შეიძლება მთის სხვა სკოლებში გაცილებით ნაკლებია ბავშვი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელ ხევსურეთში ორად ორი სკოლაა: ერთი შატილში და მეორე - აქ. შატილში ათი აღსაზრდელიც აღარ ჰყავთ, ჩვენთანაც, ბარისახოს სკოლაში, რომელიც მთელ პირაქეთა ხევსურეთს ემსახურება, მხოლოდ 65 მოსწავლეა“.

სკოლის მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987 წელს ისევ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა:

„დავბრუნდი: ეს გრძელი ამბავია, ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფაკულტეტის დეკანმა განაწილებისას ჩვენც გვკითხა აზრი, სად წავიდოდით და „ხევსურეთიდან წამოვედი და ისევ ხევსურეთში დავბრუნდები-მეთქი“, - ვუპასუხე. წამოვედი, დავრჩი და დავრჩი აქ. სკოლას რომ მიეჩვევა კაცი, მერე ვეღარსად წავა.

მე აქაური ვარ და რა გასაკვირია, აქ რომ ვიყო, მაგრამ ახლა ჩვენს სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით წამოსული მასწავლებლებიც არიან. ისინი ნამდვილი გმირები არიან, ამ სიცივეში, ამ რთულ ზამთარში რჩებიან ჩვენთან, ჩვენს ტკივილსა და სიხარულს იზიარებენ.

ახლა რომ თოვს, შეიძლება ერთი თვე აღარ გამოიდაროს და ეს ადამიანები იქნებ მთელი თვეც ვერ წავიდნენ შინ, მათი შრომა უდავოდ დასაფასებელია, რადგან ბევრი ხევსურიც აღარ რჩება აქ“.

რთულია მთის ყოფა და ეს ტრისტანზე უკეთ ვინ იცის? ყველაზე უკეთ კიდევ მაშინ გამოსცადა, როცა შუაფხოს სკოლაში მუშაობდა. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, პირველ ყოვლისა, თავად მისთვის, რადგან ყოველდღე 24 კილომეტრზე მეტი მაინც უნდა გაევლო ფეხით სკოლისკენ და უკან. აბა გაკვეთილს ხომ არ გააცდენდა?! იშვიათად თუ დაემგზავრებოდა რომელიმე მანქანას...

რთულია ხევსურეთში ცხოვრება, ამიტომ მიდიან აქაურები ბარისკენ, ახალგაზრდები ნაკლებად რჩებიან მთაში.

„სხვებზე რა ვთქვა, როცა მე თავად ხუთი შვილის მამა ვარ და ჩემი შვილებიდან ორი იქით არის, ბარში. უფროსი ვაჟი ცოლ-შვილით თბილისში ცხოვრობს, მესამე შვილიც სტუდენტია და თბილისშია. მეორე ვაჟი ჯერჯერობით აქ არის, მესაზღვრედ მუშაობს, მაგრამ ვხედავ, თვალი ქალაქისკენ უჭირავს, რა ვაკეთოო აქ, სულ იმას ამბობს... ნაბოლარა გოგოები პატარები არიან, ერთი სკოლაშია, მესამე კლასში, სულ პატარა კი ჯერ ბაღში დადის.... უმცროსი შვილი და შვილიშვილი თითქმის ტოლები არიან...

მე კი მინდა ყველა აქ მყავდეს, ჩემს ფრთებქვეშ, მაგრამ ვგრძნობ, მერე ესენიც წავლენ. ეს შეუქცევადი პროცესია... დაბრუნდება ჩემი უფროსი შვილიც? არ დაბრუნდება... რთულია ამის აღიარება, მაგრამ ეგრეა...

აქ რომ იმუშაოს იმის მესამედი ხელფასიც არ ექნება, რაც ახლა თბილისში აქვს... ყველა უკეთეს პირობებს და უკეთეს ცხოვრებას ეძებს.

55 წლისა ვარ და ამ დროში ორი ოჯახი მინახავს მხოლოდ ბარიდან დაბრუნებული, მეორეც ახლა ბრუნდება გორიდან. ვიღაც წამოსულა, ცოტა ხანს დამკვირდებულა, ხელი მოუთბია, მაგრამ ისევ უკან დაბრუნებულა. ახლაც ამ ოჯახს ვთავაზობ, ჩემს ოჯახში იყვნენ ცოტა ხნით, დიდი სახლი არ მაქვს, ბევრნი ვართ: დედა, მეუღლე, შვილები, მაგრამ დავეტევით. ვინც მოდის, ჩემი კოლეგაა და მზად ვარ საათებიც დავუთმო, მთავარია წამოვიდნენ, - ამბობს ტრისტან მასწავლებელი - კარგია, მთის კანონი რომ მიიღეს, მაგრამ პირველ ყოვლისა, იმ ოჯახებს უნდა მივხედოთ, ვინც აქ არიან, მათ უნდა შევუქმნათ პირობები, რომ არ წავიდნენ. თორემ მთას ბარიდან აღარავინ დაუბრუნდება. ჩემებურად გითხრათ? ღვინის გემო რომ გაიგო ხევსურმა, ის ჟიპიტაურს აღარ დალევს“.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში