საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:15 - 26 იანვარი 2022 hits 4773

ონლაინგამოცემა Calvert Journal აქვეყნებს სტატიას ტრანსკავკასიურ ბილიკზე, პროექტზე, რომელიც სამ ქვეყანას მოიცავს. ჟურნალი 2013 წელს ლონდონში დაფუძნდა და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თემატიკას აშუქებს. „მთის ამბები“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

ტრანსკავკასიურ ბილიკს საფუძვლად მარტივი იდეა დაედო. მისი დასრულების შემდეგ, მივიღებთ გრძელი დისტანციის ორ ბილიკს, რომელთა გავლით სამხრეთ კავკასიის თვალწარმტაც ხედებსა და მრავალფეროვან დასახლებებს გავივლით, გზად კი თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ვაკეებსა და უძველეს ტყეებს შევხვდებით.

ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT), უპირველეს ყოვლისა, რეგიონს ადგილობრივი და უცხოელი მოგზაურებისთვის გახსნის. პროექტი სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად. ბილიკი ემსახურება ურთიერთობების დალაგებას ტერიტორიაზე, რომელიც მკაცრი საზღვრებით, გაყინული კონფლიქტებით, პოლიტიკური დაპირისპირებებითა და ძალადობის პერიოდული გამოვლინებებითაა ცნობილი.

სამხრეთ კავკასიის ყველაზე აქტიური კონფლიქტური ზონა მთიანი ყარაბაღია. 2020 წელს, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბრძოლო მდგომარეობა განაახლეს, პროექტი შეჩერდა.

„მუშაობა უნდა შეგვეწყვიტა, სასწორზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ იდო, ჩვენს თანამშრომლებს ძალიან ბევრის გადატანა მოუწიათ“, - იხსენებს მეგან ნილი, Transcaucasian Trail Association-ის თანადამფუძნებელი, - „პროექტი ისე შეწყდა, რომ არც კი ვიცოდით გაგრძელებას როდის შევძლებდით“.

2020 წლის ნოემბერში ცეცხლი შეწყდა და სამუშაოები განახლდა. 44 დღიანი ომი, რომელმაც ბევრი ადამიანი შეიწირა, აღმოჩნდა გაფრთხილება, თუ რა სწრაფად შეუძლია პოლიტიკურ და სამხედრო გადაწყვეტილებებს მდგომარეობის შეცვლა. ორგანიზატორებმა იციან, შესაძლოა მარშრუტის ცვლილება, ან მცირე ბილიკების გადაკეთება მოუწიოთ, თუმცა ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ დაძაბულმა სიტუაციამ მთლიანად იდეას არ შეუქმნას საფრთხე. პროექტის განხორციელებისთვის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია.

ბილიკის იდეა ამერიკელ პოლ სტივენსსა და ბრიტანელ ტომ ალენს 2015 წელს გაუჩნდათ. 1500 კილომეტრიანი ორი ბილიკი ასცდება რეგიონის ძირითადი გაყინული კონფლიქტის ტერიტორიებს - აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბახს. მოგზაურებს, თითოეული მიმართულებით, მხოლოდ ერთი ეროვნული საზღვრის გადაკვეთა მოუწევთ.

პირველი ბილიკი შავი ზღვის პირას, ქალაქ ანაკლიასთან იწყება და სვანეთის მთებს გადაკვეთს. საქართველოს ცენტრალური მონაკვეთისა და სომხეთის გავლით, გზა ირანის საზღვართან, ქალაქ მეღრისთან მთავრდება. მეორე ბილიკი კავკასიონის ქედის გასწვრივ შავ და კასპიის ზღვებს დააკავშირებს.

პროექტის დეცენტრალიზებისთვის სამივე ქვეყანაში ადგილობრივი ორგანიზაცია შეიქმნა. საქართველოსა და სომხეთში აქცენტი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა ჯგუფს შორის თანამშრომლობაზე გაკეთდა. აზერბაიჯანში სამუშაოები მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და უკვე ჩანს, რომ სახელმწიფოს წილი უფრო დიდი იქნება.

„[სომხეთის გუნდთან] მუშაობას დიდი ინტერესით ველი, რადგან ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრის გაზიარება შეგვიძლია“, - ამბობს ნაზრინ გარიბოვა, პროექტის მენეჯერი აზერბაიჯანში. TCT ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის ტურიზმის დეპარტამენტმა დააფინანსა.

„ჩვენ საზიარო მთები გვაქვს, საზიარო კულტურული მახასიათებლები; ჩვენს შორის საერთო უფრო მეტია, ვიდრე განმასხვავებელი. პოლიტიკურ ნიუანსებს ვერ გავექცევით, თუმცა ეს მთავარი არ არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ვცდილობთ ყველასთვის სასარგებლო საერთაშორისო პროექტი შევქმნათ“.

სომხეთში სამუშაოები უკვე ხუთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. 827 კილომეტრიანი ჩრდილოეთ-სამხრეთის გზა დეკემბერში გაიხსნა. ორგანიზატორები უკვე ელოდებიან პირველ მოგზაურებს, რაც დაინტერესების ზრდას და ინფრასტრუქტურის განვითარებას გამოიწვევს.

ტომ ალენმა, TCT-ს თანადამფუძნებელმა სომხური ნაწილისთვის 5-6 ათას კილომეტრიანი ზოლი შეისწავლა. ამისთვის მან Google Earth და დღემდე გასაიდუმლოებული საბჭოთა სამხედრო რუკები გამოიყენა. საბოლოო ვერსიით, გზა ირანის საზღვართან, არაქსის ველიდან იწყება და არპის ეროვნულ პარკთან სრულდება. ყველაზე შორეული მონაკვეთი გეღამის ქედზე გადის. წითელი პემზითა და კლდეებით დაფარული ველი, რომელიც მთვარის ზედაპირს მოგვაგონებს, უკაცრიელია, თუ არ ჩავთვლით მომთაბარე მწყემსებს, რომლებიც იქ ზაფხულის თვეებს ატარებენ.

„სომხეთში ჰაიკინგი და ლაშქრობა ძალიან პოპულარული გახდა“, - ამბობს აშხენ მესროპიანი, ადგილობრივი ორგანიზაცის Trails for Change-ის მენეჯერი. 2020 წლის ომმა მათაც აიძულა მთიან ყარაბაღში მუშაობა შეეწყვიტათ. მესროპიანის მშობლიური ქალაქი ჰადრუთი საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. მას სახლში დაბრუნება არ შეუძლია. არაა გასაკვირი, რომ აშხენი ბილიკის დახმარებით ურთიერთობების გაუმჯოებესების იდეას სკეპტიკურად უყურებს.

„არა მგონია, რომ ბილიკებს ურთიერთობების დათბობა შეუძლიათ. ცვლილებების მჯერა, მაგრამ მხოლოდ ქვეყნების საზღვრებს შიგნით“.

„ბილიკი მხოლოდ მაშინ შედგება, თუ ჩვენი პერსპექტივა გასცდება ამ ქვეყნების, ან უკეთეს შემთხვევაში, მთელი კავკასიის რეგიონის საზღვრებს“, - ტომ ალენს სჯერა, რომ მისი და სხვა უცხოელების ხედვა პროექტის წარმატების საწინდარი გახდება.

ტრანსკავკასიური ბილიკის გახსნამდე აღწერის, რუკების შექმნისა და დაკვალვის მრავალი წელია დარჩენილი. დასრულების შემდეგაც, ორივე ბილიკს მუდმივი ზრუნვა დასჭირდება. ცხადია, ამ პერიოდში, რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვლება. მეგან ნილი, Transcaucasian Trail Association-ის თანადამფუძნებელი ფიქრობს, რომ ბილიკი სამხრეთ კავკასიის დერეფნის ფუნქციასაც შეასრულებს.

„რასაკვირველია ომი საშინელებაა, თუმცა მან გვაიძულა გაგვეცნობიერებინა, რომ დიალოგი აუცილებელია, რათა პრობლემების მოგვარების განსხვავებული, უფრო შემოქმედებითი მეთოდები მოვიფიქროთ“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში